ერთერთ ქართულ ბლოგზე, რომლის სახელიცაა "ლინგვისტუსის ბლოგი", ავტორმა გამოაქვეყნა საინტერესო სტატია ერთი სიმღერის ისტორიის შესახებ. ამ ისტორიამ, ისევე როგორც თვითონ სიმღერამ და მელოდიამ ძალიან მომხიბლა და ავტორს ვთხოვე, რომ მის ამ პოსტს ჩემს ბლოგზეც გამოვაქვეყნებდი. თუ ვინმემ ვერ გაიგო, რატომ მაინც და მაინც ეს პოსტი, მომწეროს და ავუხსნი თუ არ დამეზარა :) გრძელი ისტორიაა :) მოკლედ აგერ ეს პოსტიც:
ხმელთაშუაზღვისპირეთის სიმღერა
ლადინო თავდაპირველად ესპანურის, ივრითის, არამეულის და არაბულის ნაზავი იყო. ამ ენაზე შუა საუკუნეებში ესპანეთში მცხოვრები ებრაელები საუბრობდნენ. ფერდინანდმა და იზაბელამ ებრაელები ესპანეთიდან რომ განდევნეს (1492 წელს), მრავალი მათგანი ბალკანეთში გადაბარგდა. მათ თან ყველაზე ძვირფასი “ბარგი” წაიღეს, იმ ენის სახით, რომელზედაც საუბრობდნენ. დროთა განმავლობაში ლადინოს ბალკანური კვალი დაეტყო და მასში თურქული და ბერძნული ელემენტები გაჩნდა.
ზოგიერთი ენათმეცნიერი ამტკიცებს ენის შენახვა–გადარჩენის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება სიმღერააო. ესპანეთიდან დევნილებმა ენასთან ერთად ის კულტურული გარემოც წააყოლეს ხელს, რომელთა გარეშე ენა ხელოვნური და უმაქნისი ხდება. კონკრეტულ შემთხვევებში სიმღერაზე მაქვს საუბარი, უფრო დაზუსტებით კი “ფელ შარა”–ზე. ამ სიმღერას, უფრო სწორად მელოდიას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. საინტერესო კი ის არის, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთში მოსახლე ყველა ხალხს ამ სიმღერის საკუთარი ვარიანტი აქვს, შეხვდებით არაბულ, თურქულ, მაკედონიურ, ბულგარულ, სერბულ, ბერძნულ, ხორვატულ, ბოსნიურ ვერსიებს… თითოეულ მელოდიაზე ორიგინალური ტექსტია დადებული და ყოველ ერს ეს მელოდია საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობით აქვს გამდიდრებული. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს სიმღერა ყველას საკუთარი ჰგონია.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ სიმღერის ათამდე ვარიანტი მოვისმინე და ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოვაჩინე “ბონი–ემ”–ის ჰიტის, “რასპუტინის” დასაწყისი “ფელ შარას” მელოდია გახლავთ, შემდგომში არანჟირებული და ოდნავ გაჯაზებული. მრავალჯერ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ, რომ ტექსტუალური ადამიანი ვარ, ამიტომაც აუდიოვიზუალურ მხარეს მეორეხასისხოვანი დატვირთვა ჰქონდა, როდესაც ამ შესანიშნავი მელოდიის მულტიკულტურულ ვარიაციებს ვისმენდი. კერძოდ კი სიმღერის ტექსტმა მომხიბლა, აი ისიც:
Fel Shara canet betet masha
la signorina aux beaux yeux noirs
como la luna etait la sua facia
qui eclairait le boulevard
Volevo parlar shata metni
because her father was a la gare
y con su umbrella darabetni
en reponse a mon bonsoir
Perche’ my dear tedrabini
kuando yo te amo kitir
and if you want tehebini
il n’y a pas lieu de nous conquerir
Totta la notte alambiki
et meme jusqu’au lever du jour
and every morning ashtanaki
pour le voue de notre amour…
ეს გახლავთ ტექსტი “ფელ შარას” იმ კლასიკური ვერსიისა, რომელსაც ესპანელი ებრაელები მღეროდნენ საუკუნეების განმავლობაში. შეიძლება ნაცნობ ენებსაც კი მოჰკრათ თვალი. გაოცებული ვარ, როგორ ბუნებრივად ენაცვლება ესპანურს იტალიური, იტალიურს არაბული, არაბულს ინგლისური და ა.შ. თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. მთავარი ხომ ენა არ არის, მთავარი სიყვარულის ისტორიაა, რომელსაც ეს სიმღერა მოგვითხრობს. თითოეულ ენაზე სიყვარულის განსხვავებულ ისტორიას ვაწყდებით. თურქულ ვერსიაში უშკუდარში (ქალაქია თურქეთში) მიმავალი კლერკისადმი ქალის გამოუთქმელ სიყვარულზე მღერიან. ბერძნულში თორმეტი წლის “ნიმფეტკის” ხალის სილამაზით დატყვევებული ჯეელის გმინვას ვისმენთ, არაბული ვერსია ალექსანდრიელი (ალექსანდრია არაბულად “ისქანდარია” ყოფილა!) ლამაზმანების ამბავს მოგვითხრობს… ერთი სიტყვით ეს გახლავთ მულტიკულტურული სიმღერა, რომელიც განასხვავებს კიდეც ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხებს და ამავდროულად აერთიანებს მათ. თუ გემოვნებაზე მიდგა საქმე, მე ყველაზე მეტად თურქული და სერბული ვარიანტები მომეწონა. თუმცა ვაცნობიერებ რა იმას, რომ გემოვნებაზე დავობენ, ჩემს ხელთ არსებულ ყველა ვერსიის ბმულებს შემოგთავაზებთ Youtube-იდან და თავად განსაჯეთ:
Fel Shara (ladino)
Aπό ξένο τόπο (Greek)
Banat Iskandaria (Arabic)
Katibim (Turkish)
Üsküdar’a gider iken (Turkish)
Zašto suza u mom oku (Bosnian)
Pogledaj me Anadolko (Bosnian)
Ruse kose, curo, imaš 1 (Serbian)
Ruse kose, curo, imaš 2 (Serbian)
Ясен месец веч изгрява (Bulgarian)
Boney-M Rasputin
დიდი მადლობა ლინგვისტუსს!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий