მთავარია მონდომება, თორემ ყოველთვის ყველაფერი გამოვა, რასაც გულით მოისურვებ. შესაძლოა 2007 წელს ინდოეთში მოგზაურობისას დივალის დღესასზაულზე სულ 2 დღით დამაგვიანდა, მაგრამ ინდურმა ღმერთებმა ინებეს, რომ ეს ამ დღესასწაულს წელს თბილისში შევხვედროდი. წინა პოსტში დავწერე, რომ პატარა სიურპრიზი ამ დღესასწაულზე თბილისშიც იგეგმებოდა და სწორად მასზე მინდა მოგითხროთ. საზოგადოების იმ წრეებმა, ვისაც ინდოეთი აინტერესებს, იცოდნენ რამდენიმე კვირით ადრე, რომ 17 ოქტომბერს დივალისთან დაკავშირებით ინდურ რესტორან „მაჰარაჯაში“, რომელიც ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაიას) ქუჩაზე მდებარეობს, საზეიმო განწყობა იქნებოდა. მართალია ვერ ვიტყვი, რომ ხალხის რიგი იდგა თქო რესტორნის შესასვლელთან, მაგრამ საკმაო რაოდენობის სტუმრები შეიკრიბნენ და დღესასწაულიც შედგა. რესტორნის პერსონალი ინდური ელემენტების შემცველ ტანისამოსში იყო განწყობილი. სამკაულები და სახეც ინდურად ჰქონდათ მორთული. რესტორნის მენეჯერი, მომხიბლავი მარი ღიმილით და ინდური მისალმებით ეგებებოდა სტუმრებს.
სადღესასწაულო გარემოს რესტორანში ანთებული უამრავი სანთელი და სურნელოვანი ჩხირები და ზეთის ლამპები ქმნიდნენ. დარბაზში სასიამოვნო ინდური მუსიკა ისმოდა და ეს ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ჯადოსნური ძალით 2 წამში ათასობით კილომეტრი გადალახე და ინდოეთის შუაგულში ამოჰყავი თავი.
სტუმრები ნელ–ნელა ემატებოდნენ და მათ შორის თბილისში მცხოვრები ინდოელებიც. ჰაერში გაფანტულ ინდური საკმევლების სურნელებას ნელ–ნელა ემატებოდა სამზარეულოდან გამომავალი ინდური კერძების სურნელებაც და სტუმრების მომრავლებასთან ერთად მაგიდებზე ათასნაირი ინდური სასუსნავების მომრავლებაც იგრძნობოდა. რესტორნის მეპატრონის, ბატონი ჯამშიდის კეთილი ნებით, ყველა მაგიდას და მათ შორის მეც, რომელიც ბართან ვიჯექი, სადღესასწაულო ინდური ტკბილეული მოგვართვეს. სამწუხაროდ სახელები არ მახსოვს რა იყო, თან ცოტა გრადუსშიც ვიყავი უკვე, რომც მეკითხა ამ ტკბილეულის სახელები, მაინც ვერ დავიმახსოვრებდი, ერთი კი ცხადია, რომ ამ ერთ ლანგარზე ერთდროულად უამრავი გემოს და არომატის სასუსნავები იდო, და ტყუილად არც ვიმტვრევდი თავს, თუ რისგანაა ისინი დამზადებული, მთავარია, რომ მათი გემოც ინდოეთს მახსენებდა და თავი ჩემი მეგობრების ქორწილში მეგონა, სადაც ტკბილეულობას ერთერთი მთავარი ადგილი ეკავა.
უეცრად ჩვეულებრივი მუსიკალური საუნდტრეკები კლასიკური მუსიკით შეიცვალა და დარბაზში მოულოდნელად ინდურ კლასიკურ ტანისამოსში გამოწყობილი მოცეკვავე შემოვიდა. როგორც კლასიკურ მუსიკას სჩვევია, ცეკვა ნელი ტემპით დაიწყო და ცეცხლიც თანდათანობით გააჩაღა. ვფიქრობ, რომ სტუმრები ამ სიურპრიზით ნასიამოვნები დარჩნენ.
ასე და მაგვარად გრძელდებოდა, კლასიკური ცეკვების შემსრულებელი კი აღმოსავლური ცეკვების შემსრულებელმა კრისტინამ შეცვალა, რომელიც არაბულ და ინდურ მოტივებზე თანაბრად მშვენივრად ცეკვავდა. სტუმრებს არც მისი სხვა ღირსებები გამოპარვიათ, რომელთა დემონსტრირებასაც კრისტინა ცეკვის დროს ლაზათიანად ახდენდა.
მოკლედ 4–5 საათის განმავლობაში მოვწყდი თბილისის ჩვეულ გარემოს და შუა ინდოეთში ვიმყოფებოდი, საღამო გრძელდებოდა, მაგრამ მეგობრებმა მომაკითხეს და „მომიტაცეს“, რის გამოც ინდური სიმღერების კარაოკეს ვეღარ დავესწარი, რისთვისაც რესტორანში მყოფი ინდოელები ემზადებოდნენ. რომ დავრჩენილიყავი, ალბათ მათ არც მე ჩამოვრჩებოდი და მიკროფონს მეც ავიღებდი ხელში, მიუხედავად იმისა, რომ არც ხმა მაქვს და მგონი განეშამაც ყურზე დამაბიჯა, მაგრამ ვეცდებოდი ისევე გამეკვირვებინა რესტორანში მყოფი სტუმრები სიმღერების ტექსტების ცოდნით, როგორც ეს თავის დროს ალაჰაბადში ქორწილში გამომივიდა :)
2 комментария:
ეჰ, ძალიან გული მწყდება რომ ისე გამიფუჭდა ხასიათი მაინცდამაინც მაგ დღეს რომ აღარაფრის სურვილი აღარ მქონდა...
მიხარია რომ თბილისშიც თუნდაც უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც ეხმიანებიან ინდურ დღესასწაულებს...
და რათქმაუნდა სოსოც ყოველთვის დანიშნულების ადგილზეა!
ჰაჰაჰ, კარგად გამაცინე ნინო, მართალი ხარ, თუ რამე გაიწრიპინებს ინდური, ეგრევე მეც "დანიშნულების ადგილზე" ვარ, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ ვიყო იქ, სადაც ვთვლი, რომ საინტერესო იქნება ჩემთვის ამ გაგებით :)
ხო დასანანია, რომ არ მოხვედი, რადგან მართლა ცუდი გარემო არ ყოფილა და ჩემთვის ინდური მუსიკა, და მით უმეტეს ცეკვები უკვე ბევრს ნიშნავს. ხო და მეც ვიხალისე, ისე როგორც იმ სიტუაციას შეეფერებოდა :)
Отправить комментарий