გელით facebook–ზე

25.05.2011

ინდოეთის პოლიცია კუდიანებზე მონადირეებს ებრძვის


Agence France-Presse–ის ცნობით, ინდოეთში პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა კუდიანებისა და ჯადოქრების მკვლელობების ბრალდებით.

ყველა ეჭვმიტანილი აღმოსავლეთ ინდოეთის შტატის ასამის მაცხოვრებელია. პოლიციის მონაცემებით, მათ 11 ადამიანი მოკლეს (შვიდი ქალი და ოთხი მამაკაცი), რომლებიც, ეჭვმიტანილთა აზრით, თითქოსდა ჯადოქრულ რიტუალებს ასრულედნენ და შავი მაგიით იყვნენ დაკავებულნი. პოლიცია შტატის კიდევ რამდენიმე მაცხოვრებელს ეძებს, რომელთაც ამ მკვლელობებთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი.


კუდიანებზე ნადირობა ინდოეთში თითქმის ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელსაც დღევანდელ დროსაც კი რეგულარულად აქვს ადგილი. ამ საქმით ძირითადად შორეული სოფლების მაცხოვრებლები არიან დაკავებულნი სასაზღვრო რაიონებში, რომელთაც ხელი ძნელად მიუწვდებათ თანამედროვე მედიცინაზე და დროულად ვერ იღებენ სამედიცინო დახმარებას. ამის გამო, ისინი ძველებურად თვლიან, რომ დაავადებები და პრობლემები კუდიანებისა და ჯადოქრების მიერაა გამოწვეული.

ორგანიზაცია Assam Mahila Samata Society ასეთი დანაშაულების სტატისტიკას აწარმოებს. მისი მონაცემებით, 2006 წლის სექტემბრიდან 2011 წლის მაისის ჩათვლით კუდიანობაში დადანაშაულებული 39 ადამიანი მოკლეს, ძირითადად ქალები... გარდა ამისა, მაგიაში ეჭვმიტანილი 70 ადამიანი აწამეს. ბოლო 15 წლის განმავლობაში 2500–მდე სავარაუდო ჯადოქარი და კუდიანი მოკლეს...

მსოფლიოში ველური სპილოების რაოდენობა მცირდება


დელიში აზისა და აფრიკის იმ ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა, სადაც ველურ ბუნებაში სპილოები ცხოვრობენ. შეხვედრის მიზანი ცხოველთა ამ სახეობის გადარჩენის გზების განხილვა იყო. სპილოების რიცხვი თანდათან მცირდება, ეს ცხოველი კი „წითელ წიგნშიც“ კი არ არის შეტანილი, როგორც, მაგალითად, ვეფხვები.


ინდოეთის ეკოლოგიის მინისტრმა ჯაირამ რამეშმა განაცხადა, რომ სპილოებს გადაშენება არა მარტო ბრაკონიერების გამო ემუქრებათ, რომლებიც ცხოველებზე მათი ეშვების გამო ნადირობენ, არამედ სამთომომპოვებელი საქმიანობისა და ახალი მიწების ათვისების შედეგადაც.

ინდოეთში ველური სპილოების გადასარჩენად მინისტრი რამეში ცხოველთა გადაადგილების ისეთი ალტერნატიული მარშრუტების განვითარების წინადადებას აყენებს, რომლებიც მაღაროებსა და მშენებლობებს აუვლიან გვერდს.

11.05.2011

პაკისტანის კიბერარმიამ 116 ინდურ საიტზე მიიტანა იერიში


ჰაკერების დაჯგუფებამ „პაკისტანის კიბერარმია“ (Pak Cyber Army) 116 ინდურ საიტზე მიიტანა იერიში. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებული იყო საიტზე The Hacker News. ჰაკერები „გატეხილ“ საიტზე ათავსებდნენ საკუთარ ემბლემას და მთლიანად ან ნაწილობრივ ცვლიდნენ საიტის შინაარსს. ამ დროისთვის კი „გატეხილი“ საიტების უმეტესობა უკვე ნორმალურ რეჟიმში მუშაობს.

ინდოეთსა და მის მეზობლებს შორის ე.წ. „კიბერომებს“ ბოლო დროს დიდი ყურადღება ეთმობა. 2010 წელს ინდოეთის მთავრობამ ჰაკერთა შეტევებისგან თავის დასაცავად და ინტერნეტში დაზვერვის საწარმოებლად სპეციალური ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო პაკისტანელი და ჩინელი ჰაკერების მხრიდან ინდოეთის კომპიუტერულ სისტემებში განხორციელებული არალეგალური შეღწევების გახშირებით. კერძოდ, ჰაკერებმა იერიში მიიტანეს ინდოეთის თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტებზე.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები დაძაბული რჩება მრავალი წლის განმავლობაში. მორიგ გამწვავებას ადგილი ჰქონდა ამერიკელი სამხედროების მიერ „ალქაიდას“ ლიდერის უსამა ბინ ლადენის განადგურების შემდეგ. ამერიკელთა ერთერთი ჰიპოთეზის თანახმად, ნომერ პირველ ტერორისტს შესაძლოა მფარველები ჰყოლოდა პაკისტანის სპეცსამსახურებში. ამან ინდოეთის ხელისუფლებას საშუალება მისცა გაეხმოვანებინა ვერსია, რომლის თანახმადაც პაკისტანის დაზვერვას შესაძლოა კავშირი ჰქონოდა 2008 წელს მუმბაიში განხორციელებულ მასშტაბურ ტერაქტებთან, რომლებმაც 200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.

მუმბაიში ტერორისტების 10–კაციანი ჯგუფი მოქმედებდა, რომელთაგანაც 9 სპეცოპერაციისას გაანადგურეს, ხოლო მეათე დააკავეს და მოგვიანებით სიკვდილი მიუსაჯეს. ინდოეთის პოლიციამ ტერაქტის ორგანიზატორად პაკისტანური ისლამისტური დაჯგუფება „ლაშქარ ი თაიბა“ დაასახელა.

რაც შეეხება საქართველოს, ყველას კარგად ახსოვს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსმა ჰაკერებმა მასირებული შეტევა განახორციელეს ქართულ საიტებსა და კომპიუტერულ სისტემებზე, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმვით და მეგობარი სახელმწიფოების დახმარებით კიბერშეტევა აღკვეთილი იქნა და ნეგატიური შედეგებიც მინიმუმამდე იქნა დაყვანილი.

04.05.2011

„ბონდიანას“ მორიგი გადაღებები ინდოეთში გაიმართება


30 წლის შემდეგ აგენტი 007–ის ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის გადაღებები კვლავ ინდოეთში გაიმართება. ამის შესახებ იტყობინება Daily Star Sunday.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კინოსტუდია MGM–ის წარმომადგენლები, რომელსაც ჯეიმს ბონდის შესახებ ფილმების გადაღების უფლებები აქვს მოპოვებული, უკვე გაემგზავრნენ ინდოეთში მომავალი გადაღებებისთვის მოედნების შესარჩევად. ეს ინფორმაცია დადასტურა ფილმის მეორე დირექტორმა ტერი ბემბერმაც, რომელიც „ბონდიანას“ ბოლო სამი ფილმის გადაღებებში მონაწილეობდა.

„ინდოეთში 1992 წლის მერე არ ვყოფილვარ მას შემდეგ, როცა პირველად ვმუშაობდი ვარანასიში. დიდი იმედი მაქვს, რომ ბონდის შესახებ მომავალ ფილმს სწორედ ამ ქალაქში გადავიღებთ“, – თქვა ბემბერმა.

თვითონ აგენტი 007 კი „ინდოეთში არ ყოფილა“ 1982 წლის შემდეგ, როცა ამ ქვეყანაში იღებდნენ „რვაფეხას“, ხოლო ბონდის როლს როჯერ მური ასრულებდა.

23–ე ფილმში, რომლისთვისაც ჯერ სამუშაო სახელწოდებაც კი არ შეურჩევიათ, სუპერაგენტის როლს უკვე მესამედ ზედიზედ შეასრულებს ბრიტანელი მსახიობი დენიელ კრეიგი. ახალ ფილმზე მუშაობა, Daily Star Sunday–ის მონაცემებით, ნოემბერში დაიწყება და წლის განმავლობაში დასრულდება.

ჩემი მხრიდან კი დავამატებ, რომ როგორც ჩანს დენი ბოილის ფილმის „ჯურღმულელი მილიონერის“ წარმატებამ ოსკარების ცერემონიაზე „ბონდიანას“ ახალი ფილმის ავტორებსაც მოჰგვარა შთაგონება. ნოემბერი იმიტომ აირჩიეს, რომ მუსონების სეზონი უკვე დასრულებული იქნება და ყველაზე ხელსაყრელი ამინდები იქნება გადაღებებისთვის. თან ეჭვი მაქვს ეცდებიან გადაღებებს სწრაფად მორჩნენ და პრემიერაც ოსკარებამდე მოასწრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი 2013 წლამდე ახალ ბონდს ვერ ვიხილავთ. ასევე ვფიქრობ, რომ ჰოლივუდის ტრადიციით, ქალის ერთერთ მთავარ როლზე ალბათ აიშვარია რაის აირჩევენ, ან შესაძლოა „მილიონერის“ ვარსკვლავი ფრეიდა პინტოც მოსინჯონ, თუმცა აიშვარიას უფრო მეტი შანსი ექნება როგორც ფიზიკური მონაცემების გამო, ასევე მისი გამოცდილებითაც ჰოლივუდში შესრულებული წარმატებული როლებით.