ჩვენი საყვარელი ძროხა რიშიკეშში
პირველი ორი დღის განმავლობაში ყველაფერი ამის გამო კოშმარები გველანდებოდა. თავიდან სიარულიც კი გვიჭირდა, იმიტომ რომ ფეხქვეშ მუდამ რაღაც გვებლანდებოდა: ადამიანები, ძროხები, ძროხის ნაკელი, ძაღლები და სურსათის ნარჩენები. ნირვანასთან დაახლოებული მდგომარეობა კი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გვეწვია, როცა უკვე გავითავისეთ, რომ ყველაფერ იმას, რაც „ცივილიზებული“ სამყაროდან მოსულ ადამიანს შოკში აგდებს, უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდით, ხოლო ყველაფერი დანარჩენისგან კი უდიდეს სიამოვნებას ვიღებდით.
ქუჩა რიშიკეშში, ლაკშმან–ჯულას რაიონი
რიშიკეშის მთავარი ორიენტირები მდინარე განგზე გადებული ორი ხიდია: ლაკშმან–ჯულა და რამ–ჯულა. მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე ავტომობილით ვერ მოხვდები – მხოლოდ ფეხით ან მოპედით, რადგან ხიდები ძალიან ვიწროა, და ყველაზე ფართო, რასაც ამ ხიდზე გავლა შეუძლია, ძროხებია, რომლებიც კიდევაც აკეთებენ ამას, ანუ საკუთარი ნებით დასეირნობენ ხიდზე წინ და უკან (და არა მარტო ხიდზე) და ხშირად ხალხმრავალ ხიდზე გასავალსაც კი კეტავენ.
რამ–ჯულა – ერთი სანაპიროდან მეორეზე
თუმცა თუ ძალიან გეზარება ფეხით გადასვლა ერთი სანაპიროდან მეორეზე, ამისთვის მოტორიანი ნავებიც არსებობს. ნავზე ასვლისას თავიდან გგონია, რომ დიდი ვერაფერი სიამოვნებაა ამ მცურავი საშუალებით გასეირნება, მაგრამ მდინარის შუაგულში ისეთი სიგრილეა, რომ ამ „ბორნით“ გასეირნება თუნდაც ამის გამო ღირს. ფასი – ჩათვალეთ, რომ თითქმის უფასოა, ასე რომ სალაპარაკოდაც არ ღირს.
საბორნე გადასასვლელი მდინარე განგზე რიშიკეშში
რამ–ჯულას რაიონი უფრო მესიმპატიურა. ის თითქმის მთლიანად აშრამებისგან შედგება – უზარმაზარი სახლი–ციხესიმაგრებისგან, რომლებშიც ისევ და ისევ თითქმის უფასოდ შეგიძლია გაჩერდე რამდენიმე დღით და დადგენილი განრიგის მიხედვით იოგას სხვადასხვა პრაქტიკაში მიიღო მონაწილეობა.
ძველი აშრამი რიშიკეშში
აშრამში ცხოვრების საფასური უფრო მეტად სიმბოლურია – მაგრამ მის ტერიტორიაზე რამდენიმე წესი მოქმედებს, რომელთა დაცვა აუცილებელია. მაგალითად, 22.00 საათზე ჭიშკარი იკეტება, და ვინც ვერ მოასწრო შესვლა, მას დააგვიანდა და თავის თავს უნდა დააბრალოს. სასტიკადაა აკრძალული ალკოჰოლის მიღება. აშრამები ისევ და ისევ პილიგრიმებისგან შემოსული შემოწირულობებით ცხოვრობენ.
აშრამის შიდა ეზო რიშიკეშში
ერთერთმა აშრამმა რამდენჯერმე გადაგვარჩინა თავისი ჩრდილიანი შიდა ეზოთი, რომელზეც ყოველთვის გავივლიდით ხოლმე, როცა გავარვარებული მზის ქვეშ 35 გრადუსზე მოვიხრუკებოდით.
რიშიკეშის ერთერთი აშრამის პარკი
ჩვენ სასტუმროში ვცხოვრობდით, და არა აშრამში. რიშიკეშში ისევე უამრავი ოდენობის სასტუმროა, როგორც აშრამები, და ყველა მათგანში არის დარბაზი იოგასთვის.
სადჰუს ცხოვრების ტიპიური წესი
ჩვენს სასტუმროს ერქვა Green Hotel და ნომრის ფასი იყო 600 რუპია (15 დოლარი) დღეში. სავსებით ნორმალური სასტუმროა, ცხელი წყალი მუდამაა, ხოლო დენის მოწოდებაში მინიმალური პრობლემები იყო, რაც უსიამოვნებებს სულაც არ გვიქმნიდა.
მაიმუნები Green Hotel–ის ნომრის დალაშქვრას აპირებენ
Green Hotel–ის ყველაზე მთავარი ღირშესანიშნაობა სასტუმროს რესტორანია. ეს რესტორანი იტალიურად ითვლება, მაგრამ „იტალიურ“ კერძებს (პიცა და მაკარონი) მხოლოდ ბავშვები ჭამდნენ, ჩვენ კი ინდური სამზარეულოს მრავალფეროვნებით ვტკბებოდით. როგორც წესი, ათამდე სხვადასხვა კერძს ვუკვეთავდით, და შემდეგ ყველაფერს ერთმანეთს ვუსინჯავდით. საბოლოო ჯამში თითოეული ჩვენგანი სადილში 100 რუპიამდე ვიხდიდით (2,5 დოლარი) და ოფიციანტებს ჩაისთვისაც ვუტოვებდით.
ყველაზე თვალწარმტაცი ტაძარი რიშიკეშში განგის სანაპიროზე
კიდევ ერთი მშვენიერი რესტორანი Chotiwalas პირდაპირ რამ–ჯულას ხიდთან მდებარეობს. ამ რესტორანში კარგი სამზარეულოს გარდა საკმაოდ ღირებული „ბონუსია“ ტერასა მეორე სართულზე. ხო მართლა, რამაც ყველაზე ძალიან გაგვაკვირვა, რიშიკეშში თითქმის არ ყოფილან კოღოები და სხვა მწერებსაც ძალიან არ შევუწუხებივართ.
რიშიკეშის სანაპირო
რიშიკეშის საზომებით ფეშენებელური რესტორანი განთავსებულია სასტუმრო Great Ganga მდინარის მეორე ნაპირზე. და კიდევ ერთი რესტორანი შეგვიყვარდა ჩვენი მოგზაურობის დასასრულს Little Buddha Cafe, რომელიც ზედა გზაზე მდებარეობს ლაკშმან–ჯულასთან ახლოს და მასში ამზადებენ როგორც ინდურ, ასევე ტიბეტურ კერძებს. ჩვენ კი ეს რესტორანი იმიტომ შეგვიყვარდა, რომ აქ ამზადებენ საშინლად კარგ „ლასის“ – რძის მომჟავო კოქტეილი ბანანის, მანგოს და პაპაიას დანამატებით.
Little Buddha Cafe შოპინგი რიშიკეშში უფრო მოკრძალებული გამოგვივიდა, ვიდრე ის, რასაც ჩვენი მეგობრები გვიყვებოდნენ გოაში ან ოქროს სამკუთხედზე მოგზაურობის შემდეგ. რითაც რიშიკეშს შეუძლია დაიტრაბახოს, ეს არის წიგნის მაღაზიები, სადაც ნებისმიერი ლიტერატურის ყიდვა შეიძლება ინგლისურ ენაზე ინდოეთის, ინდუიზმის და ათასგვარი პრაქტიკების შესახებ.
საკმაულები, რომლითაცაა განთქმული ინდოეთი, რიშიკეშში ორ ნაწილად იყოფა – ძალიან ძვირი ნაწარმი და ძალიან იაფი ნაგავი. ტიბეტური მარჯნის მძივი, რომელიც ძალიან მომეწონა, უფრო სამახსოვროდ ვიყიდე, ვიდრე სატარებლად და მასში 100 დოლარი გადავიხადე. იმავე მაღაზიაში მართლაც ძალიან კარგი რუდრაკში მომყიდეს იგივე ფასში. შევაჭრებას აზრი არ ჰქონდა, ვერც იმით დაიმუქრები, რომ მეზობელ მაღაზიაში გადახვალ – ყველა მეზობელი მაღაზია იმავე პატრონის კუთვნილებაა.
ინდოელი ქალი აშრამში
იაფფასიანი სამკაულები მშვენივრად გამოიყურება ინდოელ ქალებზე, მაგრამ სასტიკად არ უხდება ევროპულ ხელებსა და ფეხებს. იგივე შეიძლება ითქვას ტანისამოსზეც. მაგრამ ჩვენ მას მაინც ვყიდულობდით, რადგან ამ ტანსაცმელში ინდოეთში ბევრად თავისუფლად გრძნობ თავს, ვიდრე იმაში, რაც სახლიდან წავიღეთ. ფასები სრულიად სასაცილოა: ტანისამოსი ნაკერების გარეშე – 100 რუპია (2,5 დოლარი), ნაკერებით – 150 რუპია, ნაკერებით და შესაკრავებით – 200 რუპია.
გამხმარი ნაკელი, რომელსაც საწვავადაც იყენებენ და სამშენებლო მასალადაც.
პირველი ნაწილის დასასრული. გაგრძელება იქნება...