გელით facebook–ზე

11.09.2017

სუხიშვილების ტრიუმფალური ვოიაჟი ინდოეთში

ყველას უყვარს თავისი და რა გასაკვირია, რომ ქართველები აღფრთოვანებული ვართ სუხიშვილებით და მათ მიერ სცენაზე დანთებული ცეცხლით. ის, რასაც დიდმა ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ჩაუყარეს საფუძველი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში და წარმატებით გაჰქონდათ რკინის ფარდის მიღმა საქართველოს სახელით, დღესაც განაგრძობს აქტიურ ცხოვრებას და მათი შვილიშვილების თავდაუზოგავი შრომით მსოფლიოს მრავალ კუთხეში მიაქვს ქართული სული და ქართული სილამაზე.


ინდოეთის გაკვირვება სილამაზით, სიჭრელით და ცეკვა-თამაშით ცოტა რთულია, მაგრამ როგორც ჩანს, სუხიშვილები ამასაც წარმატებით ახერხებენ.

ისე მოხდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში ლეგენდარული ბოლივუდელი მსახიობი ჰემა მალინი ჩამოვიდა. ეს ის ქალია, რომელსაც მისი ასაკის მიუხედავად გასული საუკუნის 70-იან წლებში შერქმეული სახელი „ოცნების გოგონა“ დღესაც მოჰყვება და რეალურ ცხოვრებაში თუ შეხვდებით ამ ქალს, ნამდვილად ვერ იფიქრებთ, რომ მისი პირველი და ხმაურიანი ფილმების შემდეგი 4 ათეულ წელზე მეტი გავიდა. საქართველოში მისი ვიზიტის პროგრამაში ეროვნული ცეკვების შემსრულებელთა მონახულებაც იყო, რის შემდეგაც, როგორც ჩანს, ჰემა მალინის, ქართული ცეკვებით მოხიბლულს, საინტერესო იდეები დაებადა. ამ ქალბატონის ერთერთი ქართველი მასპინძელი ინდოლოგი და კინოპროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი იყო, რომელმაც დიდი შრომა გასწია იმისთვის, რომ ჰემა მალინი საქართველოთი დაეინტერესებინა.

საქმე იმაშია, რომ ეს ყველასთვის საყვარელი მსახიობი ქალი ინდური კლასიკური ცეკვების უბადლო შემსრულებლადაც ითვლება და გარდა ამისა, ინდოეთის მასშტაბით კლასიკური ცეკვების შემსწავლელი სტუდიებიც აქვს. ყველაფერთან ერთად, ეს ქალბატონი ინდოეთის პარლამენტის წევრიცაა, და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვანი გეგმების შესრულებაში არა მარტო სხვებს ეხმარება, არამედ საკუთარი იდეების რეალიზების საშუალებაც ექნება.

მთავარი იდეა კი, როგორც აღმოჩნდა, ქართველი მოცეკვავეების ინდოეთში დაპატიჟებაში და ინდოელ მოცეკვავეებთან ერთად სპეციალური ფესტივალის მოწყობაში გამოიხატა, რაც წარმატებით განხორციელდა კიდეც და ამჟამად სუხიშვილები ინდოელ მაყურებელს აგიჟებენ თავიანთი ცეცხლოვანი ცეკვებით. ფესტივალი სამ ქალაქში მოიცავს კონცერტებს, მათ შორის, მუმბაიში, დელიში და კალკუტაში, საიდანაც პირველ ორში უკვე შედგა ტრიუმფალური გამოსვლები.








მუმბაიში დამსწრეთა შორის უამრავ ბოლივუდელ ვარსკვლავს იხილავდით, რომელთაგან ერთერთი ყველაზე ცნობილი შაჰრუქ ხანია. გუშინ კი არანაკლები ანშლაგით და მხურვალე ოვაციების თანხლებით ჩატარდა კონცერტი ინდოეთის პოლიტიკურ დედაქალაქ დელიში, სადაც დამსწრეთა შორის უკვე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ.

„ინდოეთის პარლამენტის სპიკერი, ოთხი მინისტრი, პარლამენტარები, პოლიტიკოსები, ინდური პრესის უამრავი წარმომადგენელი, გადაჭედილი დარბაზი და „სუხიშვილების“ მორიგი ტრიუმფი - ეს ყველაფერი დღეს დელიში. შემდეგი გაჩერება კალკუტა“, - წერს თავის facebook-ის გვერდზე დავით ბეჟიტაშვილი, რომელიც ამ ფესტივალის ერთერთი ორგანიზატორია ქართული მხრიდან და შესაბამისად, კონცერტებსაც ესწრება ინდოეთის ქალაქებში.






დღეს ქართველი მოცეკვავეები ინდოეთის მეორე ბოლოში - კალკუტაში გამოვლენ და იქაურ მაყურებელს აჩვენებენ ქართულ სასწაულს.



სუხიშვილები ინდოეთისთვის „ახალი ხილი“ არ არის, ჯერ კიდევ დიდი ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი სტუმრობდნენ ანსამბლთან ერთად ჰინდუსტანს, სადაც მათ მასპინძლობას ისეთი ცნობილი მსახიობები უწევდნენ, როგორიც რაჯ კაპური იყო. თუმცა მას მერე მრავალმა ათეულმა წელმა გაიარა და სუხიშვილების ახალ თაობას თავიდან უწევთ რუსთაველის „ქაჯების ქვეყნის“ დაპყრობა. ინდური პრესა კი აჭრელებულია საქართველოს ხელოვნების ელჩების საოცრებებით მოხიბლული შთაბეჭდილებებით.



სურათები აღებულია დავით ბეჟიტაშვილის facebook გვერდიდან.

Комментариев нет: