გელით facebook–ზე

30.10.2013

Goron ki na kalon ki, ჯიმი თბილისში ჩამოდი

სრულიად შემთხვევით Facebook–ზე ფოტო ვნახე, სურათზე ერთ ადამიანს კარგად ვიცნობ, მეორე კი უბრალოდ მეცნო და გავატარებდი ამ ფოტოს, რომ არა უცნაური ადგილი, თბილისის აეროპორტი, და ხელში ყვავილები... აშკარად რაღაც მოხდა, რაღაც ისეთი, რაც ყურადღებად და ჩაღრმავებად ღირდა. ქვეცნობიერმა მიკარნახა, რომ ერთერთი საინტერესო მომენტი ახლოვდებოდა ჩემს ცხოვრებაში, როგორებიც არც ისე ხშირია უბრალო მოკვდავი ადამიანის ყოველდღიურობაში. ჩემი ნაცნობის ბედნიერმა ღიმილმა და უცნობი (მეცნობას ამბავში) ადამიანის უჩვეულო ჩაცმულობამაც იმოქმედა და შემდეგ უკვე მოვლენებს მე ვეღარ ვაკონტროლებდი.

უეცრად თითქოს 30 წელი სადღაც გაქრა, ისევ პატარა ბიჭუნა გავხდი, თითქოს ბავშვობის დროინდელი სურნელებიც კი ვიგრძენი ამდენი სიგარეტისა და სხვა გამაღიზიანებლების მიუხედავად. პულსი არ გამისინჯავს, მაგრამ აშკარად არ ექვემდებარებოდა დაშოშმინებას. ვეღარ ვაკონტროლებდი თქო ტყუილად არ მითქვამს, სურათზე ბავშვობის კუმირი ვიცანი, ადამიანი, რომელიც ისეთი პოპულარული იყო საქართველოში და მაშინ მთელს საბჭოთა კავშირში, რომ იმ დროს რომ გაებედა აქ ჩამოსვლა, ალბათ დღევანდელი ზუსკინდის „პარფიუმერივით“ დაგლეჯდნენ ნაწილებად თავყანისმცემლები. თვალებს არ ვუჯერებდი, მაგრამ სურათზე თვით მითჰუნ ჩაკრაბორტი იყო.

20.09.2013

ბოლივუდის ექო გრიბოედოვის თეატრში

ზუსტ მიზეზს ვერ გეტყვით, რატომ და რისთვის, მაგრამ 18 სექტემბერს გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში ინდური ცეკვისა და სიმღერის კონცერტი გაიმართა. ეს ალბათ პირველი შემთხვევა იყო საქართველოს ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში, ფერადი და არა შავთეთრი ტელევიზორების არსებობის ისტორიაში, როცა საქართველოში ინდური და რა თქმა უნდა ბოლივუდური სიმღერებისა და ცეკვების პროფესიონალი შემსრულებლები ჩამოვიდნენ.

გადმოცემების მიხედვით, თბილისში თვით რაჯ კაპურიც კი ყოფილა ჩამოსული თავის დროზე, როცა საბჭოთა კავშირში მგონი მისი ფილმების გარდა მხოლოდ „გიორგი სააკაძეს“ და „ბაში აჩუკს“ აჩვენებდნენ, მაგრამ რამე წარმოდგენა გამართა თუ არა ინდური კინოს ლეგენდამ თბილისში, ისტორია ამაზე არაფერს ამბობს.

18 სექტემბერს კი ქართველი მაყურებლისა და თბილისში მცხოვრები ინდოელების წინაშე თეატრის არც თუ ისე დიდ დარბაზში ბოლივუდური პერფომანსის ახალგაზრდა შემსრულებლების ჯგუფი SUGAR N' SPICE და ასევე ახალგაზრდა ორი მომღერალი წარსდგა. დარბაზის ზომაზე ყურადღება იმის გამო გავამახვილე, რომ კონცერტის გაცილებით მეტ სივრცეში და თავისუფალი დასწრების პირობებში ჩატარებისას მაყურებელთა რაოდენობა, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ათასს მიაღწევდა.

12.08.2013

ნახევარი საუკუნის განმავლობაში ინდოეთში 200–მდე ენა გაქრა

ბოლო 50 წლის განმავლობაში ინდოეთში 200–მდე ენა გაქრა, – აცხადებენ ინდოეთის ეროვნული ლინგვისტური კვლევის ავტორები. როგორც მათ ანგარიშშია ნათქვამი, ამ დროისთვის ინდოელები 800–მდე ენასა და კილოზე საუბრობენ.

ათეულობით კილოს გაქრობის მიზეზებად სახელდება ენების მატარებელთა იზოლირებული ჯგუფების მიგრაცია ქალაქებში, მომთაბარეების დამკვიდრება საცხოვრებლად ერთ ადგილზე, ენის ოფიციალური სტატუსის არარსებობა და უფრო გავრცელებული და „პრესტიჟული“ ენების ათვისება.


გამქრალი ენების და კილოების უმეტესობა გავრცელებული იყო ცენტრალურ უნდიეთში, რომელთაც ჩრდილოეთიდან კონკურენციას უწევდნენ ინდოარიული ენები, სამხრეთიდან კი დრავიდული ენები.

31.07.2013

ათი რამ, რამაც შეიძლება ინდოეთში გაგაღიზიანოთ

ინდოეთი კონტრასტების ქვეყანაა, ვიღაცას ის წლების განმავლობაში იზიდავს, ვიღაცას პირველივე წუთიდან აშინებს...


... მაგრამ ყველაზე ხშირად ის იზიდავს და აშინებს კიდეც ერთდროულად. იმისათვის, რომ ამ ქვეყნის მიერ ნაჩუქარი გამოცდილების მშვენიერი ნაწილი უფრო მეტი და წონადი იყოს, გამოვყოფ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელმაც დამწყებ მოგზაურს შესაძლოა ინდოეთში წასვლა გადააფიქრებინოს, თუმცა აქვე მოცემულია ამ ფაქტორებთან ეფექტური ბრძოლის რამდენიმე მეთოდიც.

16.07.2013

ინდოეთში მუშაობა შეწყვიტა ტელეგრაფმა

ინდოეთში 15 ივლისს მუშაობა შეწყვიტა ტელეგრაფმა, რომელსაც ჯერ კიდევ ბრიტანელმა კოლონისტებმა ჩაუყარეს საფუძველი და რომელმაც 160 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა. წინა დღით მსურველებს ბოლო ტელეგრამების გაგზავნის საშუალება მიეცათ.

ბოლო წლებში ინდოეთის ეროვნული ტელეგრაფი ყოველწლიურად 23 მილიონი დოლარის ზარალს განიცდიდა იმის გამო, რომ ტელეგრაფი კომუნიკაციის ახალმა საშუალებებმა ჩაანაცვლა. მსოფლიოს ისტორიაში პირველი ტელეგრამა 1844 წელს იქნა გაგზავნილი. ინდოეთში კი ტელეგრამა 1950 წელს გაიგზავნა.

22.05.2013

ინდოეთში მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ქალი პატიმარი გარდაიცვალა


ინდოეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ლაკხნაუში (უტარ–პრადეშის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი) გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული პატიმარი ქალი რამ კალი, რომელსაც სულ ახლახანს 107 წელი შეუსრულდა. ადგილობრივი პრესის ცნობით, რამ კალი ხანდაზმული ასაკით გამოწვეული დაავადებისგან გარდაიცვალა. იგი პატიმრობას მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის იხდიდა. ამნისტია მას არ შეეხებოდა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გამო.

ამას წინათ უტარ–პრადეშის ციხიდან ჰუმანური მოსაზრებებით 108 წლის პატიმარი ბრიჯ ბიჰარი გაათავისუფლეს, რომელიც დაპატიმრებამდე სასულიერო პირი იყო. 2009 წელს მას 4 ადამიანის მკვლელობის გამო პატიმრობა მიუსაჯეს. პატიმრობის დროს პანდეი მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ პატიმრად ითვლებოდა.

20.03.2013

ჯაინიზმი


ჯაინიზმი (სანსკრიტ. जैन, jaina სიტყვიდან जिन, jina „გამარჯვებული“) უძველესი დჰარმული რელიგია, რომელიც ინდოეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით IX-VI საუკუნეებში წარმოიშვა. თვითონ სწავლების მიხედვით, ჯაინიზმი მუდამ არსებობდა. სწავლების ფუძემდებლად (ან, სხვა ვერსიების მიხედვით, უფრო ძველი ტრადიციების მთხრობელად) ითვლება ქშატრია ვარდჰამანა ან ჯინა მაჰავირა. ჯაინიზმი ქადაგებს ზიანის არმიყენებას ყველა ცოცხალი არსებისთვის ამ სამყაროში. ჯაინიზმის ფილოსოფია და პრაქტიკა, პირველ რიგში, ეფუძნება სულის თვითსრულყოფას ყველაფრის ცოდნის, ყველაფრის შესაძლებლობის და სამუდამო ცხონების მიღწევის მიზნით. ყოველი სული, რომელიც წინა ცხოვრებათა სხეულებრივ საფარველს დატოვებს და ნირვანას მიაღწევს, იცოდება ჯინად. უძველეს ტექსტებში ჯაინიზმი ხშირად შედარებულია ჯაინ დჰარმასთან და შრამან დჰარმასთან. თანამედროვე სამყაროში ჯაინიზმი მცირე, მაგრამ გავლენიან რელიგიურ ერთობად რჩება, რომელიც ინდოეთში 5–6 მილიონ მიმდევარს ითვლის და თავისი მიმდევრები ჰყავს უკვე ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთშიც და ავტრალიაშიც, სადაც თანდათანობით იზრდება ემიგრანტების რაოდენობა.

ჯაინისტური ბიბლიოთეკები ინდოეთში ყველაზე უძველესია.

წესები და რწმენის სწავლება

ჯაინიზმი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი არსება (ჯივა) ინდივიდუალურია და მას მუდმივი სული გააჩნია. როცა სული მთლიანად თავისუფლდება სანსარასგან (მიაღწევს მოქშას), მას შეუძლია ყველაფრის ცოდნას (ღვთიურ ცნობიერებას) მიაღწიოს. მაგრამ საამისოდ ასკეტი უნდა იყო, და არა საერო პირი, და ამიტომაც ასკეტიზმს რელიგიურ წესებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

06.02.2013

ინდოეთის პრეზიდენტმა გაუპატიურებაში დამნაშავეთა სიკვდილით დასჯას დაუჭირა მხარი


ინდოეთის პრეზიდენტმა პრანაბ მუკერჯიმ გაუპატიურებაში დამნაშავე პირების სიკვდილით დასჯას დაუჭირა მხარი, მათ შორის სასიკვდილო განაჩენების გამოტანას ისეთი დანაშაულებისთვის, რომლებმაც მძიმე შეგედები გამოიწვია. შესაბამის დადგენილებას პრეზიდენტმა 5 თებერვალს მოაწერა ხელი.

ამ დადგენილების შესაბამისად სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი იქნება ცვლილებები, რომლებიც სასჯელის უმაღლეს ზომას ითვალისწინებენ, როცა გაუპატიურება დაზარალებულის სიკვდილით დასრულდება ან ჯანმრთელობისთვის სერიოზულ დაზიანებებს გამოიწვევს. ასეთი დანაშაულის ჩამდენთათვის სასჯელის ზომა 10–დან 20 წლამდეც გაიზარდა. პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, დაწესდება სასჯელი თავისუფლების აღკვეთის გამო, ქალის მიმართ დევნის ან სხვა მსგავსი დანაშაულებისთვის.

სასჯელის გამკაცრება დროის მიხედვით დაემთხვა ინდოეთში ხუთი მოძალადის სასამართლო პროცესის დაწყებას ნიუ–დელიში, რომლებმაც 2012 წლის 16 დეკემბერს 23 წლის სტუდენტი გოგონას ჯგუფური გაუპატიურება ჩაიდინეს და ეს გოგონა კი მოგვიანებით გარდაიცვალა. ხუთივე მათგანს  ბრალდებები უკვე წაუყენეს მკვლელობაში, გატაცებაში, დანაშაულებრივ შეთანხმებასა და ძარცვაშიც.

სტუდენტი გოგონას დაღუპვამ ინდოეთში მასობრივი პროტესტის ტალღები ააგორა. აქციების მონაწილენი მოძალადეთა სასტიკ დასჯას და მათი სასამართლო პროცესების დაჩქარებას მოითხოვდნენ.