გელით facebook–ზე

31.07.2013

ათი რამ, რამაც შეიძლება ინდოეთში გაგაღიზიანოთ

ინდოეთი კონტრასტების ქვეყანაა, ვიღაცას ის წლების განმავლობაში იზიდავს, ვიღაცას პირველივე წუთიდან აშინებს...


... მაგრამ ყველაზე ხშირად ის იზიდავს და აშინებს კიდეც ერთდროულად. იმისათვის, რომ ამ ქვეყნის მიერ ნაჩუქარი გამოცდილების მშვენიერი ნაწილი უფრო მეტი და წონადი იყოს, გამოვყოფ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელმაც დამწყებ მოგზაურს შესაძლოა ინდოეთში წასვლა გადააფიქრებინოს, თუმცა აქვე მოცემულია ამ ფაქტორებთან ეფექტური ბრძოლის რამდენიმე მეთოდიც.



1. სუნები: ლპობის და ხრწნის, წვისა და შებოლვის, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შედეგების... დიდ და პატარა ქალაქებში ეს სუნები ყველგანაა. „შეეგუეთ, – ამბობს გამოცდილი ხალხი, – ეს ინდოეთის დაუვიწყარი გამოცდილების ნაწილია“. თუ არ შეგიძლიათ შეგუება, ეცადეთ, რომ თავი აარიდოთ – გირჩევთ მე. თუ საშუალება გაქვთ, რაც შეიძლება სწრაფად გაიარეთ მანქანით, გადაირბინეთ ფეხით, გადაფრინდით, გაძვერით ხოხვით რომელიმე აყროლებულ ადგილას. თან იქონიეთ სველი ხელსახოცები, რომლებიც თითქმის ყველა მაღაზიასა და აფთიაქში იყიდება და აიფარეთ ცხვირ–პირზე, როცა ამის საჭიროება იქნება. იმის გამო, რომ სუნებს ხშირად ახლავს ისეთივე უსიამოვნო ვიზუალიზაცია, დროულად ისწავლეთ თვალის დახუჭვა და ნუ შეუშვებთ თქვენს ტვინში არასასურველ ხილვებს.


2. ხმები: ამ შემთხვევაში შეგუება ვერ გიშველით. საუკეთესო ვარიანრია, რომ უბრალოდ არ იცხოვროთ იქ, სადაც ბევრი მძიმე და ძლიერი ხმაა, მაგალითად, სასტუმროს ისეთ ნომერში, რომლის ფანჯრებიც მთავარ ქუჩაზე ან გზის სავალი ნაწილის მხარეს გადის. ყურსაცობები არ შველის: თუ ქუჩაში მყოფი მანქანების ხმა არ ისმის, მეზობელი მშენებლობიდან ხმაური აუცილებლად გაგიბურღავთ ტვინს თითქმის პირდაპირი მნიშვნელობით. ზოგან კი, მაგალითად, გოაში კათოლიკე მოსახლეობა თავიანთ ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენებს პეტარდების აფეთქებით აღნიშნავენ. ხშირად პირველი ასეთი აფეთქების ხმა დილის 6 საათზე აყრუებს მთელს გარემოს. ამის წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არ აქვს, უბრალოდ ნერვები უნდა გაიკაჟოთ და მოთმინებით აიტანოთ სხვების ტრადიციები და წესები.


3. სიცხე: ყველაზე აუტანელი სიცხე სადღაც აპრილის შუა რიცხვებში დგება და გრძელდება წვიმების სეზონის დაწყებამდე. სადმე ზღვის სანაპიროს თუკი შეიძლება რომ შუადღის ხვატი წყალში გადაიტანოთ, მშრალ ადგილებში, მაგალითად რაჯასტანში საუკეთესო, რაც შეიძლება მოიფიქროთ, იქნება ის, რომ ქვიშაში ყელამდე ჩაეფლოთ და დაელოდოთ, როდის გაივლის რომელიმე აქლემი, რომ თავზე იქნებ დაგაფურთხოთ. ღამეები ისეთივე აუტანელი და დახუთულია, როგორც დღე. საუკეთესო არჩევანი სიცხეების დადგომასთან ერთად ჩრდილოეთით გამგზავრებაა ჰიმალაის მთებში, როგორც ამას შეძლებული ინდოელები აკეთებდნენ საუკუნეების მანძილზე. მაგრამ თუკი სიცხემ მაინც გამოგიჭირათ, ნუ დაოგავთ თანხას საცხოვრებელზე და აირჩიეთ ნომერი კარგი კონდიციონერით. სუფთა ჰაერი და სიგრილე იმის წინაპირობა იქნება, რომ საღ აზროვნებას შეინარჩუნებთ.


4. ნაგავი და ჭუჭყი. ორ ინდოელს შეიძლება ასწავლო, რომ ნაგავი ფანჯრიდან არ უნდა მოისროლოს, მაგრამ ას ინდოელს ერთად ვერ ასწავლი. უბრალოდ ნუ აჰყვებით ცდუნებას და ნუ მოიქცევით ისე, როგორც ამას ადგილობრივი მოსახლეობა აკეთებს. ჯობია საკუთარი კარგი მაგალითით მათ ცხოვრებაში რაიმე სიახლე შეიტანოთ.


5. მათხოვრები. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი მათხოვარია, მილიონობით... დღეში შეიძლება ხუთამდე ადამიანი მოვიდეს თქვენთან, მაგრამ ესეც იმაზეა დამოკიდებული, რა ზომისაა დასახლებული პუნქტი. გამოწვდილი ხელით მოდიან სადჰუები, წმინდანები, რომლებიც იმით საზრდოობენ, რასაც მათთვის ადამიანები გაიმეტებენ, ახალგაზრდა დედები, რომელთაც მოთხუპნული შვილების არმია ახლავთ თან, თვითონ მოთხუპნული ბავშვებიც, რომელთაგან ზოგიერთმა ჯერ ლაპარაკიც არ იცის, მაგრამ პაწაწუნა ხელის გაშვერა ისწავლა. ასევე უხვად არიან უხელონი და უფეხონი, ვეტერანები, რომელთაც ჩვენთვის უცნობ ომებში დაკარგეს კიდურები (ზოგმა ასეც შეიძლება იფიქროს), მაგრამ სინამდვილეში ალბათ მათი უმეტესობა ბავშვობაში განგებ დაასახიჩრეს მეპატრონეებმა ან თუნდაც ნათესავებმა, რომ მათხოვრობისას გამვლელებს გული აუჩუყონ და ასეთი მდგომარეობით მეტი ფული მიიღონ (slumdog millionaire). შეიძლება უბრალო უსაქმურებიც მათხოვრობდნენ, რომლებიც სანაგვეზე ცხოვრებას არიან მიჩვეულნი, ან თუნდაც ნორმალური გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცებიც, რომლებსაც თავის დროზე 1–2 ფუნტი მიუღიათ ასაკოვანი და დიდსულოვანი ბრიტანელი ქალბატონებისგან, და გადაწყვიტეს, რომ ასე ცხოვრებაც შეიძლება.

როგორ  უნდა მოიქცეთ იმ დროს, როცა ისეთ ადამიანს აქვს ხელი გამოშვერილი, რომლის ხვედრიც, თქვენი აზრით, ბევრად მძიმეა, ვიდრე თქვენი? რა თქმა უნდა, უნდა მისცეთ, მაგრამ არა ფული და არა ყველას. ბავშვიდან დაწყებული მოხუცით დამთავრებულის უმეტესობა ალბათ თქვენი მიცემული ფულით ბეტელს იყიდის თავის გასაბრუებლად და კბილებისთვის სისხლიანი სახის მისაცემად, რასაც დაღეჭვის შემდეგ მოურიდებლად გადააფურთხებს სადაც მოუხდება და უსიამოვნო კვალი მისი ბაგე–კბილების გარდა ასფალტსაც და შენობის კუთხესაც დაეტყობა. იმის გამო, რომ თქვენს მიერ გაცემული რუპია ვიღაცის კაიფში არ დაიხარჯოს, რაც უკვე „bad karma“ იქნება, ჯობია შესთავაზოთ საკვები ან ტანისამოსი, რაზეც, დიდი ალბათობით, გაკვირვებულ თვალებს და უარს მიიღებთ, და თუ მაინც თქვენი წყალობა მიიღეს, ისევ ფულში გადაცლიან და ისევ ბეტელში დახარჯავენ. უნდა გახსოვდეთ ისიც, რომ როცა რომელიმე თხუპნია ბავშვს აძლევთ ფულს, ის პატარაობიდანვე ეჩვევა მათხოვრობით ცხოვრებას და მომავალში მისგან უკეთესი არაფერი გამოვა. თუმცა უცხოელები ხშირად მაინც დიდსულოვნებას, ანუ უფრო სწორად ფსევდოდიდსულოვნებას იჩენენ. შინაგანი ხავერდოვანი ხმა, გულუხვი კოლონიზატორის ხმა ეუბნება მათ, რომ – „დიახ, მე შემიძლია, მე მაქვს, არ მენანება, და ამით კარგ საქმესაც გავაკეთებ“. მაგრამ სამწუხაროდ, ეს არც ისე კარგი საქმეა.

თუ გადაწყვეტთ, რომ საკვები გაუწოდოთ, იქვე გაიგონებთ: „ნოუ, გივ მი მანი!“ – ფული მომეცი. ტანსაცმლის მიწოდებისას ასევე უკმაყოფილო სახეებს დაინახავთ.

თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ერთი რუპიით შესაძლოა მართლა დაეხმარებით – ეს წმინდანები არიან, რომლებმაც უარი თქვეს საერო ცხოვრებაზე სულის განწმენდისა და სულის სიმშვიდის მოპოვების მიზნით. ფსევდოწმინდანები უხვად არიან განსაკუთრებით წმინდა ქალაქებში, თუმცა მათი გარჩევა ნამდვილი წმინდანებისგან ძალიან მარტივია თვალებით – ნამდვილ წმინდანებს სუფთა მზერა აქვთ. ასეთები მხოლოდ იმით ცხოვრობენ და სულდგმულობენ, რასაც მათთვის უფალი გაიღებს.

შეგიძლიათ გასცეთ ყველაფერი ის, რაც არ გჭირდებათ მოგზაურობისას ან მოგვიანებით არ დაგჭირდებათ. გამოცდილი მათხოვრები მათაც ფულზე გაცვლიან. ყველაზე უკეთესი  მაინც შემოწირულობების დატოვება იქნება ტაძრებში, ის მაინც გეცოდინებათ, რომ ფული ბრაჰმანებს და წმინდანებს მოხმარდება.


6. ხელმრუდე ბრაჰმანები. წმინდა ქალაქ პუშკარში, სადაც 500 ტაძარია და 2 ათასზე მეტი სასულიერო პირია, დიდი პრობლემაა, სასულიერო პირებს სარჩო–საბადებელი ნამდვილად აკლიათ. ის ფული, რასაც მლოცველები სწირავენ, საკმარისი არ არის – ძალიან დიდია კონკურენცია. ამიტომ თეთრკანიანი ტურისტი ამ მხარეში გემრიელი ლუკმაა. საკმარისია, რომ გჰატზე შეაბიჯოთ (კიბეები, რომლებიც წყალთან ჩადიან), მაშინვე შემოგეხვევიან ყოველგვარი კითხვების გარეშე, ხელს ხელში წაგავლებენ, საფეხურებზე ჩამოგაჯენენ,  და გაიძულებენ, რომ მათთან ერთად გაიმეორო აღსაქმელად და გამოსათქმელად რთული მანტრები, მერე კი ნამდვილი ბოშური ვაჭრობა იწყება:
რა გქვია? საიდან ხარ? ნათელი და წმინდა იყოს შენი გზა, და ბედიც შენს მხარეზე იყოს, რა ჰქვიათ შენს ახლობლებს? ეს და ეს. დაილოცონ შენი ახლობლები ეს და ეს, და ხვავი და ბარაქა არ მოკლებოდეთ. შემდეგ წმინდა წყალს გაპკურებენ ცხვირ–პირში ან თავზე და გადახდის დროც მოვიდა. საიდან ხარ? აა, ამ ქვეყნიდან? ტურისტები თქვენი ქვეყნიდან ძალიან გულუხვები არიან, ხშირად 10 ან 50 დოლარსაც მაძლევენ, ზოგჯერ 100 დოლარსაც, ძალიან გულუხვები არიან, შენ იმდენი მომეცი, რამდენიც შეგიძლია, ეს ხომ წმინდა პუჯაა და დალოცვილი იქნები.
ტურისტი: მე არანაირი პუჯას ჩატარება არ მითხოვია და არც არაფერს არ მოგცემ.
ბრაჰმანი: რა? აბა შენი ახლობლები? ეს და ეს, ის და ის? არ გინდა, რომ დალოცვილები იყვნენ და რომ მათ სამუდამოდ ბედნიერება უსურვო?

რას იტყვი? ვერც ვერაფერს... რა თქმა უნდა მინდა! მაგრამ ბედნიერება ალბათ ნაკლებადაა დამოკიდებული სწრაფად გამეორებული რამდენიმე სიტყვაზე იმ ადამიანის მიერ, რომელმაც ძალაც კი არ დაიტანა, რომ რიტუალის სიწმინდე მაინც დაეცვა. რა საჭიროა? „თეთრი კურდღელი“, ანუ ტურისტი მაინც ვერაფერს გაიგებს. ჩემი ნაცნობი ეცადა ერთი ბრაჰმანისთვის აეხსნა, რომ ღმერთსა და მას შორის შუამავალი არ სჭირდება, მაგრამ ბრაჰმანს ყურიც არ დაუგდია თუ ვერც გაიგო. უთხრა რომ ჩუმად მჯდარიყო და გაემეორებინა, რასაც ის იტყოდა. და ეს თარგმანის სირთულეების გამო სულაც არ მომხდარა. მან უბრალოდ ვერ გაიგო, როგორ შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს. კასტურ საზოგადოებაში ასეთი აზროვნება მიუღებელია.

ერთი სიტყვით, ასეთ შემთხვევაში საუკეთესო საშუალება იქნება, რომ დასაწყისშივე აღკვეთოთ რამე სახის რელიგიური მანიპულაციის ჩატარება, მაგრამ თუ ბრაჰმანი უფრო სწრაფი აღმოჩნდა და დაგასწროთ, ასეთებიც არიან, მაშინ ჯობია დაუთმოთ და მისცეთ იმდენი, რაც გემეტებათ, რაც არ უნდა იყოს, მან სამი წუთი დახარჯა იმისთვის, რისი გაკეთებაც შეუძლია: თქვენ და თქვენიანებს ბედნიერება უსურვა და უფლის სახლით ფული იშოვა.


7. "ალალი" და ცნობისმოყვარე ინდოელები. მათ შეუძლიათ, რომ საათობით გიცქირონ მდუმარედ პლაჟზე, განსაკუთრებით, ქალებს ეხება ეს. ან მოვიდნენ ახლოს ქუჩაში თქვენთან და თქვენს ცხვირწინ დაიწყონ თქვენზე ბჭობა, განსაკუთრებით, როცა ერთად არიან რამდენიმე და დანგრეული ინგლისურით გაგესაუბრონ კიდეც: ვოტს იო ნეიმ? ვერ არ იუ ფრომ? ვერ დუ იუ გოუ? თავიდან ეს ნდობას იწვევს, შემდეგ თანაგრძნობას, მერე ღიმილს, და როცა მეასედ ერთი და იგივეს გეკითხებიან, რა თქმა უნდა გაგაცოფებთ კიდეც. მათ ხშირად პასუხები არც აინტერესებთ, ზოგჯერ მათთვის მნიშვნელოვანია თქვენთან ერთად სურათის გადაღებაც.

თუ თქვენ გოგონა ხართ და თან საცურაო კოსტუმში, და უკვე 5 წუთია თავზე შავთვალება შავტუხა ბიჭი დაგყურებთ გამალებით, რომელიც პირველად ხედავს საცურაო კოსტუმში გამოწყობილ ქალს, ჯობია დროულად ჩაიცვათ და წახვიდეთ. როგორც წესი, ასეთებს არანაირი ენა არ ესმით მშობლიურის გარდა და საერთოდ არაფერი არ ესმით, ამიტომ თქვენს თხოვნას „გთხოვთ, წადით“ ვერც ვერავინ გაიგებს.


8. ფულზე „გადაგდება“. ასეთი რამ ყველგან ხდება ინდოეთში ტურისტულ ადგილებში. რა თქმა უნდა პატიოსანი ადამიანებიც არიან, მაგრამ უფრო ცოტა, ვიდრე ნაკლებად პატიოსანი ადამიანები. უნდა იცოდეთ ადგილობრივი ფასები, შეხედეთ შეფუთვებს, როგორც წესი, ყველას აწერია საქონლის უმაღლესი ფასი. ჰკითხეთ მათ, თქვენი გარემოცვიდან, ვინც საქმის კურსშია. იცოდეთ, რომ იქ, სადაც გამალებით გეძახიან ან უკვე მიგათრევენ კიდეც, აუცილებლად „გადაგაგდებენ“, ანუ მოგატყუებენ, და ბევრად მეტს გადაგახდევინებენ საქონელში, ვიდრე ის ღირს. ბაზრებზე აუცილებლად შეევაჭრეთ და 2–3ჯერ დააკლებინეთ ფასი – აქ ასეა მიღებული.

თუ გარშემო ინდოელები არიან, აუცილებლად ნახეთ, ისინი რამდენს იხდიან და თქვენც ასეთივე ეკონომიკური მიდგომა მოითხოვეთ თქვენს მიმართ, მაგრამ შესაძლოა შეგხვდეთ არგუმენტი, რომ თქვენ თეთრკანიანი ხართ, ევროპიდან, ამერიკიდან, „ჩვენ აქ ღარიბები ვართ“, ღარიბებისთვის იაფია, თქვენ ამდენი უნდა გადაიხადოთ. ეს ეხება როგორც საქონელს, ასევე ტრანსპორტსაც. ტრანსპორტთან მიმართებაში, წინასწარ ჯობია ფული არ მისცეთ, მაგრამ მკაცრად მოელაპარაკოთ თანხის ოდენობაზე და სადმე ქაღალდის ნაგლეჯზე მათი თანდასწრებით დაწეროთ კიდეც თანხის ოდენობა, რადგან ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაყვანისთვის საჭირო თანხა ადგილზე მისვლისას შესაძლოა გაორმაგდეს და მძღოლიც ყველანაირად ეცდება დაგიმტკიცოთ, რომ ამდენი თანხის გადახდაა საჭირო, პირვანდელი შეთანხმების მიუხედავად. თუ საქმე ძალიან გართულდა და თქვენ არ გსურთ ზედმეტის გადახდა, ან დროულად უნდა გაეცალოთ, ან პოლიციით მაინც დაემუქროთ, რის შესრულებას მაინც და მაინც არც გირჩევთ, მაინც ზედმეტი თავსატეხია.


9. ინდური დაუდევრობა. მაგალითად, უცხოელი ელაპარაკება ინდოელს, რომელის ავტობუსებში მგზავრებს ანაწილებს. ავტობუსი ჯერ კიდევ ერთი საათის წინ უნდა მოსულიყო, და აი როგორც იქნა მოვიდა:

ინდოელი: ჰეი, მისტერ, აი თქვენი bus, აგერ ყვითელი რომ დგას და თითით იშვერს ტრანსპორტის ჯოგისკენ
ევროპელი – ანუ ის მწვანე?
ინდოელი (ხელს იქნევს და უკვე სლ სხვა რაღაცით არის დაკავებული): დიახ, დიახ, ეგ არის...

და სინამდვილეში საჭირო ავტობუსი წითელი აღმოჩნდა.

დაუდევრობასთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი შეგუებაა. სინამდვილეში კი ასეთი ისტორიები ინდოეთში ყოველდღიური ცხოვრებიდან მეგობრებისთვის მოსაყოლი საუკეთესო მასალაა ზამთრის ცივ ღამეებში ბუხართან ან სუფრაზე. ასე მხიარულებასაც შეინარჩუნებთ და ნერვებიც არ დაგიზიანდებათ. ინდური დაუდევრობა ერთერთი ფართოდგავრცელებული ფენომენია და თუ ვინმეს რამე მსგავსი გადაგხდენიათ, კომენტარებში ჩაწერეთ, ერთად ვიხალისოთ.


10. გაუგებარი მოძრაობის წესები ქუჩაში. ეს მართლაც რომ ნამდვილი საგიჟეთია. ინდოეთის გზებზე მოძრაობის სრულუფლებიანი წევრი ნებისმიერი მოძრავი საგანი შეიძლება იყოს – ანუ, ავტომობილების, მოტოციკლებისა და ავტობუსების გარდა ეს შეიძლება იყოს ურმები, მოსეირნე ძროხები, რომლებიც ყოველთვის ძალიან ნელა მოძრაობენ და ზოგჯერ საერთოდ გზის სავალ ნაწილზე წვებიან კიდეც, ესენი არიან ასევე ველორიქშები, მოტორიქშები, ბოსტნეულისა და ხილის დამტარებლები თავიანთი უზარმაზარი ბორბლებიანი დახლებით, უბრალო კაცები, რომლებიც უზარმაზარ ტვირთს მიათრევენ რაღაცით, და სატვირთო მანქანებიც. ტროტუარები, როგორც წესი არ არსებობს გზების გასწვრივ, და თუ სახლების ჭუჭყიან კედლებთან მიტუზულ ფეხითმოსიარულეებსაც გავითვალისწინებთ, ამ ქაოსში ერთადერთი თქვენი დანიშნულება იქნება, რომ კიდურები არ დაიზიანოთ რამით.

მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა, როგორც წესი მარცხენა მხარესაა, სინამდვილეში სულაც არ არის აუცილებელი, რო ეს ასე ხდებოდეს. მძღოლს თავისუფლად შეუძლია გადავიდეს საპირისპირო მხარეს და იქ იმოძრაოს, ხოლო საპირისპიროდ მომავალ მანქანას მისთვის გვერდის ასავლელად თავისი გზის მაგივრად საწინააღმდეგო მიმართულებაზე მოუწიოს გადასვლა, ასე რომ აქაც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

აზრი არ აქვს სასიგნალო ფარების გამოყენებას და ნურც სხვისგან დაელოდებით, რადგან ერთადერთ მოქმედ სიგნალად აქ მანქანის საყვირის სიგნალი ითვლება და ამიტომ ყველა მხრიდან მუდმივად და გაუთავებლად ისმის ყველანაირი პიპინი. დიდი ავტობუსები კი ისეთ ხმას გამოსცემენ, სპილოს რომ დაეღნავლა, თუ მას დინოზავრი დააბიჯებდა, ყველაზე დიდი დინოზავრი და სპილოც აუტანელი ტკივილის გამო ქვეყანას გააყრუებდა.

სრულიად უსარგებლონი არიან ამ შემთხვევაში გზებზე წესრიგის დამცველები – პოლიციელები, რომელთაც მხოლოდ ერთადერთი დანიშნულება აქვთ, რომ საკუთარი ოჯახის ბიუჯეტი შეივსონ. ასე, რომ თუ გაგაჩერათ დარღვევისთვის, ჯარიმა არ აგცდებათ და თავიდან ჯარიმის ოდენობის გამო გული არ უნდა წაგივიდეთ, როგორც წესი, ვაჭრობა ამ შემთხვევაშიც მოსულა და 100 რუპია (2 აშშ დოლარი) მშვენიერი გამოსავალია გამოუვალი მდგომარეობიდან. სხვა შემთხვევაში კი ჯობია, თუ საერთოდ არ გაუჩერებთ, არც არავინ გამოგედევნებათ, თქვენნაირი სულ 203 წუთში კიდევ გამოჩნდება და არც პოლიციელის ბიუჯეტი დაზარალდება ძალიან თქვენი „გაქცევით“.


და ბოლოს, ამდენი მძიმე ინფორმაციის მიღების შემდეგ უნდა დაიმახსოვროთ ერთი რამ, თუ მიემგზავრებით ინდოეთში, რომ დაიტვირთოთ შთაბეჭდილებებით და ცხოვრების განსხვავებული სტილის გამოცდილების მიღების მიზნით, ნუ დაიტვირთავთ მაინც და მაინც თავს ნეგატიური ინფორმაციით, გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს და საუკეთესო გამოსავალი მოთმინება და საკუთარ ძალებზე იმედს დამყარებაა. ინდოეთი განსაკუთრებული ქვეყანაა და იმედია კიდევ დიდი ხნის მანძილზე დარჩება ასეთ ქვეყნად, სადაც გამგზავრება ღირს თუნდაც იმის გამო, რომ თქვენს ყოველდღიურ მოსაბეზრებელ ერთფეროვნებას მოწყდეთ და სიახლე შეიტანოთ ცხოვრებაში. სასიამოვნო და შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას გისურვებთ, თუმცა რად უნდა ამას სურვილი, შთაბეჭდილებები ისედაც არ აგცდებათ, როგორც კი ამ ქვეყანაში ფეხს ჩადგამთ :) ადრენალინი, შოკი, შოკი, ადრენალინი :)

სხვა სტატიები ამ თემაზე:
ინდოეთში მოგზაურის სამახსოვრო

1 комментарий:

Unknown комментирует...

ვიხალისე :)მაგრამ ინდოეთში წასვლას ვერაფერი გადამაფიქრეინებს, სტატიების ნახევარზე მეტი წავიკითხე და უზომოდ დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამ ბლოგისათვის, მეც კი დამაწერინა კომენტარი,მიკვირს...
p.s ჩემი პირველი კომენტარია მსგავს საიტებზე თუ ბლოგებზე