გელით facebook–ზე

23.05.2016

ჰემა მალინი ქართველ თაყვანისმცემლებს შეხვდა

ბოლივუდის ნამდვილი ვარსკვლავი, რომელიც კარგადაა ნაცნობი ინდური კინოს მოყვარულთა უფროსი თაობებისთვის, 20-21 მაისს თბილისს ეწვია. როგორც პოლიტიკოსს და საზოგადოებრივ მოღვაწეს, საქართველოს დედაქალაქში ორი დღის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, თუმცა ოფიციალური შეხვედრების გარდა ბევრ სხვა ღონისძიებაზე დასწრებაც მოახერხა, მათ შორის ქართველ თაყვანისმცემლებსაც არ დაწყვიტა გული.

კინოთეატრ ამირანის ფოიეში შეკრებილი რამდენიმე ათეული თაყვანისმცემელი მოუთმენლად ელოდა ბავშვობიდან კარგად ნაცნობი და საყვარელი მსახიობის გამოჩენას, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან დაიპყრო ინდური კინოს მაყურებელთა გულები. ვერავინ შემედავება, რომ ბოლივუდის გასული საუკუნის ბოლო რამდენიმე ათწლეულის ქალ მსახიობთა შორის ჰემა მალინიზე მეტად ცნობილი და პოპულარული სხვა რომელიმე მსახიობია. შესაბამისად, თაყვანისმცემლებშიც მღელვარება წუთი წუთზე მატულობდა, ნანატრი კუმირის შემოსვლის დროის მოახლოებასთან ერთად.


ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ ინდურ ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი პატარა  გოგონები ანსამბლ „ინდრადან“, რომელთაც ინდური კლასიკური და თანამედროვე ცეკვების ოსტატი თამრიკო კურდღელია ხელმძღვანელობს. გოგონები, რომელთაც ალბათ უფრო ბებიების და დედებისგან სმენიათ ბევრი „ზიტა და გიტას“ შესახებ, ისეთივე შფოთვით ელოდნენ ვარსკვლავს, როგორც დანარჩენი უფროსი დეიდები და ბიძიები.


კინოთეატრის ფოიეში ჰემა მალინის შემოსვლისთანავე მასპინძლებმა აპლოდისმენტების ზღვა დააყარეს მსახიობს, ყვავილები მიართვეს და მადლიერებას გამოხატავდნენ იმ პატივისთვის, რაც მათ ერგოთ წილად ასეთ დიდ მსახიობთან შეხვედრით. თუ ვინმე ჩათვლის, რომ ეს არც თუ ისე განსაკუთრებული მოვლენა იყო, შევახსენებ, რომ მარტო ინდოეთში ასეულობით მილიონი, თუ არა მილიარდზე მეტი ადამიანი, მეზობელი ასევე მრავალრიცხოვანი ქვეყნებიდან დამატებული ასევე ასეულობით მილიონი ადამიანი, რომ აღარაფერი ვთქვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე, ალბათ ვერასდროს მოესწრებიან მასთან ასე პირისპირ შეხვედრას. თაყვანისმცემლებთან შეხვედრა 6 საათით ადრე დაანონსდა, პირადად მე ამ დროის განმავლობაში ხაშურიდან ჩამოსვლა, სამსახურში მისვლა და მუშაობა, და მსახიობთან შესახვედრად მომზადება თავისუფლად მოვასწარი.

„ინდრას“ ბავშვებმა თავიანთ ხელმძღვანელთან ერთად რამდენიმე ცეკვა შეუსრულეს სტუმარს, რომელსაც გულწრფელად ეღიმებოდა სიამოვნებისგან და ტაშით აჯილდოებდა პატარა მოცეკვავეებს. ვის, თუ არა მას, როგორც ინდური კლასიკური ცეკვის სკოლის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, კარგად ესმის, რამხელა შრომაა ჩადებული ამ გოგონების მიერ შესრულებულ ცეკვაში. როგორც ყური მოვკარი, პატარები ჰემა მალინიმ ინდოეთშიც დაპატიჟა.



ავტოგრაფების დარიგებისა და თაყვანისმცემლებთან გასაუბრების შემდეგ ჰემა მალინი ქართველ ფანებს გამოემშვიდობა და გახარებული და აღფრთოვანებული მასპინძლები ამაღლებულ ხასიათზე დატოვა. შეკრებილმა საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა ამ შეხვედრის ორგანიზატორს, ქართველ კინოპროდიუსერსა და ინდოლოგს დავით ბეჟიტაშვილს, რომელმაც მოახერხა და დატვირთული განრიგის მიუხედავად, მსახიობს 15 წუთი გამოსტყუა, რომ ქართველი მაყურებლებისთვის გული არ დაეწყვიტა.

სურათების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი ნესტან კაცია-ლომიძეს!

P.S. ბოდიშს ვიხდი, თუ სურათების უმეტესობაში ვჩანვარ, ძალით არ მინდოდა :)







Комментариев нет: