გელით facebook–ზე

04.05.2014

ქართველი ფოტოგრაფის მიერ დანახული ვაისახი ნიუ–იორკში

ვაისახი ანუ სხვანაირად ბაისახი ახალი წლის და მოსავლის აღების დღესასწაულია, რომელიც პენჯაბში აღინიშნება. ვაისახი სიქჰებისთვის რელიგიური ფესტივალიცაა და მათ კალენდარში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ვაისახი აღინიშნება „ნანაკშაჰის“ მზის კალენდრის მიხედვით ვაისახის თვის პირველ დღეს, რაც გრიგორიანული კალენდრით აპრილის თვეში უწევს.

ამ დღეს ახალი წლის დადგომას ასევე აღნიშნავენ ნეპალშიც და ინდოეთის სხვა რეგიონებშიც, კერალაში, ორისაში, დასავლეთ ბენგალიაში და თამილ–ნადუში. ამ დღეს ინდოეთის ჩრდილოეთის შტატებშიც ეგებებიან, როგორც მოსავლის ფესტივალს.

ბოლო დროს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრები სიქჰებიც აღნიშნავენ ამ დღესასწაულს, განსაკუთრებით ბრიტანეთში, აშშ–ში და კანადაში.

ფოტოგრაფი გურამ მურადოვი, ინტერნეტ–ჟურნალ „ფოტოესეს“ მთავარი რედაქტორი, ახლახან დაბრუნდა აშშ–დან, სადაც ნიუ–იორკში ყოფნისას სწორედ სიქჰების დღესასწაულსაც დაესწრო. გთავაზობთ მისი თვალით დანახულ ვაისახის ნიუ–იორკის ქუჩებში, ქალაქში, რომელიც ჭეშმარიტად იმსახურებს მსოფლიო დედაქალაქის წოდებას და განთქმულია თავისი ტოლერანტობით სხვადასხვა ხალხების კულტურის მიმართ. ასევე გაგიზიარებთ გურამ მურადოვის შთაბეჭდილებებს მის მიერ დანახულთან დაკავშირებით:

„ნიუ–იორკი ისედაც კონტრასტების ქალაქია. ქუჩებში სეირნობისას უამრავ მოულოდნელობას შეიძლება გადააწყდეთ. ერთია ქალაქი, როგორც ასეთი, ბეტონის, რკინის და შუშის შენობები უთვალავი ხალხით ქუჩებში, სულ სხვა ქალაქია მეორე ნიუ–იორკი, შუშებში არეკლილი, რომელსაც სხვა განზომილებაში გადაყავხარ. მისეირნობ შენთვის ქუჩაში, ათვალიერებ ქალაქს და უეცრად, თითქოს არსაიდან, მთელი პროცესია მოემართება და ისეთ ემოციებს აღძრავს ეს მსვლელობა, რომ სრულიად გავიწყდება, სად იმყოფები, ნიუ–იორკია თუ რომელიღაც ეგზოტიკური ქვეყნის მრავალფერადი კუთხე. პროცესიაში უამრავი ავტომობილი და მოტოციკლი იყო ჩართული, ყველა მანქანიდან თავისი მუსიკა იღვრებოდა გარშემო, ძირითადად ბჰანგრას სტილში. უხვად იყო ცოცხალი მუსიკაც. თვალს ჭრის მონაწილეთა ფერადი კოსტუმები, უცნაური წვეროსანი ბაიკერები, მოზარდები და უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებიც უცნაურ ცეკვებს ასრულებდნენ უცნაური ატრიბუტების გამოყენებით. სიქჰების ტრადიციულ კოსტუმებიანი მუსიკალური მსვლელობის შემდეგ სურათი იცვლება, მაგრამ სანახაობა არ თავდება, ქუჩაში, რომელიც უზარმაზარ სცენადაა ქცეული უკვე სულ სხვა სახის მარში ცვლის, თავის ორკესტრთან ერთად, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...“






















(ყურადღება: ფოტოსურათები ეკუთვნის ავტორს, გურამ მურადოვს. თხოვნა მექნება მასთან და ჩემთან შეუთანხმებლად სურათებს ნუ გამოიყენებთ სხვაგან)სხვა სტატიები ამ თემაზე:
ოქროს ტაძარი ჰარიმანდირ საჰიბი

სიქჰიზმი
ინდოეთში სიქჰების კულტურის მამაკაცური კონკურსი ჩატარდა
ინდოელი მამაკაცების ეროვნული სამოსი

Комментариев нет: