თითქმის ორი კვირის
მანძილზე უსიამოვნო სიტუაცია სუფევდა ინდოეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, რომლებსაც
სტაბილური თბილი და პარტნიორული ხასიათი აქვს ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული
და დღემდეც თითქმის არ ჩრდილი არ მისდგომია, თუ არ ჩავთვლით ალკოჰოლით გაჟღენთილი თავზეხელაღებული
ტუსი ტურისტების უმსგავსო საქციელით შეწუხებულ ადგილობრივ მოსახლეობას ზღვისპირა საკურორტო
ქალაქ გოაში. ეს ბოლო სერიოზული უსიამოვნება კი, რომლის გამოც ორივე ქვეყნის საგარეო
უწყებებიც კი იძულებული გახდნენ სპეციალური განცხადებები ეკეთებინათ, გამოწვეული იყო
იმით, რომ რუსეთის ქალაქ ტომსკის პროკურატურამ მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ ძველინდური
წმინდა წიგნი „ბჰაგავად–გიტა“ ექსტრემისტული წიგნია და სასამართლოს მისი აკრძალვის
მოთხოვნით მიმართა.
ადვილი წარმოსადგენია,
რა რეაქცია შეიძლება მოჰყოლოდა ასეთ უგუნურ გადაწყვეტილებას თვითონ ინდოეთში და ყველა
საღად მოაზროვნე ადამიანის მხრიდან, როდესაც 21–ე საუკუნეში მილიარდობით ადამიანისთვის
უმნიშვნელოვანეს სასულიერო სიწმინდეს „ექსტრემისტულად“ მოიხსენიებენ და მის გასამართლებასაც
აპირებენ. მთელი კვირის განმავლობაში, ვიდრე
ტომსკის სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყებოდა, დელიში, რუსეთის საელჩოსთან ხალხმრავალი
საპროტესტო აქციები ტარდებოდა, რომლის მონაწილენიც აღშფოთებას გამოხატავდნენ რუსეთში
წამოწყებულ საქმესთან დაკავშირებით და აცხადებდნენ, რომ ეს პროცესი ინდოეთის ეროვნულ
სიწმინდეს შეურაცხყოფს. უმოქმედოდ არც ინდოეთის ხელისუფლება დარჩენილა და დიპლომატიური
გზებით შეეცადა პროტესტის გამოხატვას.