ყოველ საღამოს ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე, ქალაქ ამრიტსარიდან 30 კილომეტრში ძალიან უცნაური ცერემონიის ხილვაა შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს საზღვრის დაკეტვის ერთადერთი ცერემონიაა მთელ მსოფლიოში, რომლის სანახავადაც ათასობით ადამიანი ჩადის ადგილზე. ერთდროულად ეს ცერემონია პატრიოტიზმის დემონსტრირებაცაა, ასევე ინდური მენტალობის გარკვეული მხარეების წარმოჩინებაც (თუ ცერემონიას ინდურ მხარეს აკვირდებით), მეზობლის მიმართ ძალის დემონსტრირებაც ინდურ–პაკისტანური ურთულესი ურტიერთობების ისტორიაში, და ასევე უბრალოდ უცხო თვალისთვის ამოუსნელი რაღაც კიჩი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად უდავოდ იმსახურებს, რომ ერთხელ მაინც ხოვრებაში ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახო.
ვაგა–ატარის საკონტროლო–გამშვები პუნქტი ერთადერთი ოფიციალური სასაზღვრო–გამშვები პუნქტია ინდოეთ–პაკისტანის საზღვარზე (უნებლიედ ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტი მახსენდება). 1947 წელს, როდესაც ინდოეთი და პაკისტანი გაიყო, სოფელი ვაგა ყოფილი ბრიტანული პემჯაბში გაიყო ორ ქვეყანას შორის გაყოფილი აღმოჩნდა. საზღვრის დაკეტვისა და სახელმწიფო დროშების დაშვების ცერემონია აქ პრაქტიკულად ყოველ დღე ტარდება 1959 წლიდან. ამ ათწლეულების განმავლობაში ინდოეთმა და პაკისტანმა ისეთი ჩახლართული ურთიერთობებით იცხოვრეს – ბირთვული ომის ზღვარზე ყოფნიდან მეტნაკლებად ცივ მშვიდობამდე – რომ ამან საზღვრის დაკეტვის ცერემონიაშიც ჰპოვა ასახვა, რომლის მსხველობისასაც ორივე მხარე ცდილობს აჩვენოს გარკვეული ზიზღი და უპირატესობა მეორე მხარის მიმართ, და გარდა ამისა... ალბათ უმჯობესი იქნება, თუ დიდად არ ჩავუღრმავდებით ამ უცნაური ქმედებების შინაარსს, ამ ქვეყნებიდან ერთერთში მაინც უნდა ცხოვრობდე დიდი ხნის მანძილზე, რომ რაღაცას მაინც მიხვდე. ასე რომ გვერდი ავუაროთ მორალურ და პოლიტიკუ ასპექტებს და გვერდიდან დამკვირვებლის სტატუსით შემოვიფარგლოთ...
საზღვარზე მოხვედრა ძალიან ადვილია ამრიტსარიდან. საკმარისია იმ კვარტალში სეირნობდეთ, რომელიც ოქრს ტაძრის კარიბჭესთან ახლოს მდებარეობს და რომლითაც ტაძრის სასადილოსა და საერთო საცხოვრებელში შედიან. თუ უცხოელივით გამოიყურებით, საზღვრამდე გამცილებელი თვითონ მოგაგნებთ. მისაღებ ფასად საზღვრამდეც მიგიყვანენ და სურვილის შემთხვევაში დაგელოდებიან კიდეც, რომ უკანა გზაზე წამოგიყვანონ.
საზღვართან მიახლოებისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველა იქით მიემგზავრება. ცერემონიის სანახავად ინდოელები შორეული ქალაქებიდანაც ჩადიან. კერძო მანქანები, ტურისტურლი ჯგუფების ავტობუსები, ურმებიც კი. შესაძლოა უაკანა გზაზე ცერემონიის დასრულების შემდეგ საკუთარი მძღოლ–გამცილებლის მოძებნა გაგიჭირდეთ, ამიტომ უკეთესია, თუ მობილური კავშირი გექნებათ.
უცხოელებს ცერემონიაზე გულითადად ხვდებიან. ჯერ ერთი, ეს უბრალოდ უცხოელი სტუმრის მიმართ ტრადიციული ინდური სტუმარ–მასპინძლობის ეტიკეტია. გარდა ამისა, შესაძლოა ამას აღიქვამენ ერთგვარი წამახალისებელი PR–ის სახით ინდური პატრიოტიზმისა და ინდური სიძლიერისადმი, თუკი აქ საერთოდ შეიძლება ამაზე ლაპარაკი. აუცილებლად თან უნდა იქონიოთ პასპორტი (ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, თუკი პასპორტი არ გექნებათ), რადგან საზღვართან მიახლოებისას ყოველ 20 მეტრში პასპორტებს ამოწმებენ. ანუ ორი პოლიციელი დგას ერთმანეთის მხედველობის არეში და ამის მიუხედავად პასპორტს ერთიც ამოწმებს და მეორეც და ასე შემდეგ (შესაძლოა ისინი ფიქრობენ, რომ ამ 20 მეტრის გავლისას პასპორტი გოგრად გადაიქცა ან მთვარეზე გაფრინდა).
მე მიცავს ჩემი პოლიცია. უცხოელებს სპეციალურ ტრიბუნებზე საპატიო ადგილებზე სვამენ, საზღვართან უფრო ახლოს, საიდანაც კარგი ხედიც იხსნება. ესეც ტურისტების მიმართ კარგი დამოკიდებულების დადასტურებაა.
ეს კი უშუალოდ საზღვარია. წინა პლანზე ინდური თაღი ჩანს და სიღრმეში კი პაკისტანური. ამ თაღებს შორის ორივე მხარ5ეს ტრიბუნებია განლაგებული.
უცხოელ სტუმრებს საპატიო ადგილზე მიუთითებენ უახლოეს ტრიბუნაზე, საიდანაც შესაძლებელია დააკვირდეთ ინდოელი მშრომელების მასას, რომელიც პატრიოტიზმის ამ დღესასწაულს ესწრება. ქალებისა და მამაკაცების სექსიები გაყოფილია (ალბათ იმის გამო, რომ პატრიოტული აზრები არ გაიფანტოს ცერემონიის დროს). მშრომელებიც ერთსულოვანი სამოქალაქო შემართებით ელიან ქმედების დასაწისს.
ეფექტურად გამოწყობილი მესაზღვრე–კონტროლიორები მაყურებელს უთითებენ, სად უნდა განთავსდნენ. ამასთან აუცილებლად ინდურ სტილში, ერთმანეთზე მიბჯენილი. ქვეყანა უზარმაზარია და ხალხიც უთვალავია. ინდური მენტალობის ერთერთი შემადგენელი ელემენტია – რა საჭიროა დისტანციის შენარჩუნება, როცა შესაძლებელია ახლო დაჯდომა და გათავისუფლებული ადგილი მოყვასსაც დაუთმო. თუ ვინმე მოშორებით დაჯდება, ეგრევე გაისმის სასტვენის ხმა და პოლიციელი მიუთოთებს, რომ ახლოს მიიწიოს და ადგილი გაათავისუფლოს.
ზედმეტი იქნება ალბათ იმის შეხსენება, რომ ყველაფერ ამას თან ახლავს მუსიკა და შეძახილები, ისევე როგორც საფეხბურთო სტადიონზე. მისული მახურებლის შესახურებლად იღწვიან უბრალოდ ინიციატივიანი მოქალაქეები ან ამისთვის სპეციალურად დაქირავებული საგულშემატკივრო „დიჯეები“, რომლებიც დროშებით არიან შეიარაღებულნი. სკანდირების მთავარი ლუზუნგია მრავალჯერადად გამეორებული „ჰინდუსტან ზინდაბად“, რაღაც „საქართველოს გამარ...ჯოს“ მსგავსი, ამასთან ინიციატორი ძირითადად წამოიყვირებს „ჰინდუსტან’, რაზეც მრავალათასიანი პუბლიკა პასუხობს „ზინდაბად“. პრინციპში ქართველებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფერი გაუკვირდებათ და ალღოსაც მალე აუღებენ, ჩვენი ქვეყნის ბოლო 20 წლის ისტორიაში ხშირად ვყოფილვართ მსგავსი შეძახილების (საქართველოს გაიმარ...ჯოს) მომსწრე–მონაწილენი.
სკანდირება სახალხო პატრიოტიზმის ერთადერთი მასობრივი გამოვლინებაა. საგმირო საქმეებისთვის განწყობილი ინდოელი ქალები პატრიოტიზმს ხალხის მასიდან საზღვრამდე მსუბუქი მირბენითაც გამოხატავენ, რა დროსაც ხელში აღმართული დროშები უკავიათ. მორიგ მსურველს დროშა ესტაფეტით გადაეცემა და ასე გრძელდება, ვიდრე გარბენის მსურველების რაოდენობა არ ამოიწურება.
აგერ ორი გოგონა საზღვრისკენ მიიწევს დ აუკან შემობრუნდება. საზღვარი, როგორც ხედავთ დაკეტილია. რიტუალის ჩასატარებლად კარიბჭეს ჯერ გახსნიან და შემდეგ დახურავენ. პაკისტანის მხარეს განთავსებულ ტრიბუნებს თუ დააკვსირდებით, ნახავთ რომ ცარიელია. ამ პერიოდში, როცა სურათებია გადაღებული, რამადანი მიმდინარეობდა და პაკისტანელ მშრომელებსა და მლოცველებს პატრიოტიზმისთვის არ ეცალათ და სეირის საყურებლადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა კანტიკუნტად.
როცა დროშებით გარბენები დასრულდა, დაიწყო ცეკვები. გოგონები სუხარულს გამოხატავენ საზღვრის დაკეტვის გამო.
კოლმეურნეობა „ნათელი გზის“ თავმჯდომარე თავის სოფლელ დამკვრელური შრომის გმირ მეჩაიეებთან და მწველავებთან ერთად ცერემონიაზე დასაწრებად შორიდან ჩამოვიდა. ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ რაჯასტანიდან ან სადმე ახლომდებარე ადგილებიდან.
„იქეთ“ მხარეს მოსულ პაკისტანელთა რაოდენობა სასაცილოდაც არავის ჰყოფნის. პაკისტანის მხარეს ერთი ჭაღარა გრძელწვერა მოხუცი დარბოდა პაკისტანის დროშიტ ხელში წინ და უკან და თავისთვის გაჰყვიროდა „პაკისტან ზინდაბად“, მაგრამ სამწუხაროდ არავინ იყო, ვინც მის შეძახილს აიტაცებდა. შესაძლოა ის მოხუცი ყოველდღე მიდის კიდეც საზღვართან და ცდილობს მარტოდმარტო გაუმკლავდეს ინდოელი პატრიოტების მრავალათასიან არმიას.
პაკისტანის მხარის კარიბჭის ხედი
დაძაბული ლოდინის ბოლო წუთები...
და აი დაიწყო კიდეც. დუბლი ერთი! ბიჭო კამერა გაასორე! ექშენ!
ესეც კარდინალის გვარდიელების პირველი ჯგუფი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ცერემონიის ძირითადი ნაწილი უფრო „მშვიდობიანი“ გახდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთ „სიძულვილის“ კომპონენტს ძირითადად ტრადიციული ქმედებებისადმი ინტერესის შესანარჩუნებლად და ტურისტების მისაზიდად არ ღალატობენ. ეს გარკვეულ რიტუალადაც იქცა ბუკინჰემის სასახლეში ყარაულის შეცვლის ან ბერძენი ჯარისკაცების უცნაური მოძრაობების მსგავსად, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე საკუთარ პომპონებს დახედავენ ხოლმე. სისულელე იქნებოდა იმის გაფიქრება, რომ ორ ქვეყანას შორის ყოველდღიური კონტაქტები საზღვრის დაკეტვის ამ ცერემონიით შემოიფარგლება, რომელიც უფრო პუბლიკასა და ტურისტებზეა გათვლილი.
კარიბჭე იღება და იწყება მისალმებებისა და ბრძანებების ტრადიციული თანმიმდევრობა. საზღვრის ყოველი მხარე ცდილობს ოპონენტებზე უფრო ხმამაღლა დაიყვიროს, ან უფრო გააგრძელოს ნოტი. არაა გამორიცხული, რომ ხმის დაყენების შესაძლებლობა ერთერთი კრიტერიუმი იყოს ორივე მხარეს ახალწვეულების მიღებისას, რომლებიც მომავალში ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. „გაიმარჯვებს“ ის მხარე, რომლიც ჯარისკაციც უფრო ხმამაღლა დაიყვირებს და ხმის ტონალობასაც დიდხანს შეინარჩუნებს. ინდოელი მესაზღვრეები ხაკისფერ სამხედრო ფორმაში არიან, ხოლო უკანა პლანზე შავ ფორმაში პაკისტანელები. ფერების გარდა, ვინ აღმოაჩენს 10 განსხვავებას? :)
ფოტოსურათებით ამ ცერემონიის მოყოლა დიდი ვერაფერი ბედენაა, ამიტომ ვისაც აინტერესებს, შეუძლია ერთერთი ვიდეორგოლიც იხილოს, რომლებიც Youtube–ზე უხვად მოიპოვება.
მთელი ამ პროცესის მარილი კი ცერემონიის მინაწილეთა სიარულის მანერაშია, რომლებიც ფეხებს ისე იქნევენ, რომ საკუთარ თავზე მაღლა სწევენ და ერთმანეთს მებრძოლი მამლებივით უახლოვდებიან, კიდურების ქნევისას კი ერთი პატარა შეცდომა და ოპონენტს ყურსაც ჩამოათლიან. ფეხების ქნევის გადაღება არაპროფესიონალური კამერით შორი მანძილიდან ძალიან რთულია, ეს ერთერთი ყველაზე უკეთეში ვარიანტია ბევრი მცდელობების შემდეგ.
აბა, მიდი!
შეამჩნევდით ალბათ, რომ ცერემონიის მონაწილეები ორივე მხარეს ფეხებს იქნევენ როგორც ერთმანეთის წინ, ასევე მეორე მხარის მესაზღვრეების წინაშეც. ამ სურათზე პაკისტანელი მესაზღვრეები ჩანან და მათაც ხმის სიმძლავრისა და ფეხების მაღლა აქნევის შესაძლებლობების მიხედვით არჩევენ.
ამის შემდეგ ხდება დროშების დაშვება. ამასთან, აუცილებელია, რომ ეს სინქრონულად მოხდეს. დაუშვებელია, რომ ერთი დროშა მეორე დროშაზე უფრო დაბლა იყოს ჩამოწეული. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ამ დროს მხარეები ერთმანეთს ქვეშქვეშად უყურებენ, რომ დროშები მეტ–ნაკლებად თანაბრად დაუშვან.
ხალხი რა თქმა უნდა სრულად შეპყრობილია ამ პროცესით. ყველა გაჩუმებულია და მხოლოდ მესაზღვრეების წამოყვირებები ისმის.
მორიგი გასეირნება ფეხების მძლავრად ქნევით. ადრე ერთიანი ქვეყნის და ახლა ორ ქვეყანად გაყოფილი ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობების ლაბირინთი იმდენად ჩახლართული და ჩვეულებრივი მოკვდავისთვის გაუგებარია, რომ არც კი ღირს რამე პარალელების გავლება სხვა ქვეყნებთან, რომ ვენტილატორში ერთი ადგილის გაჩხერას არ დაემგვანოს ეს შედარება.
ცერემონიის ბოლოს მხარეები ძალიან ხალმოკლე დროით ართმევენ ხელს ერთმანეთს, რის შემდეგაც ორივე პარალელური კარიბჭე სწრაფად, მკვეთრად და ხმაურიანად იკეტება.
მზე ჩავიდა, ჭიშკარი დაიკეტა. ყველას დიდი მადლობა, ყველა თავისუფალია. მაყურებლები გასასვლელისკენ გაემართებიან და დაიწყება მანქანების ძებნა, რაც არც ისე მარტივია ამ არეულობაში. უცხოელი ტურისტები კი სანახაობით „გამძღარი“ მომავალი თავგადასავლების საძიებლად გაემართებიან ათასი ღმერთების ქვეყნის უკიდეგანო სივრცეებში.
1 комментарий:
Hello, I enjoy reading through your post. I like to write a little comment to support you.
my website: How to download from sharecash
Отправить комментарий