ავტორი: ნატალია ოქრუაშვილი
უძველესი სახლი ჩვენია დასახლებაში. ბრიტანელების ნაგები და ნასახლარი. წინაპრებს შეუძენიათ, როდესაც ბრიტანეთმა ინდოეთი დატოვა. დგას ხის სახლი მყარად და უძლებს უკვე ათეულ წლებს. ხან ციკლონური ქარი არწევს სახლს და ხან ქოლგებით ვაკავებთ წვიმას. მაგრამ სახლი დგას! ფანჯრებიც აქვს. ძველი სარებით შეკერილი ფარდებით გალამაზებული. ორი საწოლი გვიდგას. ქოქოსის ჩენჩოსგან შეკერილი ლეიბით. ერთი ოთახში გასულ წელს ვენტილატორიც ჩამოვკიდეთ და სიცხეში ყველას ამ ოთახში გვძინავს. მე დედა და ჩემი ძმა ვართ სულ.
ივლისის ნესტიანი საღამო იდგა. ზღვიდან ტალღები ნელ ნელა ეპარებოდნენ მიწას. თითქოს ლოყაზე ხელს ჩამოუსვამდნენ და ისევ უკან გარბოდნენ სიცილ-სიცილით. მთვარე ცაზე ამოსრიალებულიყო და ზღვას ელვარებას სძენდა. ზღვას ტალღებთან ერთად ჰაერიც უხვად მოჰქონდა. რიტმულად ირწეოდნენ პალმები. იფიქრებდი გიგანტი ადამიანები რითმებს აჰყოლიანო.
გაუსაძლისმა ტენიანობამ და სიცხემ ძილი დამაკარგვინა. რაც მჭიდროდ ვხუჭავდი თვალებს, მეტად ვფხიზლდებოდი. დედაჩემმა ვენტილატორის ჩართვის უფლება არ მოგვცა. დენის ფულს ვერ გადავიხდითო. მდიდარ ოჯახებში დადის და სახლებს ალაგებს, რაც მამა დაიღუპა. ერთი კვირის უკან ერთმა ოჯახმა დაითხოვა, აღარ გვჭირდება დამხმარეო. ცოტა ბრინჯი მისცეს ორი კვირა, რაც იმუშავა და გამოუშვეს. ასე იდარდებს დედა მთელი ცხოვრება ხვალინდელ დღეზე და ჩვენზე. ხშირად გვეტყვის ხოლმე, როგორმე გზაზე დაგაყენებთ და ცოტას დავისვენებო.
- რატომ არ გძინავს? - მშვიდი ხმით მეკითხება დედა და ჩემკენ ტრიალდება. სამკაულების ხმით ვხვდები რომ აქვეა ჩემს გვერდით.
- მცხელა. ცოტას ჰაერზე გავივლი და მოვალ! - ვეუბნები და თან ჩემ პატარა დანას ხელი დავავლე და ზღვისპირისკენ გავწიე.
ზღვასთან პალმებს შემოვურბინე. ქარისგან ჩამოვარდნილი ქოქოსის პოვნის იმედით. პატარა ქოქოსს წავაწყდი. მთვარის სინათლეზე ყვლაფერი კაშკაშა იყო და თვალით ხედვა არ ჭირდა. იქვე ჩამოვჯექი. ქოქოსს ქერქი გავაძრე. დანა ჩავცხე და წყალს დავეწაფე.
საღამოს ვახშამი მწირი იყო. მხოლოდ ბრინჯსა და მაწონზე გადავიარეთ. შემრცხვა მეტი ბრინჯი მომეთხოვა დედისგან. კარგია აქ რომ გამოვედი, ახლა ამ ქოქოსს შევჭამ და შიმშილიც გამიქრება. ამოვატეხე პატარა ნაჭერი და სასაში გადავუძახე. მადა აღძრულმა მეორე ნაჭერი მივაყოლე და გვერდზე გავიხედე, ვიღაც თეთრი სარით გოგონა მიახლოვდებოდა და მიღიმოდა. მუქი შავი ფერის თმა წელამდე სწვდებოდა.
სამკაულებიც საკმაოდ აესხა. მისი სახე? სახე თეთრი როგორც ბამბა. თვალები დიდრონი და ნაპერწკლით სავსე. ღიმილით სალამი მითხრა. დავიბენი და ქოქოსი ყელში გამეჩხირა. ვეღარ ვყლაპავდი.
გოგონა კი ღიმილს აგრძელებდა და მშვიდად ელოდა ჩემს სალამს. თავი დავუკარი და ქოქოსი გავუწოდე. მადლობით აიღო და ჩემსავით დამშეულივით გადაყლაპა. საათზე მეტი დავყავით ზღვის ნაპირას. ბევრი ვისაუბრეთ. მეგონა მთელი ცხოვრება ვიცნობდი. იმდენი საერთო აღმოგვაჩნდა. ჩემნაირად ჭამდა, იცინოდა, სწყინდა, უყვარდა. სახლი გამახსენდა ამასობაში და მომლოდინე დედა.
- სახლში უნდა გავიქცე, დედა მელოდება, არ დაიძინებს უჩემოდ! ხვალ მოხვალ?
- თუ მოხვალ მოვალ!
ეშმაკურად უციმციმებდა თვალები. ჩემი ასაკის ყოფილა თან და ჩემს გულს უხაროდა, რომ როგორც იქნა მეგობარი ვიპოვნე. ან იქნებ ერთი საათი ცოტაა სამეგობროდ, მაგრამ ხომ დამპირდა ხვალაც მოვალო და ხომ ნახავს კარგი ვარ და მერე ვიმეგობრებთ. ზღვა ირწეოდა. პალმები შრიალებდნენ ნიავი ჰქროდა. მთვარე ანათებდა კიდევ უფრო ნათლად. დამშვიდობებამდე პირისპირ დავდექით და კიდევ გავუმეორე:
- ხვალ აქ! ამ დროს!
- ხვალ აქ! ამ დროს! ღიმილით გაიმეორა. თვალი ჩავაყოლე მის მდიდრულ სარს. პირი გამიშრა.
სისხლი გამეყინა. ყურებმა წივილი დამიწყო. სული ამიწიოკდა. მთვარის სინათლე ჩემ სხეულს ჩრდილს აძლევდა, მისი ჩრდილი კი არსად ჩანდა.
- დედა, მიშველე, დედა! გული ამოვარდნას მქონდა. ის კი იდგა ღიმილიანი.
გაბრუნდა. წავიდა. არც ნაფეხურები დარჩა სველ ქვიშაზე. მხოლოდ ჩემი ნაფეხურები ამოიბეჭდა ქვიშაზე, სირბილში უკან რომ მოვიტოვე.
Комментариев нет:
Отправить комментарий