ავტორი ნატალია ოქრუაშვილი
სურათი: Reuters
2004 წელი
ანდამანისა და ნიკობარის
კუნძულები
დღეს უწყება მოვიდა ჯანდაცვის
მინისტრისგან, პორტ ბლერის მთავარი საავადმყოფოდან ნიკობარის კუნძულზე უნდა გადავსულიყავი
სამუშაოდ, სადაც ერთი სტომატოლოგიც არ ჰყოლიათ.
როგორც უცოლოს და დაუოჯახებელს
ისევ ჩემზე გადატყდა გაგზავნის ჯოხი. კონტრაქტი ორ წლიანი იყო. ნორმალური პირობებით,
როგორც ყველა სახელმწიფო სექტორში.
ჩავლაგდი ორ დღეში და
მესამე დღეს მე და რამდენიმე სამოქალაქო ინჟინერი სახელმწიფო ვერტმფრენით ნიკობარის
კუნძულზე გადაგვიყვანეს.
ნიკობარის კუნძული ინდოეთის
აღმოსავლეთ მხარეს, უკიდურეს სამხრეთით მდებარეობს. აქ ჰავა უფრო მეტად ტენიანია. მოსახლეობას
კი აბორიგენები წარმოადგენენ, ნიკობარელები. მოსახლეობა დაახლოებით 24000. ნიკობარელები
არ არიან ინდური რასის. სადღაც უფრო მონღოლოიდური შეხედულების, ტან -დაბალი, ძვალ-მსხვილი
და აზიურად დაწვრილებული თვალისანი გახლავთ. განსხვავებული წესებით და ტრადიციებით.
რამდენიმე წლის უკან ნიკობარზე დიდი მისიონერები ჩავიდნენ და უმეტესობა ქრისტიანად
მოინათლა.
ავიღე ჩემი ჩანთა და სახელმწიფო
საერთო საცხოვრებლისკენ გავწიე. გზად ის სამოქალაქო ინჟინერი წამომეწია, რომელმაც ჩემთან
ერთად იმგზავრა ანდამანიდან. ველანი ერქვა და ისიც ინდოელი იყო კერალადან.
ერთი ორი სიტყვა ვუთხარით
ერთმანეთს და უკვე კარგად გვქონდა შეგნებული, რომ ხანგრძლივი ღამეები გველოდა ნიკობარის
კუნძულზე.
ნიკობარზე ერთი ძველი
ახლობელიც მუშაობდა. ისიც ექიმი. დღეს დამირეკა და მითხრა რომ მას და მე ნიკობარელი
ადგილობრივები ვახშმად გვეპატიჟებოდნენ. ცოტახანს წავუძინე და საღამოს უკვე ანდამანიდან
ჩამოტანილი ვისკით და ტკბილეულით(ნიკობარზე ძნელად მოიძებნება ქარხნული პროდუქტი, აქ
თითქმის ყველა ოჯახში ნატურალური საკვებია) გავწიე ნიკობარელების ვახშამზე. ყველა კართან
იდგა და მელოდებოდნენ. ბავშვები ცნობისმოყვარედ და გულღიად მიცინოდნენ. ქალები ჩუმ-ჩუმად
მათვალიერებდნენ კაცები კი ცდილობდნენ არ შერცხვენილიყვნენ და პატივი ეცათ როგორც კი
შეეძლოთ.
მოულოდნელად ერთი მოზარდი
მომიახლოვდა და თავზე ორი კვერცხი დამახალა. უმი კვერცხი. მოულოდნელად. ასე უბრალოდ
აიღო და დამახალა. დავიზაფრე. ყველა ნიკობარელი დიდიან -პატარიან- მოხუციანად ხმამაღლა
ხარხარებდა და მერე როგორც ჩემმა ნაცნობმა ექიმმა ახსნა ეს მათი ტრადიცია ყოფილა. ასე
იღებენ ყველას, ვინც პირველად მათ კუნძულზე ჩადის და მათ ტომს ეცნობა. ასეთი ტრადიციით
გაოგნებულმა და მათმა გულითადმა მასპინძლობამ გამამხნევა და იმედი მომეცა, რომ ორი
წელი არ იქნებოდა ძნელი გადასატანი.
იმ დღისითვე კი ნიკობარელებისგან
ერთ ერთი ჩემი თანატოლი გამოვარჩიე, ისიც სამოქალაქო ინჟინერი იყო დენისი.
ორი კვირა გავიდა ნიკობარზე
ჩამოსვლიდან. სამ ადამიანთან ვახლობლობდი უკვე. ერთი ველანი ვერტმფრენიდან. მეორე კი
ექიმია არუნი და მესამე ნიკობარელი დენისი.
ყოველ საღამოს სამუშაოს
დასრულების შემდეგ ვიკრიბებით ხან ბადმინტონს ვთამაშობთ. ხან ზღვაში ვცურავთ. ხან ფილმებს
ვუყურებთ, რომლებსაც ძირითადად ჩემები მიგზავნიდნენ პორტ ბლერიდან. ვინმე ალკოჰოლს
თუ იშოვნიდა, არც იმას ვიკლებდით. ასე გავიდა თვეები და ჩვენ ოთხნი სულ ერთად ვიყავით
და თითქოს ნიკობარიც აღარ იყო ისეთი მოსაწყენი და რუტინული.
ნოემბერმა მოაღწია და
დენისი ჩვენს შეკრებებზე მხოლოდ ბადმინტონის სათამაშოდ თუ მივიდოდა. ალკოჰოლს აღარ
სვამდა, საშობაო მარხვას იცავდა.
24 დეკემბერი.
ნიკობარის კუნძული
დილიდანვე დენისმა ხუთჯერ
მაინც დამირეკა: პაციენტებს, რომ მორჩები ჩვენთან ამოდი შობას აღვნიშნავთო.
შუადღეს მოვრჩი პაციენტებს.
სახლში ცოტა წავუძინე და საღამოს ტკბილეულით ხელში წავედი დენისის სახლისკენ. ყველა
სვამდა და ილხენდა ქალიან-კაციანად და იყო დიდი სიმხიარულე შობა ღამისა. ბავშვებს კი
ყველაზე მეტად უხაროდათ. ყველას ახალი ტანსაცმელი ჩაეცვა და 12 საათის დადგომას ელოდნენ,
რომ საჩუქრები ენახათ. პატარა გოგო კოლინი მიახლოვდება და მეუბნება:
- - როგორ გგონია, სანტა კლაუსი
ზუსტად იმ ბარბის მომიტანს რაც ვთხოვე?
გავუღიმე და ვეუბნები:
- - მე მგონია რომ უკეთესსაც
მოგიტანს!
შობის ღამეა. დიდი ჟრიამულია.
პატარები საშობაო სიმღერებს მღერიან. უფროსები კი ხუმრობენ და იცინიან. ყველას ყველა
უყვარს და ეფერება.
დაახლოებით ორი საათი
იყო, რომ სახლისკენ გავწიე ცოტას წავუძინებ დილით სარბენად გავალ და საუზმედ თქვენთან
მოვალ თქო დავპირდი. სხვა სტუმრებიც სახლებისკენ წავიდნენ.
4:30 ზე მაღვიძარამ დარეკა.
წინა ღამის ნაქეიფარი თავი დამმძიმებოდა და საწოლისკენ მექაჩებოდა ისევ. ყველას ეძინა
და ირგვლივ სიჩუმე ყველას გაჩუმებას აიძულებდა. თავს ვძლიე საწოლიდან ავდექი და სარბენად
წავედი. გზაზე არუნის მოტოციკლეტი დავინახე, თვითონ კი არსად ჩანდა. ფერდიდან შემამჩნია
თვითონ და ჩამომძახა მაღლა ამოდი სარბენადო. მეც შევუყევი აღმართს ძუნძულით. დილა მშვიდობისა
ვუსურვე არუნს და ორივემ უფრო მაღლა დავიწყეთ ასვლა. უმაღლეს წერტილს რომ მივაღწიეთ
იქვე ჩამოვსხედით და მძინარე სოფელს გავყურებდით. სოფლის იქეთ კი უსასრულო ლურჯი ზღვა
ირწეოდა. ათ წუთიანი შესვენების მერე ისევ ქვევით დავიწყეთ ჩამოსვლა. მოულოდნელად მიწა
იძრა.
- - მიწისძვრაა! - დავიყვირე
და ბიძგები უფრო მეტად მძლავრად წამოვიდა.
სირბილი დავიწყეთ, რომ
სოფელში ჩავსულიყავით და ხალხი გაგვეღვიძებინა. გზამდე გავაღწევთ და მოტოციკლეტზე დავსხედით.
ბიძგები უფრო და უფრო იმატებდა და მოტოციკლეტის ტარება შეუძლებელი გახდა ცოტახანს შევყოვნდით
და ჩვენს წინ კვლავ ძლიერმა ბიძგმა გზა ჩახერგა. აქ უკვე დაზაფრულებმა მოტოციკლეტი
დავაგდეთ და სოფლისკენ მეტი გაშმაგებით დავიწყეთ სირბილი. პატარა ფერდობზე გადავედით,
რომ ვხედავთ სოფლიდან ხალხი მორბის და გვიყვირიან გაიქეცით უკან ზღვამ ყველაფერი წაიღოო...
გავრბივართ ყველანი ისევ
ჩემი და არუნის გორისკენ და არ ვიცით რა დაგვხვდება ახლა იქ და რა იქნება შემდეგი.
ყველა შეშინებული და პანიკაშია. ზოგს საღამური აცვია და ზოგი მხოლოდ საცვლების ამარა
გამორბის.
ავიწიეთ გორაკზე და გავყურებთ
ყველანი გავეშებულ ზღვას. ვეღარ ვარჩევთ სად სოფელია და სად ზღვა. ყველა ჩუმადაა. შიგადაშიგ
ქალების სლუკუნი არღვევს სიჩუმეს.
სიჩუმეში და ვარამში გაილია
დღე. მე და არუნი მოუსვენრად ვიყავით. დენისის ოჯახის და ველანის ამბავი არ ვიცოდით.
მთის მეორე მხარეს გავიარეთ და იქ სხვა სოფლიდან გადარჩენილებში დენისი ვიპოვეთ ოჯახთან
ერთად. დენისს ოჯახის ამბავი ვიკითხეთ. დენსმა მხრები აიჩეჩა აგერ არიან მაგრამ ვინც
ვერ გამოასწრო განა ისინი ჩემები არ იყვნენო?!
საღამოს ინდოეთის სამხედრო
ვერტმფრენების ხმა შემოგვესმა და ყველამ ყვირილი დავიწყეთ რომ ყურადღება მიგვექცია.
მოგვაწოდეს პროდუქტები, მედიკამენტები, ტენტები და საძილე ტომრები. ინდოეთის სამხედრო
სამსახური მოხალისე ექიმებს ეძებდა და მე და არუნი იქვე ვიყავით. მოგვცეს სპეციალური
ფორმები და წაგვიყვანეს შემოსვლაზე გასაბერი ნავებით. მთელი სოფელი წყალში იყო ჩვენ
კი ნავებით ხელზე შეგროვებულ ცხედრებს ვპოულობდით და გადაგვყავდა ხმელეთზე. ერთ ერთი
ცოტა მაღალი სახლის სახურავზე ავძვერით და 5 ცხედარი ვიპოვეთ. პატარა გოგოს სხეულს
მივუახლოვდი ხელში ბარბი ეჭირა თითქოს მხოლოდ სძინებოდა.. გადმოვაბრუნე და კოლინის
მშვიდ სახეზე ხელი ჩამოვუსვი და ტირილით უკან გავბრუნდი. ბიჭებმა გამოიტანეს მისი და
მისი ოჯახის ცხედრები.
ანდამანის კუნძული 25
დეკემბერი 2004წ.
ჩემი ოჯახი
მამაჩემმა კიბე აიარა
და დედაჩემის კითხვით სავსე მზერას უიმედო მზერა შეაგება. დედაჩემი იქვე ჩაიკეცა და
ატირდა. მამაჩემმა ჩაილუღლუღა:
- - კავშირი გაწყვეტილია ყველგან
რადგან ყველაზე დიდი დარტყმა ნიკობარის კუნძულმა მიიღო.
ატირდა დედაჩემი და იქვე
ჩამოჯდა მამაჩემიც და ატირდა. აყვნენ ჩემი ძმებიც და მტიროდა ჩემი ოჯახი მთელ სამ დღეს.
26 დეკემბერი 2004წ .
ნიკობარის კუნძული
არავის დაუძინია ღამე
ყველა გუშინდელ წარსულზე ფიქრობდა. დილას გავემზადეთ ისევ და შემოსვლაზე გვერდით ნავებით.
სოფლის ცენტრისკენ ავიღეთ გეზი. სოფლის ცენტრში სადაც მოედანია და მაჰატმა გამდის ძეგლი
იყო წყალს გადარჩებოდა და მაჰათმას თავზე ერთი იღბლიანი 4 წლის ბიჭი შემოსკუპებულიყო.
ყველამ სიხარულის ყიჟინა შემოვძახეთ და ნავებით ბიჭთან მივცურეთ, ყველას გვაინტერესებდა
მისი იღბლიანობის ამბავი.
დავდიოდით ასე ნავებით
ყველგან ძირითადად მხოლოდ ცხედრები გამოგვქონდა. დაღლილები თავშესაფარში დავბრუნდით
ერთი გადარჩენილი ბიჭუნათი. 4 წლის სინა. სინას დედ-მამა არსად ჩანდა და დენისმა მაშინვე
შეიკედლა სინა.
მესამე დღე იყო გასული
ველანი არსად ჩანდა კვლავ და დაკარგულებში ჩავწერეთ.
მეოთხე დღეს წყალი კალაპოტს
დაუბრუნდა ასე თუ ისე და უკეთ შეგვეძლო სოფლების დათვალიერება. დილით გასასვლელად ვემზადებოდით
რომ აღმართზე ერთი კაცი შევამჩნიეთ. ხელების ქნევა დავიწყეთ და ვყვიროდით, აქ ვართ,
აქ... მოგვიახლოვდა და ვნახეთ რომ ველანი იყო და მე დენისი და არუნი სირბილით დავეშვით
მისაგებებლად.
-
სად იყავი მთელი სამი
დღე?_ მაშინვე ეს ვკითხეთ.
- სამი დღე მეოთხე სართულზე
ყელამდე წყალში ვიდექი და ფარდის რიკულს ვეჭიდებოდი ასე გავიდა წყალში და მკვდარი თევზების
ჭამაში სამი დღე!
ველანის გადარჩენის ისტორია
წარმოუდგენელი და იმედიანი მომცემი იყო.
უფრო შემართებით დავიწყეთ
შენობების შემოწმება. დიდი ვერაფერი.
ორი კვირა გავიდა. სახლებში
გამოგვიშვეს მე არუნი და ველანი. დენისს დავემშვიდობეთ და სინას ოფიციალურად შვილებზე
დახმარებას შევპირდით.
2005 წელი იანვარი
სახლი
უძილობა დამჩემდა. ღამე
მეღვიძება და ზღვას გავყურებ. მეზიზღები ვეუბნები ზღვას. აქამდე რომ მიყვარდა ზღვა
ახლა მეზიზღება. დედაჩემი აივანზე გამოდის ხელს მოხვევს და მთხოვს დავწვე დასაძინებლად.
უკან ვბრუნდები საწოლში, მაგრამ ძილი კვლავ არ მეკარება. გადია ასე თვეები. გულს ვეღარც
მუშაობას ვუდებ. ბოლოს კი გადავწყვიტე სახელმწიფო სამსახური მივატოვო და წავიდე! წავიდე
სხვაგან ყველაფრისგან შორს!
ერთ თვეში კონტრაქტს ვაუქმებ
და დელი თბილისის რეისით საქართველოსკენ მივდივარ, სადაც ღმერთი ყველაზე ძვირფასს მპირდება!
მოგონებები ცუნამიზე.
ეძღვნება ჩემს უძვირფასეს
მეუღლეს Dr.Selvaraj Gandhi მინდა მუდამ ბედნიერი და უღრუბლო ცხოვრება ჰქონოდეს!
Комментариев нет:
Отправить комментарий