კანის საერთაშორისო
კინოფესტივალის დირექციამ განაცხადა, რომ 2013 წლის ფესტივალის მორიგი საპატიო სტუმარი
ინდოეთი იქნება. 2012 წელს მისი წინამორბედი ბრაზილია იყო, ხოლო 2011–ში – ეგვიპტე.
ეს ინფორმაცია
კანის კინოფესტივალის გენერალური დელეგატის მოადგილემ კრისტიან ჟანმა გაახმოვანა ამ
დღეებში გოაში მიმდინარე კინობაზარზე. გოას კინოფესტივალი ინდოეთის ეროვნული კინოს
განვითარების კორპორაციის მიერაა ორგანიზებული.
კანის ფესტივალის
სტუმარი ქვეყანა ნიშნავს, რომ ფესტივალი ამ ქვეყნის კინემატოგრაფს განსაკუთრებულ ყურადღებას
დაუთმობს, ხოლო თავის კინოდარბაზებს ეროვნული კინოს გაფართოებული პროგრამისთვის გამოუყოფს.
კანი მზად არის ბოლივუდის კინემატოგრაფისტების წარმომადგენლობითი დელეგაციის მისაღებად,
რომ მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მსხვილი და ძლიერი კინოინდუსტრიის 100 წლისთავი ღირსეულად
აღინიშნოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავარი საკონკურსო ფილმების შერჩევის სისტემაში
რაიმე შეღავათები იქნება დაწესებული სტუმარი ქვეყნისთვის – ინდური ფილმები ისეთივე
მკაცრ სელექციას გაივლიან, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ფილმები. თუმცა გამორიცხული
არ არის, რომ ინდური კინოინდუსტრიის რომელიმე წარმომადგენელი ჟიურის შემადგენლობაში
დაპატიჟონ.
ინდოეთის კინოინდუსტრია
უმსხვილესია მსოფლიოშიო წარმოებული ფილმების რაოდენობის მიხედვით – ინდოეთში წელიწადში
საშუალოდ ათას ფილმზე მეტს იღებენ, 2009 წელს კი ამ ფილმების რაოდენობამ 2961 შეადგინა.
მეორე ადგილზეა ნიგერიის კინოინდუსტრია (მას უკვე უწოდეს ნოლივუდი), და მხოლოდ მესამე
ადგილს იკავებს ჰოლივუდი. მათ შემდეგ მსოფლიოს ყველაზე ნაყოფიერი კინემატოგრაფიის ათეულში
მოდიან იაპონია, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია და სამხრეთ კორეა.
კანის 66–ე კინოფესტივალი
2013 წლის 15–26 მაისს გაიმართება.
Комментариев нет:
Отправить комментарий