გელით facebook–ზე

10.02.2015

თანკა – ბუდისტური ფერწერა

თანკა (thangka) არის რელიგიური ხასიათის ტრადიციული ფერწერა, რომელიც ბუდისტურ ტიბეტში იღებს სათავეს. ჩვეულებრივ, ტიბეტური თანკას თემაა ბუდას, ღვთაების ან ბოდჰისატვების, წმინდა სიმბოლოების გამოსახულებები, მათ შორის იანტრები და მანდალებიც, ანუ არსობრივად თანკა ბუდისტური ხატია, და ამ სახით გამოიყენება ტაძრებში და მონასტრებში, ასევე რიგითი ადამიანების სახლებშიც.

ტიბეტურად „თან“ ბრტყელს ნიშნავს და სუფიქსი „კა“ ფერწერის ან გამოსახულების აღმნიშვნელია. შესაბამისად, თანკა წარმოადგენს ნახატს, რომელიც ბრტყელ ზედაპირზე, ქსოვილზეა შესრულებული და რომლის დაკეცვაც არის შესაძლებელი. ევროპული ფერწერული ტილოებისა და ხატების მსგავსად თანკასაც აქვს ჩარჩო და მოჭედილობა, მაგრამ ჩვენთვის ჩვეული მყარი ფორმების ნაცვლად მოჭედილობა მზადდება ფარჩისაგან, ხოლო მოჭედილობის ზედა და ქვედა ნაწილებზე მაგრდება ხის ძელაკები, ზედა ძელაკზე განთავსებულია საკიდი კედელზე დასაკიდად და შენახვისა და ტრანსპორტირებისას თანკას ახვევენ სწორედ ზედა ძელაკის გარშემო.

ჩვეულებრივ თანკები იყოფა ორ კატეგორიად: საღებავებით შესრულებული ფერწერული (ბრის–თანი) და ამოქარგული ან ნაქსოვი (გოს–თანი). თანკების უმეტესი ნაწილი მაინც ფერწერულია და რა თქმა უნდა, ხელითაა შესრულებული, ამასთან, როგორც ნამდვილი ოსტატები ამბობენ, ყველაზე უბრალო თანკას დახატვას, როგორც მინიმუმ, 2 კვირა სჭირდება. რთული სიუჟეტის თანკებს მხოლოდ გამოცდილი ოსტატები ქმნიან და ასეთი ნამუშევრის შექმნას 6 თვიდან 2 წლამდე დრო სჭირდება. ამოქარგული თანკები მაინც იშვიათობაა და მათ ბერები ქმნიან მონასტრებისთვის, ან ბუდისტები თავიანთთვის ან მონასტრისთვის შესაწირად, ასე, რომ ნაქარი თანკების ყიდვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ნაქსოვი ნახატებით შესრულებული თანკები კი პოპულარულია, რადგან მათ ფაბრიკული წესით ამზადებენ და მისი წარმოება იაფი ჯდება.

ტრადიციულად თანკები ბამბის ტილოზე იხატება ნატურალური საღებავი პიგმენტებით, მინერალებით და ორგანული საღებავებით. მისი დამზადების პროცესი არა მარტო ხანგრძლივია, არამედ დიდ გულისხმევას მოითხოვს.






ბუდისტური ფერწერის ნამუშევრებზე ფერებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომლებიც არა მარტო საერთო ტონს ქმინან, არამედ თანკის ენერგეტიკულ საფუძველსაც წარმოადგენენ და სიუჟეტის კომპოზიციას ამყარებენ. თანკებზე გამოყენებული ხუთი ძირითადი ფერია: თეთრი, ყვითელი, წითელი, შავი და მწვანე, რომლებიც სხვადასხვა დატვირთვას ატარებენ. შავი ფერი მკვლელობას და ბრაზს გამოხატავს, თეთრი სიმშვიდეს და სიწყნარეს აღნიშნავს, ყვითელი საღებავები მკვებავის დანიშნულებას ატარებენ, წითელი მორჩილებას გამოხატავს და მწვანე კი პრაქტიკას აჩვენებს.

ამის მიუხედავად, თანკის მხატვრების პალიტრა ფერებისა და შეფერილობების უზარმაზარ მრავალფეროვნებას მოიცავს, რომლებიც ეფუძნებიან არა ფერთა სილამაზეს და მშვენებას, არამედ გადმოსცემენ ფერის ფილოსოფიურ გააზრებას. თანკის ფერები 7 მამობრივ ფერად და ერთ დედობრივ ფერად იყოფა. შვიდი მამობრივი ფერია: ლურჯი, მწვანე, მკვეთრი წითელი, ფორთოხლისფერი, შინდისფერი და ყვითელი. დედობრივი ფერი თეთრია, რომელიც ადვილად ეხამება ყველა ფერსა და შეფერილობას და მათ სინაზეს ანიჭებს.

ნებისმიერი მსხვილი პროექტისთვის მხატვარი ჯერ ახდენს ფერთა საბოლოო სქემის ვიზუალიზაციას და ესკიზზე მონიშვნებს აკეთებს. ფერის გამოყენებისას მხატვარი ტილოს შორეული ნაწილებიდან იწყებს მუშაობას, რათა სხვადასხვა ნაწილების ჰარმონიული შერწყმა მოხდეს და ერთმანეთისგან მოშორებულ ნაწილებს შორის ფერთა დისონანსს არ ჰქონდეს ადგილი.

საბოლოო ეტაპზე ოსტატი ხატავს სახის ნაკვთებს და გამოჰყავს თვალები. შემდეგ კი „თვალების გასახსნელად“ არჩევს სასვსემთვარიანობის ხელსაყრელ დღეს და ტარდება კურთხევის ცერემონიალი. მხოლოდ „გაცოცხლების“ ამ რიტუალის შემდეგ შეუძლია მხატვარს თვალების დასრულება – თვალის გუგას არბილებენ ფორთოხლისფერითა და წითელი ფერებით თვალის კუთხეებში, ქუთუთოების ბოლოები დამუქებულია, თვალების არეში ამატებენ ოქროსფერ ბრჭყვიალას.

რამდენიმეთვიანი დაძაბული შრომის შემდეგ მხატვარს შეუძლია თავისუფლად ამოისუნთქოს – თანკა დასრულებულია – მასზე გამოხატული ღვთაება გაცოცხლებულია.

ტიბეტელი მხატვრების უმეტესობა თავიანთ ტილოზე ხელმოწერას არ ტოვებს. შექმნის ყოველი აქტი ღვთაებრივად ითვლება, ხოლო მხატვარი უბრალოდ ინსტრუმენტია ღვთაების ხელში და ამიტომ მის პირად იდენტობას მნიშვნელობა არ ენიჭება. საკუთარი ხელმოწერის დატანა ეგოიზმის გამოხატულებად ითვლება.


ბოლოს თანკა მაგრდება შემოჭედილობაზე, რომელიც ჩინური აბრეშუმისგან და ფარჩისგან მზადდება და თანკაც მზად არის ტაძრის სამსხვერპლოსთან განსათავსებელად ან ბუდისტური ხელოვნების თაყვანისმცემლის სახლის დასამშვენებლად.







Комментариев нет: