გელით facebook–ზე

05.08.2011

ინდოეთში გველების ფესტივალი მიმდინარეობს

გველების ფესტივალი „ნაგ პანჩამი“ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საოცარი მოვლენაა. ინდოეთში ეს ფესტივალი დასავლეთ ბენგალიაში, მაჰარაშტრაში და სამხრეთ შტატებში ტარდება. ამ ქვეყანაში გველების 275 სახეობა ბინადრობს. მათ ეთაყვანებიან როგორც სიკვდილისა და აღდგომის სიმბოლოს, ისინი ღმერთ შივას სიმბოლოც არიან და სწორედ კისერზე შემოხვეულ გველს ატარებს ეს ღმერთიც. გველები ხშირად ფიგურირებენ ინდურ მითოლოგიაში, ხოლო ინდუისტურ გადმოცემებში გველღმერთების რაოდენობა 1000–ს აღწევს.

აღნიშნული დღესასწაული ყოველ წელს აღინიშნება შრავანის თვის ნათელი ნახევრის მეხუთე მთვარიან დღეს, რომელიც გრიგორიანული კალენდრის ივლის–აგვისტოს ემთხვევა.

ბუნებაში ამ დღეს გველები სოროებიდან გამოდიან. სოროებიდან მათ წვიმის წყალი სდევსნის, რომელიც მათ საცხოვრებელს ტბორავს. ამ ქვეწარმავლების თაყვანისცემის ტრადიცია უძველეს დროს წარმოიშვა. ჯერ კიდევ ვედებამდელ პერიოდში ადამიანები ატარებდნენ რიტუალებს, ართმევდნენ ძღვენს და შესაწირს გველებს და ლოცულობდნენ კიდეც.

ფესტივალისთვის მზადება კობრების დაჭერამდე ერთი კვირით ადრე იწყება. კობრებს თიხის დიდ ქოთნებში ათავსებენ. დღესასწაულზე პროცესია, რომელიც გველებს მიაბრძანებს, სიმღერითა და ცეკვით მიემართება ტაძრისკენ, სადაც სპეციალური რიტუალების შესრულების შემდეგ გველებს ტაძრის ეზოში უშვებენ. კობრებთან ცეკვას ათასობით მაყურებელი ჰყავს. დასვენებისა და გამოკვების შემდეგ გველებს ახლომდებარე სოფლებში დაატარებენ და სახლებთან ახლოს ბუნებაში უშვებენ. გველების ფესტივალი განსაკუთრებით ახარებს გასათხოვარ გოგონებს, რომლებიც თვლიან, რომ ქვეწარმავალს მათთვის არამარტო იღბალი მოაქვს, არამედ უშუალოდ გათხოვებაშიც ეხმარება.

დაკბენისგან თავის დასაცავად ქვეწარმავლებს თავზე სანელებლებს აყრიან და უხვად რძეს, ტკბილეულს და ბრინჯს მიართმევენ. ბრამინს, რომელიც რიტუალებს ატარებს, ხშირად ოქროს ან ვერცხლის მონეტებს ჩუქნიან, ზოგჯერ ძროხებსაც.

ნაგ პანჩამი ყველგან აღინიშნება, მაგრამ ჩრდილოეთში ეს დღესასწაული არც ისე მასშტაბური და ფერადოვანია, როგორც სამხრეთში.
















Комментариев нет: