გელით facebook–ზე

10.01.2018

ვარანასის დათვალიერება საჰაერო ბურთებიდანაც იქნება შესაძლებელი

ვარანასის ცნობილი გჰატების დათვალიერება უკვე ჩიტების ფრენის სიმაღლიდანაც იქნება შესაძლებელი. უამრავ ადამიანს ინდოეთი სამუდამოდ შეუყვარდება ხოლმე, როგორც კი ერთხელ აღმოჩნდება ამ ქვეყანაში, და უამრავი ისეთიცაა, ვინც არასდროს ყოფილა, მაგრამ უკვე უპირობოდ უყვარს ეს ქვეყანა. ამ სიყვარულისთვის ყველას თავისი საკუთარი მიზეზები აქვს, მაგრამ გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ ბევრ რამეს აკეთებინებს ამ ადამიანებს და სტიმულს აძლევს საკუთარი „გმირობებისთვის“. არც ისე მცირეა იმ ადამიანების რიცხვიც, ვისაც სრულიად საპირისპირო გრძნობები ეუფლება ინდოეთის მიმართ და გაკვირვბულნი შეგეკითხებიან, რა ხდება და რა საჭიროა ამხელა ხმაური ყველაფერი ამის გარშემო? თუმცა ალბათ ყველა დათანხმდება იმ აზრს, რომ ვარანასი ის ადგილია, რომელიც პლანეტის ყველა მცხოვრებმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს ცხოვრებაში.


ტურიზმის ადგილობრივი დეპარტამენტიც სრულად ეთანხმება ამ მოსაზრებას და მიუხედავად ტურისტების ულევი ნაკადებისა, რომელიც ამ წმინდა ქალაქში მღელვარე ოკეანის ტალღებივით მოედინებიან, დეპარტამენტი ახალ შესაძლებლობებზე მუშაობს მათთვის, ვისაც დედამიწის ამ უძველესი ქალაქის დიდებასა და სილამაზესთან სურს შეხება. ამ დეპარტამენტის ბოლო გამოგონება აღაფრთოვანებს ალბათ არა მარტო გამოცდილ ტურისტებს, ადგილობრივებისთვისაც საინტერესო სანახაობა იქნება.


ქალაქის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, უტარ-პრადეშის შტატის ტურიზმის დეპარტამენტმა ვარანასის თავზე საჰაერო ბურთი გაუშვა ტურისტებისთვის. ჯერჯერობით საჰაერო ბურთს ჰაერში 50 მეტრის სიმაღლეზე უშვებენ და 10 წუთის განმავლობაში ჩერდება ქალაქის თავზე. ამ დროის განმავლობაში პუბლიკას ულამაზესი ხედების ნახვა შეუძლია, რომელიც აქამდე მხოლოდ ფრინველებისთვის თუ იყო ხელმისაწვდომი - გჰატების ხედი ზემოდან ენით აუწერელია და ვინც უკვე მოასწრო ამ ატრაქციონით სარგებლობა, სასწაულ შეგრძბნებებზე ჰყვებიან.

საჰაერო ბურთის კალათაში 5 ადამიანი ეტევა და ეს ბურთი მყარადაა დამაგრებული მიწაზე სპეციალური ტროსით იმისთვის, რომ საფრენი აპარატი ქარმა არ გაიტაცოს გაურკვეველი მიმართულებით. ჯერჯერობით ორგანიზატორებმა მხოლოდ ჰაერში სიმაღლეზე აყვანის თანხმობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლებისგან. მაგრამ როგორც ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, საცდელი ათდღიანი ვადის დასრულების შემდეგ ჰაერში გასეირნების ნებართვასაც მიიღებენ.

10 წუთის განმავლობაში საჰაერო ბურთით ქალაქის თავზე ასვლა 300 რუპია ღირს, ხოლო თუ წინასწარ ვერ დაჯავშნით ადგილს და მყისიერად მოისურვებთ ჰაერში გასეირნებას - 500 რუპია დაგიჯდებათ.


წყარო: Indiandaily

Комментариев нет: