ავტორი: Sally Janelly
სურათი: Sally Janelly
ეს ჩანაწერი ჩემს სამოგზაურო დღიურში 13 აგვისტოთი თარიღდება. მაშინ ინდოეთში,დელიში ვიყავი და მახსოვს, როგორი ამაყი გამოვედი ბრიანკას მაღაზიიდან- აღელვებული და ამაყი.
იმის შემდეგ ბევრჯერ გამახსენდა ეს ისტორია,თუმცა გამოქვეყნება არ მიფიქრია.მაგრამ დღეს გოგონების საერთაშორისო დღეა და ჩავთვალე,რომ ასეთი მაგარი გოგოს ამბავი დიახაც,რომ ბევრ ადამიანს უნდა მოვუყვე:
,,ჩემი სასტუმროს გვერდით სუვენირების ჯიხურია.პატარა. ყოველდღე გვერდზე გავუვლი ხოლმე,შესვლა კი მხოლოდ დღეს გადავწყვიტე.ალბათ იმიტომ,რომ ჯიხურში მომუშავე გოგონას სხვებივით არ გაუგიჟებია თავი ჩემ ძალით შეთრევაზე.
ყველაფერი ამ გოგოს ხელით ყოფილა ნაკეთები -სამაჯურები, ბეჭდები ,ყელსაბამები. სურათის გადაღება დავაპირე და ხელი ამიქნია,მე არ გამომაჩინო,მახინჯი ვარო. პირიქით,ძალიან ლამაზი ხარ-მეთქი და შენ ეტყობა ჩემი პროფილი არ დაგინახავსო. შევამჩნიე მანამდეც - დამწვარი ქონდა ნახევარი სახე,მაგრამ არ ჩამითვლია ეს რამე ნაკლად. მერე რა,შრამები რას დაგვაკლებსთქო და ჩემი ნაიარევი ლოყა მივუშვირე საპასუხოდ. გამიღიმა. მივხვდი, რომ მოვეწონე.
შენ რა დაგემართაო,მკითხა. მოვუყევი. უკვე მისი ამბის ჯერი იყო - ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა და ნაადრევად, ძალით გამათხოვესო-დაიწყო. ქმარი გამუდმებით მცემდა და რამოდენიმე წლის შემდეგ გაშორება გავბედეო.
ოჯახმა უკან არ მიიღო-ქმარი ვის არ სცემს, რა მოხდაო. განათლება არ ჰქონდა და დარჩა შუა ქუჩაში, მშიერი, უპატრონოდ.
ქმართან მაინც არ დავბრუნდებოდი-მომკლავდაო. რაღაც პერიოდი ქუჩაში ვცხოვრობდი,მერე სხვა კაცი გავიცანიო. მფარველს ვეძებდი და უარესი კი აღმოჩნდაო- მისგან წამოსვლაც რომ დააპირა , მჟავა შეასხა თურმე სახეში.
გაუნათლებელი და მიუსაფარი ბრიანკა უკვე ულამაზო ბრიანკაც გახდა. თავის მოკვლაზე ვფიქრობდიო. ვცადე კიდეცო, მაგრამ არ გამომივიდაო.
მერე რაღაც გზებით თავის ხელში აყვანა შევძელიო. გადავწყვიტე,რომ არავიზე დამოკიდებული აღარ გავმხდარიყავი და ჩემით დავმდგარიყავი ფეხზეო.
რაც მეხერხებოდა ერთადერთი ხელსაქმე იყო და სამკაულების აწყობა დავიწყეო.
საათობით ვიდექი ქუჩაში და ყოველი მძივის გაყიდვა ახალი ცხოვრებისკენ გზის გახსნას ნიშნავდაო.
ამ მხარეში ციტახანია რაც ჩამოვედი, ჩემი ხელით ავაწყვე ეს ჯიხურიო-გაბრწყინებული მეუბნება.
მეც გაბრწყინებული ვუსმენ. ყოველი ასეთი ძლიერი გოგო მეამაყება.
ბოლო რუპიებით ბრიანკას სუვენირებს ვყიდულობ. მადლობას მიხდის. მეც მადლობელი ვარ- მისი ისტორია რომ გამანდო.
მოვდივარ და ვფიქრობ. რამდენი ქალია ბრიანკას მდგომარეობაში? რამდენ მათგანს ეყოფა გამბედაობა დამოუკიდებლად ცხოვრება გაბედოს? ან მე რომ ბრიანკად დავბადებულიყავი, ახლა სად ვიქნებოდი და რას გავაკეთებდი? წარმოდგენა არ მაქვს. ერთი ვიცი მხოლოდ- ძალიან მინდა,ბრიანკასავით ძლიერი გოგო ვიყო..."
ბმული: https://www.facebook.com/salome.janelidze.1/posts/1670789272952965?comment_id=1670791412952751&reply_comment_id=1670794756285750¬if_id=1507724285815695¬if_t=feed_comment_reply
Комментариев нет:
Отправить комментарий