უძველეს ქალაქ ტანჟავურის თავზე ამაყად აღმართულა ბრაჰადისვარას დიდებული ტაძარი, ამ ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობა (ეს ის ტაძარია, იუსენკოს დაცული ობიექტების სიაში რომ არის შეტანილი). ტაძარი 1003–1010 წლებში აშენდა მეფე რაჯარაჯის ბრძანებით, რომელიღაც ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად. ეს შივას ტაძარია. უფრო სწორად ტაძრების კომპლექსი, რომელიც რამდენიმე ტაძარს აერთიანებს. დაგეგმარებით კვადრატის ფორმისაა, და გარშემორტყმულია ორი მძლავრი კედლით. ყველაფერი გრანიტის ბლოკებითაა ნაგები, ნაწილობრივ აგურითაც და მორთულია ნატიფი სკულპტურებით. მთავარი ტაძარი 13 იარუსიანი პირამიდისებრი კოშკითაა დაგვირგვინებული, რომლის სიმაღლეც 61 მეტრია მონოლითური გუმბათით თავზე. გადმოცემების მიხედვით, მისი აგების მომენტში კოშკი, რა თქმა უნდა, ცას სწვდებოდა! საინტერესოა, რომ კოშკი იმგვარადაა აგებული, რომ შუადღისას ჩრდილს არ აჩენს წელიწადის ნებისმიერ დროს. ბრაჰადისვარას ტაძარი სამართლიანადაა მიჩნეული ერთერთ ყველაზე მაღალ ტაძრად ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ სხვა ადგილებში მდებარე ტაძრებისგან განსხვავებით ბრაჰადისვარა არ არის შეღებილი სხვადასხვა ფერებში, და თითქოს ასეც იყო თავიდანვე გათვლილი, თუმცა ამისი მტკიცება დღესდღეობით რთულია. რაც უდავოა – ეს ადგილი მართლაც წმინდა ადგილია.
მაგრამ ყველა დამსახურების მიუხედავად, არსებობს ასეთი ლეგენდა, რომ ამ ტაძარმა ერთ დროს თავისი სიწმინდე დაკარგა. ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ერთ მოხეტიალე განდეგილ ბერს ტაძარში შესვლა აუკრძალეს. ბერს არ დაუწყია უზნეო ბრამინების წყევლა, მაგრამ თავის სიმღერებსა და ჰიმნებში ბრაჰადისვარას სახელს აღარ ახსენებდა, ასევე მოიქცნენ მისი მოწაფეებიც. ღმერთებმა ამ ადგილს თავისი მადლი მოაკლეს, ხოლო მლოცველები ტაძარს გვერდს აუვლიდნენ ხოლმე.
მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ამას ვერ იტყვი. ტაძარში მოსიარულე ხალხი ნაწილობრივ თუ მოგაგონებთ ტურისტებს. თეთრკანიანი ადამიანები თითქმის არ არიან, და ამას უკვე ყველგან შევეჩვიეთ. ადგილობრივი ბრამინები შორეული ქვეყნებიდან ჩასულ სტუმრებს თბილად ეგებებოდნენ. ტაძრის შიგნითაც კი შეგვიშვეს, ყველაზე აკრძალულ ტერიტორიაზე, ისეთ ადგილზე, სადაც ყველა სხვა ტაძარში მკაცრი გაფრთხილებაა გამოკიდული FOR HINDU ONLY. გადაღებები რა თქმა უნდა აკრძალულია...
ტაძრის ტერიტორიაზე უსასრულოდ დავხეტიალობდით. საღამოს სიგრილის ატმოსფერო, შესანიშნავი სკულპტურები, რომელთაც შეგიძლია უსასრულოდ უცქირო, ადგილობრივი ქალების თვალისმომჭრელი ფერის ჩაცმულობა, რომლებიც ფარვანებივით (ქართულად ფარვანა ღამის პეპელაა, ჰინდიზე კი როგორც ვიცი უბრალოდ პეპელა) დაფარფატებენ გარშემო, და ეს სასიამოვნო გარემო მთელი საღამოს განმავლობაში სულიერი განცხრომის შეგრძნებას გვიქმნიდა.
შინ უკვე გვიან ვბრუნდებოდით. ჩვენი სასტუმროს პირდაპირ ბაზარი იყო, სადაც ცალკეული ჯიხურები გვიანობამდე იყო ღია. იქვე იყიდებოდა ანანასები 15 რუპიად (40 რუპია – ერთი დოლარი), რაც ვფიქრობ, რომ უცხოელი ტურისტებისთვის სპეციალურად გაზრდილი ფასი იყო. ბანანები ფანტასტიურად არომატული და ტკბილი იყო!!! კარგი იყო... მეორე დილით ახალ გზას უნდა გავდგომოდით...
სხვა სტატიები ამ თემაზე:
* ცისკენ მიმავალ გზაზე: რიშიკეშიდან ჰიმალაებში
* ტირუვანამალაის ტაძარში
* კოლკატა (კალკუტა) – ფოტოგალერეა
* მოგზაურის ჩანაწერები - მადურაი
* ზოგიერთი ინფორმაცია ინდოეთში მოგზაურობის მსურველთათვის
* ვარანასი
* ტაჯ მაჰალი
* მოგზაურობა დარჯილინგში
1 комментарий:
ძალიან ლამაზი ადგილია!
Отправить комментарий