გელით facebook–ზე

28.07.2011

შეცდომა თუ ტყუილი?!

ინდური კინოინდუსტრიის საქართველოთი დაინტერესების შესახებ დიდი ხანია მიდის საუბრები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია მუმბაიში ცნობილ ბოლივუდელ მსახიობს ამირ ხანს შეხვდა და რის შემდეგაც თბილისში ამ წლის დასაწყისში უკვე იმყოფებოდა ინდოელი კინემატოგრაფისტების ჯგუფი აქაური პირობების შესასწავლად და ქართველი მსახიობების გასაცნობად.

რამდენიმე დღის წინ კი საქართველოში კვლავ ჩამოვიდნენ ინდოელი კინომწარმოებლები პროდიუსერ სურეშ ბალაჯის ხელმძღვანელობით. ყველა ქართული ნაციონალური ტელეარხი ეს დღეები აშუქებს ინდოელი სტუმრების ვიზიტს და ჟურნალისტებიც ოფიციალურ პირებთან ერთად გამუდმებით იმეორებენ, რომ სტუმრები ბოლივუდიდან ჩამოვიდნენ. არავის მხილებას ან კრიტიკას არ ვაპირებ, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პროდიუსერი სურეშ ბალაჯი არ წარმოადგენს ბოლივუდს. არ ვიცი ეს შეცდომაა თუ ვინმეს მხრიდან განგებ გამოგონილი ტყუილი, მაგრამ ამ პროდიუსერს, რომელიც სამხრეთ ინდოეთის კინოინდუსტრიას წარმოადგენს, ბოლივუდში არცერთი ფილმი არ შეუქმნია.

ზოგადად, ქართველი მაყურებლისთვის შეიძლება სულ ერთია, ბოლივუდელები არიან თუ არა დღესდღეობით აქ მყოფი ინდოელი კინემატოგრაფები, მაგრამ ფაქტია, რომ ის, რასაც ეს დღეები გამუდმებით ვისმენთ, სიმართლე არ არის. სამხრეთ ინდური კინოინდუსტრია ფილმებს თამილის, მაიალამის, ტელუღუს და სხვა ენებზე იღებს, მაშინ როდესაც ბოლივუდში, რომელიც მუმბაიში მდებაროებს, ფილმებს ჰინდისა და ინგლისურ ენებზე იღებენ ძირითადად. განსხვავება დიდია, რადგან გეოგრაფიულადაც სხვადასხვა ადგილებში მდებარეობენ ეს კინოცენტრები და ფიზიკურადაც სხვადასხვა ობიქეტები არიან. ისევე როგორც ფილმების წარმოების თემატიკით და მეთოდებით.

ბოლივუდელი ფილმები და მსახიობები ცნობილი არიან არა მარტო ინდოეთში, არამედ ყველა მეზობელ ქვეყანაში, ასევე არაბულ ქვეყნებსა და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში. მაშინ როდესაც სამხრეთ ინდოეთში წარმოებული კინოპროდუქცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი და ეს ადგილობრივი ბაზარი იმ შტატებს და ენობრივ არეალს მოიცავენ, რა ენებზეც ამ ფილმებს იღებენ.

ესეც ბატონ სურეშ ბალაჯის ფილმოგრაფია, სადაც ფილმების სახელების გვერდით მითითებულია ის ენა, რა ენაზეც იღებენ ამ ფილმებს: 2012 - Billa 2  ( Tamil ), 2009 - Yaavarum Nalam  ( Tamil ), 2007 - Kireedam  ( Tamil ), 2007 - Billa  ( Tamil ),   1999 - Megham  ( Malayalam ), 1995 - Nirnnayam  ( Malayalam ), 1993 - Gandharvam  ( Malayalam ), 1991 - Ulladakkam  ( Malayalam ), 1986 - Viduthalai  ( Tamil ), 1983 - Neethibathi  ( Tamil ).

ფილმი Billa 2 , რომლის მიზეზითად ინდოელი სტუმრები დღესდღეობით აქ იმყოფებიან, გამოვა თამილის ენაზე. ეს ფილმ Billa–ს პრიქველია, რომელიც თავისი მხრივ უკვე ბოლივუდური ფილმების მიხედვითაა გადაღებული და ეს უკანასკნელნი კი, რა დასამალია და ხშირად დასავლური, ჰოლოვუდური ფილმების სიუჟეტების მიხედვითაა გაკეთებული. დაახლოებით ისე, მარცხენა ხელი თავზე რომ გადაიტარო და მარჯვენა ყური მოიფხანო, მაპატიეთ ამ შედარებისთვის, მაგრამ საქმის ასეთ ვითარებას არც ბოლივუდელები უარყოფენ როდესმე და არც მათზე ხარისხით და პროდუქციის გაყიდვადობით დაბალ საფეხურზე მდგარი სხვა ინდური კინოცენტრები. ასეთი კინოცენტრი კი ინდოეთში სულ ცხრაა. ბოლივუდი კი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მთავარ კინოცენტრად ითვლება ამ ქვეყანაში, მაინც მხოლოდ ერთერთი მათგანია.

ერთადერთი, რაც ბატონ სურეშ ბალაჯის ბოლივუდთან (ბომბეის მიხედვით, რომელსაც ახლა მუმბაი ჰქვია, მაგრამ ბოლივუდის დასახელება ძველი დარჩა) შეიძლება აკავშირებდეს, არის ის, რომ სცენარისტთან ერთად რატომღაც ქალაქ მუმბაიში მუშაობდა დიალოგების შედგენაზე. გარდა ამისა, ამ ახალ ფილმში არცერთი ცნობილი ბოლივუდელი მსახიობი არ მონაწილეობს. მსახიობებიც სამხრეთელები და ადგილობრივი მნიშვნელობის არიან, რომელთაც ბოლივუდში მოხვედრა მხოლდო გარკვეული დამსახურებებისა და ადგილზე პოპულარობის მოპოვების შემდეგ შეუძლიათ. ანუ ისევე, როგორც დღეს ზურა შარია აირჩიეს აქ ქასთინგზე და მის ადგილას მე არავინ მიმიყვანდა, თუმცა კი შეიძლება უფრო ვგავდე განგსტერს, ვიდრე შარია ან მეორე შერჩეული მსახიობი :)

მე არ გახლავართ არც ინდური კინოს დიდი მცოდნე და არც საერთოდ ხელოვნებათმცოდნე, მაგრამ ყველაფერი ის რაც გიამბეთ, თავისუფლად შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში ინგლისურ ან გაჭირვების შემთხვევაში, რუსულ ენაზე.

ბოლოს დავძენ, რომ მიხარია და მივესალმები ინდოელ კინემატოგაფისტებთან ქართველების თანამშრომლობას და იმას, რომ საქართველოს არსებობის შესახებ სამხრეთ ინდოეთშიც გაიგებენ და მეისი გრეივით აღარ გაუკვირდებათ, რომ საქართველო თურმე სახელმწიფოც ყოფილა. მაგრამ შეცდომას შეცდომა უნდა დაერქვას და ტყუილს ტყუილი.

ხვალ რომ დიდი ინდოელი მსახიობი ამიტაბჰ ბაჩანი ჩამოვიდეს და მას ვინმემ უთხრას, ბატონო ბიგ–დადა (ასე ეძახიან სიყვარულით), ჩვენ უკვე გამოცდილება გვაქს თქვენს ბოლივუდელებთან თანამშრომლობისო და ამის მაგალითად Billa 2 –ს დაუსახელებენ, მერწმუნეთ, ძალიან, ძალიან განაწყენდება...

2 комментария:

Unknown комментирует...

არვიცი ეგ ბედნიერება ბაჩანის ჩამოსვლისა გვეღირსება თუ არა როდესმე, მაგრამ ინდური კინოს მოყვარულებიც ძალიან გულდაწყვეტილები და რაღაცნაირად გაოცებულებიც ვართ ან უცოდინრობით მასმედიის მხრიდან ან შეგნებული ტყუილით. გაოცებული ვარ იმითაც რომ როცა გოგიჩაიშვილი პირდაპირ ეთერში რუპი ნაიკთან საუბრობდა და ბოლივუდს ახსენებდ ინგლისურ ენაზე, არც ერთხელ არ შეუსწორებია მის სტუმარს რომ ჩვენი სტუმრები ბოლივუდს არ წარმოადგენდნენ...

rumirumi71 комментирует...

მართალი ხარ ნინო, სწორედ ესეც მაკვირვებს. თუ ვთქვათ და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები "გვატყუებენ", მიზეზი უკვე გასაგებია, რადგან ბოლივუდი კარგი "პონტია" და უფრო მაგარ რამეში ჩაითვლება, მაგრამ ვაი და ამ ჩვბენს ხელისუფლებასაც ატყუებენ, მერე რაღა ვქნათ? ან თვითონ ჩვენი მსახიობები, რომლებიც ამ ასე დავარქმევდი "აფიორაში" იღებენ მონაწილეობას, რა პირით აკეთებენ ამას...