გელით facebook–ზე

09.11.2016

ინდოეთში 500 და 1000 რუპიის კუპიურები მიმოქცევიდან ამოიღეს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მიმოქცევიდან 500 და 1000 რუპიის ნომინალის კუპიურების ამოღების შესახებ განაცხადა, რაც მისი თქმით, კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გაკეთდა. კუპიურების გადაცვლა მოქალაქეებს ბანკებში ან ქვეყნის საფოსტო განყოფილებებში შეეძლებათ 30 დეკემბრამდე. გამონაკლისის სახით ამ კუპიურებით ანგარიშსწორება შესაძლებელი იქნება სახელმწიფო საავადმყოფოებში. ამის შესახებ წერს Indian Express.


თავის სატელევიზიო მიმართვაში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მალე მიმოქცევაში შემოვა 500 და 2000 რუპიის ნომინალის ახალი კუპიურები. მოდიმ ასევე მოუწოდა მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინონ ხელისუფლებას ყალბი კუპიურების გა ე.წ. „ბინძური ფულის“ გავრცელებასთან ბრძოლაში. მოქმედი კურსით 1000 ინდური რუპია 15 აშშ დოლარის ტოლია.

23.05.2016

ჰემა მალინი ქართველ თაყვანისმცემლებს შეხვდა

ბოლივუდის ნამდვილი ვარსკვლავი, რომელიც კარგადაა ნაცნობი ინდური კინოს მოყვარულთა უფროსი თაობებისთვის, 20-21 მაისს თბილისს ეწვია. როგორც პოლიტიკოსს და საზოგადოებრივ მოღვაწეს, საქართველოს დედაქალაქში ორი დღის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, თუმცა ოფიციალური შეხვედრების გარდა ბევრ სხვა ღონისძიებაზე დასწრებაც მოახერხა, მათ შორის ქართველ თაყვანისმცემლებსაც არ დაწყვიტა გული.

კინოთეატრ ამირანის ფოიეში შეკრებილი რამდენიმე ათეული თაყვანისმცემელი მოუთმენლად ელოდა ბავშვობიდან კარგად ნაცნობი და საყვარელი მსახიობის გამოჩენას, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან დაიპყრო ინდური კინოს მაყურებელთა გულები. ვერავინ შემედავება, რომ ბოლივუდის გასული საუკუნის ბოლო რამდენიმე ათწლეულის ქალ მსახიობთა შორის ჰემა მალინიზე მეტად ცნობილი და პოპულარული სხვა რომელიმე მსახიობია. შესაბამისად, თაყვანისმცემლებშიც მღელვარება წუთი წუთზე მატულობდა, ნანატრი კუმირის შემოსვლის დროის მოახლოებასთან ერთად.

20.05.2016

ცნობილი ინდოელი პროდიუსერები საქართველოში ფილმს გადაიღებენ

(წყარო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამნისტრო) - პროგრამის ‘“გადაიღე საქართველოში“ პირველი შედეგი უკვე სახეზეა - ინდოეთის წამყვანი პროდიუსერები, ძმები აბას და მუსტან ბურმავალები  საქართველოში ჩამოვიდნენ და 20 მაისს შეხვედრა ვიცე-პრემიერთან,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანი კვარაცხელია.


როგორც შეხვედრაზე ითქვა, ინდოელი პროდიუსერები საქართველოში 65 დღის განმავლობაში განახორციელებენ რომანტიული ტრილერის “Machine” გადაღებებს და უკვე აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ საპროდუსერო და სარეკლამო კომპანიასთან „ბეთერფლაი.“ აღსანიშნავია, რომ საქართველოში არა მხოლოდ გარკვეული ეპიზოდების,  არამედ  ფილმის სრული მოცულობით გადაღება მოხდება. კინოოპერატორთა ობიექტივში ძირითადად მოექცევა ქალაქები ბათუმი და მესტია.

თბილისში ჰემა მალინი ჩამოვიდა


თბილისში ორდღიანი ვიზიტით ბოლივუდის ვარსკვლავი ჰემა მალინი ჩამოვიდა. როგორც ცნობილია, ჰემა მალინი, გარდა იმისა, რომ მსახიობია, აქტიურად ეწევა პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ინდოეთში და პარლამენტის წევრიც არის. ამის გამო, სავარაუდოდ, მას დატვირთული სამუშაო გრაფიკი ექნება თბილისში და ალბათ ოფიციალურ შეხვედრებსაც გამართავს.

რაც შეეხება ბოლივუდის ფანებთან და ჰემა მალინის გულშემატკივრებთან შეხვედრას, წინასწარ არაფერია ცნობილი მისი რთული განრიგის გამო.

ინდოეთის ბევრი მოყვარულისთვის ჰემა მალინი კარგადაა ცნობილი, განსაკუთრებით უფროსი თაობის ადამიანებისთვის, ისეთი ფილმებიდან, როგორიცაა "ზიტა და გიტა", "შურისძიება და კანონი" და სხვა უამრავი.



21.03.2016

ინდური სილამაზე: ინდოელი ქალების ჭეშმარიტი მშვენება

რუმინელი ფოტოგრაფი მიქაელა ნოროკი ახლახანს ინდოეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ქალების ფოტოები გადაიღო, რომლებიც მათ თვითმყოფად და ბუნებრივ სილამაზეს ასახავენ. ფოტოგრაფის თქმითბევრი ინდოელი ქალი დისკრიმინაციას განიცდის და მათი ცხოვრება მეტისმეტად რთულია, თუმცა, ამის მიუხედავად, ეს ქალები სილამაზისა და სიძლიერის არაჩვეულებრივი განსახიერება არიან.


წყარო: buzzfeed.com
ფოტოზე: მიქაელა ნოროკი

 ჯურღმულებსა და ელიტურ რაიონებში, თარის მტვრიან უდაბნოსა და რაჯასტანში, მუმბაის კოლონიალურ ხეივნებსა და განგის წმინდა მდინარის სანაპიროებზე - მიქაელა ყველგან საოცარ ქალებს ხვდებოდა და მათ სურათებს უღებდა

მუმბაი
 ბავშვობიდან ეს გოგონა მუმბაიში, მცირე ზომის კარავში ცხოვრობდა. მამა ძალიან ადრე გარდაეცვალა, ხოლო მისმა თავდადებულმა დედამ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ვაჭრობს, ყველაფერი გააკეთა, რომ ქალიშვილს ესწავლა. ფოტოგრაფის თქმით, მას იშვიათად შეხვედრია ასეთი თბილი და კეთილი ადამიანი განათლებისადმი ასეთი პოზიტიური განწყობით, მიუხედავად იმისა, რომ ამ გოგონას სახლი მთელი ცხოვრება ტროტუარი იყო...

მუმბაი
 სონამ კაპური - პოპულარული ინდოელი მსახიობი