გელით facebook–ზე

03.11.2011

ინდოელი მამაკაცების ეროვნული სამოსი

დჰოტი – ინდოელი მამაკაცების დრაპირებული სამოსი, რომელიც თეძოებზე მაგრდება. დჰოტი არის სწორი მართკუთხა ქსოვილის ნაჭერი, რომლის სიგრძე 5 მეტრამდე აღწევს, თეთრი ან სხვა ერთფეროვანი ქსოვილისგან დამზადებული. არსებობს დჰოტის დრაპირების სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ არის ასევე ერთიანი სტილიც. დრაპირება იწყება ნაჭრის შუა ნაწილიდან და არა ბოლოდან. ნაჭრის ცენტრალურ ნაწილს თეძოებზე იხვევენ და წინა მხარეს კრავენ კვანძში. ნაკეცებად დალაგებული ნაჭრის მარცხენა ნაპირს მარცხენა ფეხის გარშემო ახვევენ და ქამარზე იმაგრებენ წელის მიდამოში, ხოლო მარჯვენა კიდე ასევე დრაპირდება ნაკეცებად და ქამარზე მაგრდება მუცლის ქვემოთ.


ჩრდილოეთ ინდოეთში დჰოტის ატარებენ ქურთასთან ერთად (გრძელი ხალათი). ამ შეხამებას ეძახიან „დჰოტი ქურთას“. სამხრეთ ინდოეთში დჰოტის იცვამენ ანგავაშტრამთან ერთად (მხრებზე მოსასხამი). უფრო ხშირად დჰოტის იცვამენ ზეიმებსა და საოჯახო დღესასწაულებზე. ზოგიერთი მამაკაცი ყველა სხვა სამოსს დჰოტის ამჯობინებს და ყოველდღიურად ატარებს მას. ბოლო ათწლეულებში დასავლური სტილი სულ უფრო მეტად იჭრება ინდოეთში და ბევრი ინდოელი მამაკაცისთვის დჰოტი საშინაო სამოსად იქცა, პირველ რიგში, მისი მოხერხებულობის და კომფორტის გამო.

ქურთა – გრძელი ფართო ხალათი, რომლის მამაკაცს მუხლამდე სწვდება, მაგრამ შესაძლოა ცოტა მოკლეც იყოს. პირადი არჩევანის მიხედვით ქურთას იცვამენ ჩურიდარამისთან ერთად (ვიწრო შარვალი, რომელიც სიგრძეც ფეხის სიგრძეს ბერად აღემატება იმისთვის, რომ წვივებზე სამაჯურების მსგავსი ნაკეცები წარმოიქმნას). ქურთას ასევე ატარებენ ფართო შალვართან (შარვალი) და პაჯამისთან (ფართო შარვალი, რომელიც წვივებთან არ ვიწროვდება) ერთად.




ქურთა სამოსის უნივერსალური შემადგენელი ნაწილია და მას იცვამენ როგორც ოფიციალური შემთხვევებისთვის, ასევე ჩვეულებრივ ყოველდღიურად. ტრადიციულ ქურთას არ აქვს საყელო, და როგორც წესი, ამოჭრილია მკერდის არეში. დღეისათვის ამ სამოსმა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც განიცადა. არსებობს ქურთას სახეობების უზარმაზარი არჩევანი. ზაფხულში ბამბისა და აბრეშუმის ქსოვილის ქურთაა მოსახერხებელი, ხოლო ზამთრის პირობებში უფრო მჭიდრო ქსოვილებისგან, შალისა და ხადისგან დამზადებულ ქურთას იცვამენ. ღილები ტრადიციულად ხისა და ლითონისაა და მათ კი არ აკერებენ, არამედ აბამენ ქსოვილზე. ნაქარგებითა და სამკაულებით მორთული ქურთა ტრადიციული სამოსია და მზარდი პოპულარობით სარგებლობს უკვე სხვა ქვეყნებშიც.

შერვანი – გრძელი ხალათი, რომელიც სახელომდე უნდა შეიკრას. მისი სიგრძე ჩვეულებრივ წვივებამდე ჩამოდის. შერვანი მატებს შარმსა და გრაციას განსაკუთრებით მაღალ მამაკაცებს. ინდოელები არ ინანებენ ფულს, როცა დღესასწაულებისთვის და ქორწილისთვის შერვანის ყიდულობენ. შერვანის ჩვეულებრივ იცვამენ შალვართან და ჩურიდარამისთან ერთად.



შერვანის წარმოშობის დასადგენად უნდა დავუბრუნდეთ დელის სულთანატის და მოგოლების იმპერიის პერიოდს.  XVIII საუკუნის ბოლოს თითქმის ყველა მამაკაცი შერვანის ატარებდა. დღეისთვის შერვანის უამრავი სახეობა და მოდელი არსებობს. შერვანის აბრეშუმის ან სატინის ქსოვილისგან ამზადებენ და რთავენ ნაქარგებით, სარკეებით და ბრჭყვიალებით. შერვანის ინდოელი მამაკაცები ძირითადად საოჯახო დღესასწაულებზე იცვამენ.

ინდოელი მამაკაცების დიდი ნაწილი თავსაბურავად თურბანებს იყენებენ. ეს არის ქსოვილის გრძელი ნაჭერი, დაახლოებით 5 მეტრი სიგრძის და მას თავზე იხვევენ. მამაკაცების ამ ტრადიციულ თავსაბურავს ინდოელების ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პაგრის სახელით ცნობილი თავსაბურავის პირველი დანიშნულება სიცხისა და მწველი მზისგან თავის დაცვა იყო. უდაბნოს მწველი მზისგან თავის დასაცავად ამ ქსოვილს ასველებდნენ წყალში  ღამით და დილით თავზე იხვევდნენ. ქსოვილის ნაკეცები ნესტს ინარჩუნებენ მთელი დღის განმავლობაში და თავს გავარვარებული სიცხისგან იცავენ.



სხვადასხვა რეგიონებში თავსაბურავის დახვევის სტილი განსხვავებულია. თავსაბურავის მიხედვით ინდოელებს შეუძლიათ განსაზღვრონ ქვეყნის რომელი რეგიონიდანაა ადამიანი. ყველაზე პოპულარული კი რაჯასტანული და სიქჰური თურბანებია. რაჯასტანი ერთერთი ყველაზე დიდი შტატია და ამ შტატის სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობისას უამრავი სხვადასხვა სახეობის თავსაბურავებს გადააწყდებით. შტატის ზოგიერთ ქალაქში ეს თავსაბურავები ადამიანების სოციალურ სტატუსზეც მიანიშნებს.

სიქჰების რელიგიაში მამაკაცების თავსაბურავი, რომელსაც დასტარს ეძახიან, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სიქჰები ფართო თურბანის ქსოვილს თმების ნაწნავზე იხვევენ (სიქჰები თმას არასდროს იჭრიან) და ყურებსაც იფარავენ. რელიგიური წესების მიხედვით, სიქჰებს თმა ყოველთვის დაფარული უნდა ჰქონდეთ საზოგადოებრივ ადგილებში გამოჩენისას.


ასევე საკმაოდ ცნობილია მაისურის თავსაბურავები, რომელსაც „მაისორ პეტას“ უწოდებენ და ეს თავსაბურავები მაისურის მაჰარაჯების სამოსის განუყრელი ნაწილი იყო.


სხვა სტატია ამ თემაზე:
სარი – ქალის ულამაზესი სამოსი

3 комментария:

მარიამ ბლანკი¹³ комментирует...

რა ლამაზია ტრადიციუი სამოსი.
აი თავსაბურავი კი დიდად არ მოწმონს მაგრამ მაგასაც აქვს თავსი პეწი

კოსმოსურ სივრცეებში.. комментирует...

მე ყველაზე ძალიან თავსბაურავები მომწონს :)

Unknown комментирует...

ვერავინ მეტყვის სად შეიძლება შევიძინო ქურთა?