
მაგრამ ამჯერად ცოტა განსხვავებული კუთხით მინდა შევხედო ინდურ კინოწარმოებას და შევეცადო ცოტა, სულ ცოტა მის სიღრმეებში ჩავწვდე, უბრალოდ შევიარო ამ სიღრმეებში, რადგან მთლიანად ბოლომდე მაინც ვერაფერს გავიგებ ვერასდროს :)
ჰოლივუდი ყველამ ვიცით, მერე მოდის ბოლივუდი, და მეც მთელი ჩემი გულუბრყვილობით მეგონა, რომ მთელი ინდური კინოწარმოება ბოლივუდი იყო. მაგრამ გსმენიათ ვინმეს მოლივუდი? მგონია რომ უმეტესობას არ სმენია. ასო არ შემშლია და ნამდვილად მოლივუდი დავწერე. კარგით, მოლივუდი თუ არა იქნებ ტოლივუდი ან კოლივუდი გსმენიათ? :) მოდით მოვლენებს წინ გავუსწრებ და ცოტა თამამადაც ვიტყვი, რომ 99% დარწმუნებული ვარ არ გსმენიათ. არა და ეს ყველაფერი ნამდვილად არსებობს და არსებობს ინდოეთში. არსებობს ბოლივუდის კინოწარმოება და ფილმები და არსებობს კიდევ ასეთი რამ, რასაც სამხრეთინდური კინო ჰქვია. ესეც ინდური კინოა, მაგრამ განსხვავება ნამდვილად არსებობს დამიჯერეთ. არსებობს კიდევ აღმოსავლეთინდური კინოც, მაგრამ სამხრეთი და აღმოსავლეთი ხშირად ერთ სამხრეთინდური კინოს მცნებაშია გაერთიანებული და მეც შევეცდები ცოტა გასაგებად დავწერო რას ვგულისხმობ ამ ყველაფერში. მაგრამ ცოტა შორიდან დავიწყებ.

ახლა კი მთავარი –

მარტო ინდოეთში კინოწარმოების ცხრა (!!!) უმსხვილესი ცენტრია (ბოლივუდი ერთერთი მათგანია მხოლოდ), რომლებიც წელიწადში 1000 (!!! – ჰო, ჩემს ბავშვობაში ცნობილი იყო 600–700 ფილმი წელიწადში და ბოლო 30 წლის მანძილზე ეს რიცხვი 300–ით გაზრდილა) მხატვრულ ფილმს იღებენ. უმსხვილეს კინოსტუდიებს თავისი მეტსახელებიც აქვთ, რომლებიც ჰოლივუდის სახელიდან გამომდინარეობს. მუმბაიში – ბოლივუდია (მუმბაის მანამდე ბომბეი ერქვა და სულ ათიოდე წლის წინ დაუბრუნეს ქალაქს ძველი სახელი), ტირუვანანტაპუირამში, სადაც ფილმებს მალაიალამის ენაზე იღებენ – მოლივუდია, ჰაიდარაბადში (ტელუღუს ენა) – ტოლივუდია, ჩენაიში (ტამილური ენა) – კოლივუდია. კიდევ არის კინოსტუდიები გუჰავატიში (ინდოეთის უკიდურესი აღმოსავლეთი, ასამის შტატი), ბანგალორში (კარნატაკას შტატი, სადაც ფილმებს ადგილობრივ კანნადას ენაზე იღებენ), დელიში, კუტაკში (ორისას შტატი, ფილმებს ორიას ენაზე იღებენ) და კალკუტაში (ბენგალის ენაზე).
ყველაზე მეტ ფილმებს ქვეყნის მთავარ ენაზე – ჰინდიზე იღებენ ბოლივუდის მარკით, მაგრამ ვინ იცის, იქნებ დადგეს დრო რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ინდოეთის სამხრეთში გადაღებულმა გულუბრყვილო ფილმებმაც დაიპყრონ მსოფლიოს ფართო ეკრანები. სამხრეთში განთავსებულია ქვეყანაში მოქმედი კინოთეატრების უმეტესობა, მაყურებელთა დარბაზები სიცარიელეს არ უჩივიან, და შესაძლოა დადგეს დრო, რომ პროდიუსერებსაც გაუჩნდეთ ფული საიმისოდ, რომ ბომბეელი ან დასავლელი მსახიობები მიიწვიონ გადაღებებზე.

მთლიანობაში სამხრეთი და აღმოსავლეთი ინდოეთის კინოინდუსტრია ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარი და მეზობელი შტატების კინომოთხოვნილებებს აკმაყოფილებს (თითოეულ შტატში 80–100 მილიონი ადამიანი ცხოვრობს), მაგრამ ისტორიაში არის მაგალითები, როცა იქაური ფილმები სპეციალისტებსაც შეუნიშნავთ. ჯერ კიდევ 1956 წელს ბენგალურმა ფილმმა „გზად საგალობელი“ კანის კინოფესტივალის პრიზი და აშშ–ის მიმომხილველთა ეროვნული საბჭოს პრემია მიიღო, როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა.
ეს რაც მხოლოდ ფილმებს და კინოწარმოებას შეეხება, თან ძალიან მოკლედ. წარმოგიდგენიათ ყველაფერი ამის შემხედვარე თვითონ ქვეყანაში რამდენი უცნაური და ამოუცნობი რამ არის, რასაც უბრალო ევროპელი მოკვდავის ტვინი ვერ ჩაწვდება. ოშო რაჯანიშს დავეთანხმები და მეც ვიტყვი, რომ ინდოეთი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა არ არის, ეს სულიერი მდგომარეობაა, და ჩემგან დავამატებდი, რომ ეს სულიერი მდგომარეობა არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, და ჩვენ შეიძლება მხოლოდ გვქონდეს ან არ გვქონდეს სურვილი მას ჩავწვდეთ. ცინიზმი და დაცინვა... მემგონი ეს ყველა რელიგიაში არასახარბიელო საქციელად ითვლება... გამგები გაიგებს :)

1 комментарий:
tolivudzec mogvikevit raime dalian mainteresebs Mahesh Babus, Prabhasis da trishnas biograpia. gtxovt ikneb raime mogvidiot
Отправить комментарий