თანკა (thangka)
არის რელიგიური ხასიათის ტრადიციული ფერწერა, რომელიც ბუდისტურ ტიბეტში იღებს სათავეს.
ჩვეულებრივ, ტიბეტური თანკას თემაა ბუდას, ღვთაების ან ბოდჰისატვების, წმინდა სიმბოლოების
გამოსახულებები, მათ შორის იანტრები და მანდალებიც, ანუ არსობრივად თანკა ბუდისტური
ხატია, და ამ სახით გამოიყენება ტაძრებში და მონასტრებში, ასევე რიგითი ადამიანების
სახლებშიც.
ტიბეტურად „თან“
ბრტყელს ნიშნავს და სუფიქსი „კა“ ფერწერის ან გამოსახულების აღმნიშვნელია. შესაბამისად,
თანკა წარმოადგენს ნახატს, რომელიც ბრტყელ ზედაპირზე, ქსოვილზეა შესრულებული და რომლის
დაკეცვაც არის შესაძლებელი. ევროპული ფერწერული ტილოებისა და ხატების მსგავსად თანკასაც
აქვს ჩარჩო და მოჭედილობა, მაგრამ ჩვენთვის ჩვეული მყარი ფორმების ნაცვლად მოჭედილობა
მზადდება ფარჩისაგან, ხოლო მოჭედილობის ზედა და ქვედა ნაწილებზე მაგრდება ხის ძელაკები,
ზედა ძელაკზე განთავსებულია საკიდი კედელზე დასაკიდად და შენახვისა და ტრანსპორტირებისას
თანკას ახვევენ სწორედ ზედა ძელაკის გარშემო.