გელით facebook–ზე

31.10.2009

ინდოეთის 10 ყველაზე პოპულარული ადამიანი

Hindustan Times–ის ახალ ნომერში გამოქვეყნებულია რეიტინგი, რომელიც Percept Talent Maganement–ის და Hansa Research–ის მიერაა შედგენილი, რომლის მიზანიცაა ე.წ. Celebrity power score–ის (ცნობადობის ძალის შეფასება) განსაზღვრა ხუთ კატეგორიაში:

  1. მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში წარმოჩენა;
  2. პოპულარობა;
  3. გერეგნული იერი;
  4. საზოგადოების დარწმუნების ძალა, მას–მედია;
  5. მსოფლიოსადმი/ქვეყნისადმი გახნილობა.

ეს არის რეიტინგის პირველი ათეული (საინტერესოა, რომ ამ 10 ადგილიდან 7 ბოლივუდის მსახიობებს უკავიათ):

  1. მაჰენდა სინგ დჰონი
  2. შაჰრუქ ხანი
  3. აიშვარია რაი–ბაჩანი
  4. ამიტაბჰ ბაჩანი
  5. საქინ ტენდულკარი
  6. რიტიკ როშანი
  7. იუვრაჯ სინგჰი
  8. კატრინა კეიფი
  9. აკშაი კუმარი
  10. სალმან ხანი

რეიტინგში სხვა მსახიობებიც მონაწილეობდნენ, როგორებიცაა: კარინა კაპური (ადგილი 15), კაჯოლ დევგანი (18), დიპიკა პადუკონე (28), აბჰიშეკ ბაჩანი (14), საიფ ალი ხანი (38), რანბირ კაპური (56) და აჯაი დევგანი (29).


27.10.2009

ბოლივუდის სამყარო – ფოტოები

ინდოეთის მთავარი კინოფაბრიკა ბოლივუდი მდებარეობს მუმბაიში. ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე აქ წელიწადში 1000–მდე ფილმს იღებდნენ (ორჯერ მეტს, ვიდრე ჰოლივუდში). ამასთან დაფინანსება მოდიოდა არა მარტო ინდური, არამედ უცხოური კომპანიებიდანაც. და მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის ინდური ოცნებების ფაბრიკას მთლად კარგი დრო არ უდგას, ხოლო გადაღებული ფილმების ოდენობა მესამედით შემცირდა, ბოლივუდის ურიცხვი სტუდიები მუშაობას განაგრძობენ.

რეჟისორი იაშ ჩოპრა გეგმავს სცენას, რომელშიც პენჯაბიდან ჩამოყვანილი 50 მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას.

მსახიობი სამირა რედი, ინდური ფილმების ვარსკვლავი, პრესკონფერენციაზე ბოლივუდში

მამაკაცი ასწორებს ფილმის Hum Tum სარეკლამო ბანერს, რომელიც ბოლივუდშია გადაღებული ჰინდის ენაზე

ბოლივუდის ქარწაღებული: ასისტენტი ცდილობს ნიავი დაბეროს მსახიობ რიმიას მიმართულებით მორიგი გადაღებებისას ბოლივუდში.

მომღერლები კუნალი და გაიატრი განჯავალა სტუდიაში სიმღერის ჩაწერაზე ფილმისთვის „ბაიკერები“

ბოლივუდის უმსხვილეს სტუდიაში Film City–ში მსახიობები ემზადებიან სცენის გადასაღებად სერიალისთვის „შივას ცხოვრება“

მოცეკვავეები ცდილობენ მოძრაობების გამომუშავებას ფილმისთვის Dhoom. მუსიკალური ნომრები ბოლივუდის მთავარი „საგანძურია“

მოსწავლეები იმეორებენ ინსტრუქტორის მოძრაობებს ცეკვაში. ათასობით მსახიობი და მოცეკვავე ცდილობს საკუთარი ძალების გამოცდას, რომ ბოლივუდში შეაღწიოს.

მატარებლის მგზავრები იცდიან პლატფორმაზე, ბოლივუდის ერთერთი მელოდრამის კაშკაშა სარეკლამო ბანერის ქვეშ.

ბოლივუდური პერსონაჟების გამოსახულებები ჩამწკრივებულია ქუჩაში მუმბაიში ფილმების სარეკლამო ბანერების გამოფენის დაწყების წინ.

19.10.2009

დივალის დღესასწაული თბილისში

მთავარია მონდომება, თორემ ყოველთვის ყველაფერი გამოვა, რასაც გულით მოისურვებ. შესაძლოა 2007 წელს ინდოეთში მოგზაურობისას დივალის დღესასზაულზე სულ 2 დღით დამაგვიანდა, მაგრამ ინდურმა ღმერთებმა ინებეს, რომ ეს ამ დღესასწაულს წელს თბილისში შევხვედროდი. წინა პოსტში დავწერე, რომ პატარა სიურპრიზი ამ დღესასწაულზე თბილისშიც იგეგმებოდა და სწორად მასზე მინდა მოგითხროთ. საზოგადოების იმ წრეებმა, ვისაც ინდოეთი აინტერესებს, იცოდნენ რამდენიმე კვირით ადრე, რომ 17 ოქტომბერს დივალისთან დაკავშირებით ინდურ რესტორან „მაჰარაჯაში“, რომელიც ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაიას) ქუჩაზე მდებარეობს, საზეიმო განწყობა იქნებოდა. მართალია ვერ ვიტყვი, რომ ხალხის რიგი იდგა თქო რესტორნის შესასვლელთან, მაგრამ საკმაო რაოდენობის სტუმრები შეიკრიბნენ და დღესასწაულიც შედგა. რესტორნის პერსონალი ინდური ელემენტების შემცველ ტანისამოსში იყო განწყობილი. სამკაულები და სახეც ინდურად ჰქონდათ მორთული. რესტორნის მენეჯერი, მომხიბლავი მარი ღიმილით და ინდური მისალმებით ეგებებოდა სტუმრებს.


სადღესასწაულო გარემოს რესტორანში ანთებული უამრავი სანთელი და სურნელოვანი ჩხირები და ზეთის ლამპები ქმნიდნენ. დარბაზში სასიამოვნო ინდური მუსიკა ისმოდა და ეს ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ჯადოსნური ძალით 2 წამში ათასობით კილომეტრი გადალახე და ინდოეთის შუაგულში ამოჰყავი თავი.


სტუმრები ნელ–ნელა ემატებოდნენ და მათ შორის თბილისში მცხოვრები ინდოელებიც. ჰაერში გაფანტულ ინდური საკმევლების სურნელებას ნელ–ნელა ემატებოდა სამზარეულოდან გამომავალი ინდური კერძების სურნელებაც და სტუმრების მომრავლებასთან ერთად მაგიდებზე ათასნაირი ინდური სასუსნავების მომრავლებაც იგრძნობოდა. რესტორნის მეპატრონის, ბატონი ჯამშიდის კეთილი ნებით, ყველა მაგიდას და მათ შორის მეც, რომელიც ბართან ვიჯექი, სადღესასწაულო ინდური ტკბილეული მოგვართვეს. სამწუხაროდ სახელები არ მახსოვს რა იყო, თან ცოტა გრადუსშიც ვიყავი უკვე, რომც მეკითხა ამ ტკბილეულის სახელები, მაინც ვერ დავიმახსოვრებდი, ერთი კი ცხადია, რომ ამ ერთ ლანგარზე ერთდროულად უამრავი გემოს და არომატის სასუსნავები იდო, და ტყუილად არც ვიმტვრევდი თავს, თუ რისგანაა ისინი დამზადებული, მთავარია, რომ მათი გემოც ინდოეთს მახსენებდა და თავი ჩემი მეგობრების ქორწილში მეგონა, სადაც ტკბილეულობას ერთერთი მთავარი ადგილი ეკავა.


უეცრად ჩვეულებრივი მუსიკალური საუნდტრეკები კლასიკური მუსიკით შეიცვალა და დარბაზში მოულოდნელად ინდურ კლასიკურ ტანისამოსში გამოწყობილი მოცეკვავე შემოვიდა. როგორც კლასიკურ მუსიკას სჩვევია, ცეკვა ნელი ტემპით დაიწყო და ცეცხლიც თანდათანობით გააჩაღა. ვფიქრობ, რომ სტუმრები ამ სიურპრიზით ნასიამოვნები დარჩნენ.


ასე და მაგვარად გრძელდებოდა, კლასიკური ცეკვების შემსრულებელი კი აღმოსავლური ცეკვების შემსრულებელმა კრისტინამ შეცვალა, რომელიც არაბულ და ინდურ მოტივებზე თანაბრად მშვენივრად ცეკვავდა. სტუმრებს არც მისი სხვა ღირსებები გამოპარვიათ, რომელთა დემონსტრირებასაც კრისტინა ცეკვის დროს ლაზათიანად ახდენდა.

მოკლედ 4–5 საათის განმავლობაში მოვწყდი თბილისის ჩვეულ გარემოს და შუა ინდოეთში ვიმყოფებოდი, საღამო გრძელდებოდა, მაგრამ მეგობრებმა მომაკითხეს და „მომიტაცეს“, რის გამოც ინდური სიმღერების კარაოკეს ვეღარ დავესწარი, რისთვისაც რესტორანში მყოფი ინდოელები ემზადებოდნენ. რომ დავრჩენილიყავი, ალბათ მათ არც მე ჩამოვრჩებოდი და მიკროფონს მეც ავიღებდი ხელში, მიუხედავად იმისა, რომ არც ხმა მაქვს და მგონი განეშამაც ყურზე დამაბიჯა, მაგრამ ვეცდებოდი ისევე გამეკვირვებინა რესტორანში მყოფი სტუმრები სიმღერების ტექსტების ცოდნით, როგორც ეს თავის დროს ალაჰაბადში ქორწილში გამომივიდა :)

17.10.2009

დივალი – ცეცხლების ფესტივალი


დღეს ინდოეთში დივალის დღესასწაულს აღნიშნავენ. პატარა სიურპრიზი საქართველოშიც იგეგმება :) ვინც საჭიროა, მან იცის ამ სიურპრიზის შესახებ. მაგრამ მე მაინც ყველას გილოცავთ, ვისაც ოდნავ მაინც გაინტერესებთ ინდოეთი და ინდური დღესასწაულები :)

დივალი ან დიპავალი, რაც სანსკრიტზე „ცეცხლოვან მტევანს“ აღნიშნავს – ცეცხლების ფესტივალია, ინდოეთში ყველგან აღინიშნება და სიბნელეზე სინათლის, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა. დღესასწაული კარტიკის თვეში (ოქტომბერი–ნოემბერი) იმართება და ხუთი დღის განმავლობაში გრძელდება.

დღესასწაულთან დაკავშირებით რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ვიშნუიტები დივალის დღესასწაულს მეფისწულ რამას, ვიშნუს მეშვიდე განსახიერების მეფედ კურთხევას უკავშირებენ. სამეფო ტახტზე მისი ასვლის ღამეს მთელს ქვეყანაში სინათლეები ააბრდღვიალეს.

სხვა ვერსიით, რამას ბრძნულმა მმართველობამ სულიერი სიბნელიდან გამოსვლა დაასრულა. ანთებული ცეცხლის ალები უკუნეთიდან კაცობრიობის გამოსვლის სიმბოლოა, რასაც ლეგენდარულმა მეფისწულმა შეუწყო ხელი.

ინდოეთის ყველა რაიონში დივალის თავისებურად აღნიშნავენ. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში და მოსახლეობის ზოგიერთ ჯგუფებში (მაგალითად, მოვაჭრეთა ჯგუფები დასავლეთ ინდოეთში) დივალი ახალი წლის დაწყებას ემთხვევა. საღამოობით მაღაზიები და სახლები ზეთის ლამპებით და ელექტრული გირლიანდებით ნათდება და ლამაზდება.

ინდოეთის უდიდეს ნაწილში დივალი სიმდიდრისა და ნაყოფიერების ქალღმერთს ლაქშმის ეძღვნება. სახლებს გულდასმით ალაგებენ, ანთებენ ზეთის ლამპებს, რადგან ქალღმერთს სიბნელე არ უყვარს, ლოცვით მიმართავენ მას, საკურთხეველზე რძეს ართმევენ, რომელშიც მონეტებს ყრიან, ღამით კარ–ფანჯრებს ღიას ტოვებენ, რომ ქალღმერთმა იოლად შეაღწიოს სახლში.

ინდოეთის სამხრეთში დივალის დღესასწაულზე ღმერთ კრიშნას დემონ ნარაკასურაზე გამარჯვებას აღნიშნავენ. ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების ამ დღეს ინდუსები უხვად ისვამენ სხეულზე ქოქოქსის ზეთს, რაც მათ ცოდვებისგან განწმენდაში ეხმარება, და ეს ცერემონია განგის წყლებში განბანვის ცერემონიის ტოლფასად ითვლება.

ქვეყნის აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი ბეგნალიაში დივალი ეძღვნება შავი ქალღმერთის კალისადმი თაყვანისცემას, რომელიც ძალის კულტს განასახიერებს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ქალღმერთის გამოსახულების წინ 10 დღის განმავლობაში ლოცულობენ, შემდეგ კი ქალღმერთის სკულპტურებს მდინარეებისა და არხების წყალში უშვებენ.

დივალის დღესასწაულზე არც მუსულმანები რჩებიან განზე, რომლებიც ქალღმერთ ლაქშმის მოვლენას ცეცხლის ალების დანთებით და აზარტული თამაშებით ხვდებიან – ლაქშმის ხომ წარმატება და სიმდიდრე მოაქვს.

ამ დღესასწაულზე მთელს ქვეყანაში ქალაქები და სოფლები ათასობით ცეცხლის ალებითა და ფეიერვერკით ნათდება. ჰაერში გამუდმებით გაისმის რაკეტების და პეტარდების გასკდომის ხმა.

როდესაც 2007 წელს ნოემბერში ინდოეთში ჩავედი, დღესასწაული 2 დღის დასრულებული იყო. ძალიან გული დამწყდა, რადგან იქაურმა მეგობრებმა ამიხსნეს, თუ რა ხდებოდა დღესასწაულის ხუთი დღის განმავლობაში. ყველა ქალაქში, რომლებშიც მომიწია ყოფნა, სახლებთან და მაღაზიებთან გირლიანდები და ზეთის ლამპები უზარმაზარი ოდენობით ისევ იყო დარჩენილი, მაგრამ ისინი უკვე ჩამქრალი იყო. ოდესმე იმედია ამ დღესასწაულზეც მომიწევს ლამაზი ოცნებებისა და ზღაპრული საიდუმლოებების ქვეყანაში დასწრება.


სხვა სტატიები ამ თემაზე:
*
ინდუისტური დღესასწაული დურგა პუჯა
*
Holi Hai

16.10.2009

მუმბაის ჯურღმულები – დჰარავი

მოგზაური ილია მუმბაის დჰარავის ჯურღმულებზე მოგვითხრობს:

პირველი, რასაც გაიფიქრებ, არის ის, რომ ეს უსაფრთხო არ უნდა იყოს. შემდეგი – ალბათ ძალიან საინტერესოა, მაგრამ არაჰიგიენურია, ბინძურია, ხმაურიანია, ბევრი ხალხია, შესაძლოა იყვნენ შენს მიმართ აგრესიულად განწყობილი ადამიანები. და ალბათ საამისო მიზეზებიც აქვთ თითქოს. ისინი ჯურღმულებში ცხოვრობენ, შენ კი მათ დასათვალიერებლად მიხვედი. ისინი დაახლოებით 8–10 ადამიანი ცხოვრობს საშუალოდ 10 კვადრატული მეტრის ფართობის ერთ „სახლში“, თქვენ კი მხოლოდ ორნი 45 კვადრატულ მეტრზე. მათთან ერთ საზოგადოებრივ ტუალეტზე 1440 პრეტენდენტია. თქვენ კი საკუთარი ტუალეტი გაქვთ ბინაში. დჰარავის ჯურღმულებში მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვადრატულ კილომეტრზე 314 887 ადამიანს შეადგენს, მსოფლიოში მოსახლეობის სიმჭიდროვით მეორე ადგილზე მყოფ მუმბაიშიც კი მოსახლეობის სიმჭიდროვე 21 665 ადამიანს შეადგენს 1 კვადრატულ კილომეტრზე.

დჰარავი უზარმაზარი ჯურღმულია მუმბაის ცენტრში. საერთოდ ეს ყველაზე დიდი ჯურღმულები იყო მსოფლიოში, შემდეგ აზიაში, მაგრამ ტვინისმბურღავმა სპეციალისტებმა გამოითვალეს, რომ ეს არც მთლად ზუსტი ინფორმაციაა დღესდღეისობით. მაგრამ მთავარი ხომ ეს არ არის. დჰარავიში 1,7 კვადრატული კილომეტრის ფართობზე დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ჯურღმულების მოკლე ისტორია შემდეგია: 19 საუკუნის ბოლომდე ეს ტერიტორია მანგოს ჭაობები იყო, სადაც ადგილობრივი მეთევზეები ცხოვრობდნენ. ჭაობი თანდათანობით ქოქოსის ფოთლებით, გახრწნილი თევზით და შემდეგ კი უბრალოდ ნაგვით ამოივსო. მეთევზეებმა თავისი სარჩო დაკარგეს. როცა ეს ადგილი სრულიად ხმელეთად გადაიქცა, აქეთ გამოეშურნენ „ემიგრანტები“. გუჯარათის შტატიდან ჩამოვიდნენ მექოთნეები, თამილ–ნადუს შტატიდან ჩამოვიდნენ ტყავზე მომუშავე მუსლიმები, უტარ–ორადეშიდან ფეიქრები. დჰარავიში პირველი სკოლა 1924 წელს აშენდა.

საკუთარ თავთან ხანგრძლივი დიალოგის შემდეგ ცნობისმოყვარეობამ შიში და ზიზღი დაძლია. დამაინტერესა, როგორც ცხოვრობს იქ ხალხი. გუგლში პირველივე ლინკზე მოვძებნე „კანტორა“, რომელიც ჯურღმულებში ტურებს ატარებს. ყურადღებით შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ჩემი ფესვდოინტელიგენტური რეფლექსიები ჯურღმულებში ექსკურსიებზე სიარულის „მართებულობის“ თაობაზე გარკვეულწილად გათვალისწინებულიც კი იყო. შემოსავალი, კონკრეტულად კი შემოსავლის 80% ფირმის მიერ გადაირიცხება არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ჯურღმულებში სოციალური სამუშაოებითაა დაკავებული. გარდა ამისა, ამავე კანტორამ ჯურღმულებში შექმნა ცენტრი, სადაც ბავშვებს ინგლისურს, კომპიუტერს და სხვა რამეებსაც ასწავლიან. ერთი წინაღობა მაინც მრჩებოდა, წესების მიხედვით ფოტოგადაღებები აკრძალულია. ამ აზრს მაშინვე შევურიგდი, რადგან პირობა მომცეს, რომ ტურის შემდეგ თავიანთ ფოტოებს მომცემდნენ, ბოლოს კი როცა უკვე ეს ფოტოები მომცეს, ნერვიულად ვეწევი განზე.... National Geographic სულაც არ აღმოჩნდა, მაგრამ არარაობას მაინც ჯობია...

ჯურღმულების წლიური ბრუნვა 650 მილიონ დოლარს შეადგენს. როგორ ითვლიან ამ სტატისტიკას, ჩემთვის დღემდე გაუგებარია, თუმცა ჩემზე უფრო ცნობისმოყვარეებს შეუძლიათ ეს ინფორმაცია ინტერნეტში მოიძიონ. ფაქტია, რომ ჯურღმულების ტერიტორიაზე უამრავი საწარმოა განთავსებული. ბევრი ქარხანა, ფაბრიკა, „ცეხი“ და ასე შემდეგ. მაგალითად, აგროვებენ ნაგავსაყრელებზე პლასტიკატის ნივთებს, შემდეგ კი მარტივი მექანიკური და ტემპერატურული დამუშავების შედეგად იღებენ ნედლ მასალას, რომელსაც მსხვილი კომპანიები წარმოებისთვის ყიდულობენ.

ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს ალუმინთან მიმართებაშიც. აგროვებენ ალუმინის ქილებს, ჭრიან წვრილად, ადნობენ ცეცხლზე და ისევ ალუმინს იღებენ, რისგანაც კვლავ შეიძლება ქილების გაკეთება.

სასურსათო ზეთის კანისტრებს საფირმო ნიშნებისგან ათავისუფლებენ, რეცხავენ, ასწორებენ, თუკი ეს საჭიროა, და ისინი კვლავ მზად არიან მოხმარებისთვის.


ქაღალდთან მიმართებაში კიდევ უფრო მარტივია – მას წვრილად ჭრიან და დამკვეთისთვის საჭირო ფორმას აძლევენ.

მოსახლეობის ყველაზე დაბალი ფენები, ყველაზე დაუცველი შრომის პირობებში, ძალაინ დაბალი ანაზღაურების ფასად ახდენენ ყველაფრის გადამუშავებას, რისი გადამუშავებაც კი შესაძლებელია. დჰარავიში ნაგავი არ არსებობს. ყველაფერი გადამუშავდება.

გარდა ამისა, ჯურღმულებში კერავენ ტანისამოსს, ამზადებენ ქსოვილებს.

ჩვენ ვიხილეთ მზა შეფუთული პროდუქცია, რომელიც არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც საფირმო მაღაზიებში იყიდება. ერთერთ სახლში, სადაც ჩვენ მიგვიყვანეს, ვნახეთ 8 ადამიანი, რომლებიც დღეში 250 ჯინსს კერავენ.
ჯურღმულებში ძირითადად ემიგრანტები ცხოვრობენ, სოფლებიდან ჩამოსული ხალხი. ჩამოდიან ფულის საშოვნელად, ხოლო შვებულების პერიოდში სოფელში მიემგზავრებიან. სამუშაო დღე საშუალოდ 12 საათს გრძელდება, წარმოება კი 24 საათის განმავლობაში არ წყდება. მუშა დღეში იღებს 150 რუპიას, ეს დაახლოებით 3,5 დოლარია.

წარმოების ხელმძღვანელი წლისა და ელექტროენერგიის გადასახადს საქალაქო სამსახურებს უხდის. ამ ჯურღმულებს, როგორც ჩვენ აგვიხსნეს, გააჩნიათ ისეთი „პრივილეგიები“, როგორიცაა ქალაქის წყალგაყვანილობა და ელექტრობა. აღსანიშნავია, რომ მუმბაიში არის ისეთი ჯურღმულები, სადაც ასეთი ფუფუნებით ვერ სარგებლობენ და იქ რა თქმა უნდა ყველაფერი უფრო უარესადაა. საღამოს 7 საათზე იქ უკვე ბნელა, ამიტომ იქ სადაც სინათლე არ არის, მუშაობა წყდება, ან იზრდება უბედური შემთხვევების რაოდენობა.
ჯურღმულებში არამარტო საქორწინო მამაკაცები ცხოვრობენ, არამედ ბევრი ოჯახიცაა. ხშირად ერთ „სახლში“ 10–11 კვადრატული მეტრის ფართობზე სამი თაობა ცხოვრობს, ანუ 8–10 ადამიანი. ჯურღმულებში არის სკოლები, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო. კერძო სკოლებში განათლება ფასიანია, თვეში 200–300 რუპია ღირს – დაახლოებით 4–6 დოლარი.

იმის გამო, რომ ჯურღმულები ძალაინ დიდია, სხვადასხვა რაიონებში სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებული, სადღაც ნაგავს ახარისხებენ, სადღაც ტანისამოსს კერავენ, სურსათს ამზადებენ. არის დიდი რაიონი, სადაც მხოლოდ თიხას ამუშავებენ. ეს ქალაქის უძველესი მაცხოვრებლები არიან, რომელთაც დიდი სახლებიც აქვთ და მათ სახლებშიც ოჯახის სამი თაობა ცხოვრობს, მათ აქვთ გამოსაწვავი ღუმელები და საშრობი ადგილები.

არსებობს გეგმა, რომ ეს ადამიანები ჯურღმულებიდან სახლებში გადაასახლონ. მაგრამ ბევრს წასვლა სულაც არ უნდა. საქმე იმაშია, რომ მათ მხოლოდ საცხოვრებელს სთავაზობენ , მაგრამ სამუშაოს არავინ სთავაზობს. დჰარავის ბევრ „ძირძველ“ მოსახლეს აქვს მაღაზია ან საწარმო იმავე ადგილას, სადაც ცხოვრობენ, ან პირველ სართულზე ან კედლის მიღმა.
პრობლემა კიდევ იმაშია, რომ ჯურღმულები ძალიან მომგებიან ადგილას მდებარეობს – ქალაქის ცენტრში, იმ ადგილას სადაც ორი ძირითადი სატრანსპორტო ხაზი კვეთს ერთმანეთს – აღმოსავლური და დასავლური ხაზები. თუკი ჯურღმულები გაქრება, მიწა აქ ძალიან ძვირი იქნება.

ჯურღმულები უსაფრთხო არ არის, ბინძურია, ხმაურიანია, ვიწროა, ბნელია, ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ნორმალური სამედიცინო დახმარება არ არის, არც ნორმალური სამუშაო და საცხოვრებელი პირობებია. დჰარავის ჯურღმულები ეს არის შრომა. ადამიანებს, რომლებიც ქალაქში 30–40 წლის წინ ჩამოვიდნენ, ახლა საკუთარი საწარმოები აქვთ, შეიძინეს სახლები. ამ ადამიანებიდან ყოველი მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს.

„ისინი რა თქმა უნდა მოინდომებენ იფიქრონ, რმ შეუძლიათ ვუყვარდეთ და გაგვიგონ ასეთ მდგომარეობაში, ირწმუნონ, რომ სასაცილოები და სიმპათიურები ვართ, იმისთვის, რომ თავიანთი თავი ჭკვიანი და ჩვენზე უკეთესი ეგონოთ, და უფრო ადამიანურები. მაგრამ თუ ამ ჩემს სიტყვებს დაწერთ, მათ ეჭვი შეეპარებათ...“ – ორჰან ფამუქი, „თოვლი“.

12.10.2009

დაბადების დღეს გილოცავთ Shahenshah Amitabh!!!

11 ოქტომბერს ბოლივუდის Shehenshah–ს, ინდური კინოს სუპერვარსკვლავს, ბოლივუდის უდიდეს მსახიობს ამიტაბჰ ბაჩანს ანუ Big B–ს, როგოც მას ბოლო დროს უწოდებენ, 67 წელი შეუსრულდა. ამიტაბჰ ბაჩანი ჰინდი პოეტის Dr. Harivansh Rai Bachchan–ის ოჯახში დაიბადა. თავისი კარიერა ბოლივუდში მან 1969 წელს დაიწყო და ახლა 2009 წელს თავისი კინოცხოვრების 40 წლის იუბილესაც აღნიშნავს.

Big B ამტკიცებს, რომ კინოდან არასდროს არ წავა. „არადროს დავეთანხმები იმ აზრს, რომ ჩემი ასაკის მსახიობები მნიშვნელოვან როლებს ვერ იღებენ. შეხედეთ დადა მუნის (აშოკ კუმარი)... ის მაგალითი იყო. ის ყოველთვის მნიშვნელოვან როლებს თამაშობდა, მაშინაც კი, როცა 80 წლის იყო“.

„რომანტიული ბიჭების როლებს ვეღარ ვითამაშებ, სამაგიეროდ ვასრულებ ისეთ როლებს, რომლებიც 67 წლის ასაკს შეეფერება“– ამბობს ბაჩანი. მიმდინარე წელს ჩვენ ვიხილავთ მის მიერ განსახიერებულ ჯინს მომავალ პრემიერაში „ალადინი“. ამჟამად კი იგი მონაწილეობს Big Boss–ის მესამე სეზონში ტელევიზიაში.

ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებთ Big B–ს!!!

ბიპაშა ბასუ Harper's Bazaar–ის ცხელ–ცხელ ფოტოსესიაში

ბიპაშა ბასუ განუმეორებლად გამოიყურება თავის ახალ ფოტოსესიაში, რომელიც გადაღებულია ჟურნალ Harper's Bazaar–ისთვის. ბიპაშამ თავისი სამოდელო გამოცდილება გაიხსენა. იგი ყველა ფოტოზე თანაბრად შთამბეჭდავია, მაგრამ მე ყველაზე მეტად მესამე მომწონს. თქვენ?

11.10.2009

კინოთეატრ „საქართველოში“ ინდური ფილმების სეზონი გაიხსნა

11 ოქტომბერს კინოთეატრ საქართველოში ინდური ფილმების ჩვენების სეზონი გაიხნა. გახსნის ცერემონია, როგორც ორგანიზატორები დაგვპირდნენ, საინტერესო და ლამაზი იყო. კინოთეატრის ფოიეში ერთერთი ქართველი მხატვრის ნახატების გამოფენა იყო მოწყობილი, რომლის ნახატებიც ინდურ თემატიკაზე იყო შექმნილი, მათ შორის ბოლივუდის მსახიობების პორტრეტებიც, და ყველაზე მეტი პორტრეტი კი შაჰრუქ ხანის იყო. გარდა ამისა, ფილმის დაწყებამდე ჩვენების ორგანიზატორებმა რესტორან „მაჰარაჯასთან“ თანამშრომლობით, რომელიც ახვლედიანის ქუჩაზე მდებარეობს, მოსულ მაყურებლებს ნამდვილი ინდური კერძები შესთავაზეს, რამაც მოსული აუდიტორიის განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა.

კინოთეატრში შედგა ახალი მხატვრული ფილმის „ნიუ იორკის“ ჩვენება, რომელშიც მთავარ როლებს ჯონ აბრაჰამი, კატრინა კეიფი, ნილ-ნიტინ მუკეში ასრულებენ. მართალია, ფილმი კლასიკური ბოლივუდური მელოდრამის ჟანრში არ არის გადაღებული და ტრადიციული ინდური მუსიკალური ჩართვებიც ნაკლებად არის, სამაგიეროდ ჰოლივუდურ ფილმებს არაფრით ჩამოუვარდება და საკმაოდ საინტერესო საყურებელია. ამ ფილმს, ვფიქრობ სიამოვნებით ნახავდნენ არა მარტო ინდური კინოს მოყვარულები, არამედ ისინიც, ვინც მთლად ინდური ფილმების ფანები არ არიან. ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ინგლისელი რეჟისორის მიერ გადაღებული „მილიონერი ჯურღმულებიდან“ უფრო მეტად ინდური ფილმი იყო, ვიდრე ბოლივუდური „ნიუ იორკი“. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ფილმი საინტერესო და აზარტული საყურებელი იქნება ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთის.

ინდური ფილმების ჩვენების სეზონის გახსნა, რომლის განმავლობაშიც ბოლივუდის თაყვანისმცემლებს ყოველ შაბათ–კვირას ექნებათ საშუალება, რომ კინოთეატრ საქართველოში ინდური ფილმების ჩევენას დაესწრონ, მიეძღვნა ბოლივუდის ცოცხალი ლეგენდის ამიტაბჰ ბაჩანის დაბადების დღეს.

ჩვენების ორგანიზატორებს მადლობას ვუხდი იმ სასიამოვნო 3 საათის გამო, რომელიც კინოთეატრ „საქართველოში“ გავატარე.

აქვს გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომლებიც ფოიეში ფილმის დაწყებამდე გადავიღე: