გელით facebook–ზე

12.07.2012

ინდოეთში საქართველოში გადაღებული პირველი ინდური ფილმის პრემიერა გაიმართება

უკვე თითქმის ორი წელია, რაც საქართველოს ინდური კინემატოგრაფის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ. გაიმართა ინდური ფილმის გადაღებებიც საქართველოს სხვადასხვა ადგილებში, მთიან რეგიონებსა თუ ქალაქებში. და როგორც ჩანს პირველი ასეთი ფილმის გადაღება უკვე დასრულდა და 13 ივლისს მისი პრემიერაც შედგება ინდოეთის ერთდროულად სამ დიდ ქალაქში: მუმბაიში (ბომბეი), ჩენაიში (ყოფილი მადრასი) და გოაში. ინფორმაცია პრემიერის შესახებ გაავრცელა საქართველოს საინვესტიციო სააგენტომ, რომელიც ინდურ მხარესთან თანამშრომლობს. სააგენტოს პრეს–რელიზს ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ, მანამდე კი მცირედი შენიშვნები ჩემი მხრიდან.

ძალიან კარგია, როცა უცხოურ კინოკომპანიასთან თანამშრომლობა შედგა და გარკვეული შედეგიც სახეზეა, იგივე ინვესტიციების საქართველოში დაბანდების თვალსაზრისით, მაგრამ ისევ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ინფორმაცია განგებ დამახინჯებული ფორმით გადმოიცემა, ხოლო ამ დამახინჯების მიზეზს ვერ ვხვდები. რაღაც ვარაუდები შეიძლება მქონდეს, მაგრამ კონკრეტულად რა შედეგის მომტანია, ჩემამდე არ დადის. ამ თემაზე ადრეც დავწერე და კიდევ გავიმეორებ, რომ მთელი ინდური კინოინდუსტრია ბოლივუდი არ არის მარტივი მიზეზის გამო, რომ ბოლივუდი ჰქვია მხოლოდ მუმბაიში (ყოფილი ბომბეი) განლაგებული სტუდიების ერთობლიობას და მათ მიერ შექმნილ პროდუქტს ბოლივუდური ჰქვია. ბოლივუდის გარდა არის კიდევ 8 დიდი, ხაზს გავუსვამ, უზარმაზარი (!) კინოცენტრი, რომლებიც თავის მხრივ სხვადასხვა კინოსტუდიებს აერთიანებენ.

ერთერთი ასეთი არაბოლოვუდური, სამხრეთინდური კინოცენტრის წარმომადგენლების მიერაა გადაღებული ეს ღბადაღებული „ბილა 2“( BILLA II). ფილმი არ მინახავს და არ შევცოდავ, რომ წინასწარ გავაკრიტიკო ან ხარისხის ან რამე სხვა ნიშნის მიხედვით, ერთს შეგახსენებთ, რომ სამხრეთინდური კინო ის ინდური კინო არ არის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. საერთოდ ბოლივუდის გარდა სხვა ინდური კინოცენტრების მიერ წარმოებული კომერციული პროდუქცია თითქმის მხოლოდ შინაურ ბაზარზეა გათვლილი და ამ პროდუქციით უცხოური ბაზრების, და მით უმეტეს ევრუპული ბაზრების დაინტერესება ძალიან გაჭირდება. მსურველებს ტავისუფლად შეუძლიათ მოიძიონ თამილისა და ტელუღუს ენაზე გადაღებული ფილმები ინტერნეტში და შეადარონ ბოლივუდის ჰინდისა და ინგლისურ ენაზე გადაღებულ ფილმებს. ფილმის მხატვრულ ღირებულებებზე რომ არაფერი ვთქვათ, დიდ ცოდვად მიმაჩნია ასევე იმის თქმა, რომ თუნდაც „ბილა 2“–ში ცნობილი მსახიობებია დაკავებული. არსად, არცერთ ქართულ გამოცემაში თუ ტელევიზიაში თუნდაც ერთი ცნობილი ინდოელი მსახიობის სახელი არ დასახელებულა და რომელ ვარსკვლავებზეა საუბარი, არ მესმის. თუკი 10 კაცს გააჩერებთ ქუჩაში და ჰკითხავთ თამილ–ნადუს შტატში (ან თუნდაც მადრასში) წარმოებული ფილმებიდან რომელი მოგწონთო, წარმომიდგენია რა გაკვირვებული სახით შემოგხედავენ. ხოლო ამ 10–დან 9 მაინც გაგცემთ პასუხს, იგივე კითხვა ბოლივუდურ ფილმებსა და მსახიობებზე რომ დაუსვათ, თუნდაც სულაც არ იყვნენ ინდური კინოს მოყვარულები.

მეყოფა წყევლა–კრულვა. გაუმარჯოს საქართველოსა და ინდოეთის თანამშრომლობას კინოდ სფეროში. ქვემოთ იხილეთ რამდენიმე სურათი ფილმის „ბილა 2“ გადაღებებიდან, ახლა კი უცვლელად გთავაზობთ საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს პრესრელიზიდან:

„13 ივლისს ინდოეთის სამ დიდ ქალაქში: ბომბეი, ჩენაი და გოა გაიმართება საქართველოში გადაღებული პირველი ინდური ფილმის “BILLA II”-ს პრემიერა. ღონისძიებას აქტიურად გააშუქებს ადგილობრივი და საერთაშორისო პრესა, წარმოდგენილი იქნებიან ინდოეთის წამყვანი მსახიობები და პროდიუსერები. საქართველოდან ფილმის პირველი ჩვენების პომპეზურ ცერემონიას დაესწრებიან სტუდია ”ქართული ფილმისა” და სტუდია ”მეტროს” წარმომადგენლები. ინდოეთში ყოფნისას სტუდია ”მეტროს” წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრებს ადგილობრივ პროდიუსერებთან, გააცნობენ იმ ფაქტორებს რაც განაპირობებს ფილმის გადასაღებად საქართველოს მიმზიდველობას. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის გეოგრაფიული მრავალფეროვნება, კვალიფიციური კადრები და კინო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა უკვე იწვევს დიდ დაინტერესებას.

საქართველოს ტერიტორიაზე “BILLA II”-ს გადაღებები 2011 წლის 10 ნოემბერს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა რის შედეგადაც ქართულ ეკონომიკაში ერთ მილიონ აშშ დოლარზე მეტი ჩაიდო. საქართველოს ეწვია ბოლივუდის პროდიუსერთა 36 კაციანი ჯგუფი მათ შორის რუპი ნაიკი, ჯორჯ პიუსი, სურეშ ბალაჯე, რომლებმაც თბილისში, ლიკანსა და რუსთავში გადაიღეს ფილმის სცენები და შეარჩიეს სამომავლო გადაღებებისათვის საინტერესო ლოკაციები. ქ. თბილისში ცეკვის სცენისათვის პროდიუსერებმა გამოიყენეს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დარბაზი. ეპიზოდი განსაკუთრებულია რადგან შერჩეულია ქართული სიმღერა-”უკვდავი მოგონება”, ხოლო ასრულებს ჯეოსტარის ყოფილი მონაწილე სოფო ბედია.

ბლოქბასტერის გადაღებებისას საქართველოში ინდოელი პროდიუსერების პარტნიორი იყო სტუდია ”მეტრო,” რომელიც უზრუნველყოფოფდა ინდურ მხარეს მაღალი ხარისხის აპარატურით და ასევე კოორდინაციას უწევდა ზოგადად გადაღებების დროს დამატებითი პერსონალის თუ მომსახურების ჩართვას. აქტიური დახმარება აღმოუჩინა ასევე სტუდიამ ”ქართული ფილმი”.

ფილმისათვის მსახიობების შერჩევა განახორციელა მსახიობთა სტუდიამ ”G არტ”. სულ ფილმში მონაწილეობს 60-მდე ქართველი მსახიობი, ხოლო რამოდენიმე სცენაში 200-ზე მეტი ადამიანია გადაღებული.

საქართველოში “BILLA”--ს მეორე ნაწილის გადაღებებში გარკვეული წვლილი შეიტანეს სამთავრობო სტრუქტურებმაც. აღსანიშნავია შემდეგი უწყებების მიერ აღმოჩენილი მხარდაჭერა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ქ. თბილისის მერია.

ქეთევან ბოჭორიშვილი: ”საინვესტიციო სააგენტოს საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე მოკრძალებული წვლილი შეაქვს ქართული კინო ინდუსტრიის განვითარებაში. საერთაშორისო კინო კომპანიების ჩამოსვლა პირველ რიგში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს აღნიშნულ სფეროში მოღვაწე ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებას, ახდენს ქვეყნის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ამასთანავე წარმოადგენს სტიმულს მთელი რიგი სხვა სფეროების აქტიური წინსვლისათვის რაც საჭიროა მაღალი დონის კინო პროდუქტის შესაქმნელად.”

შენიშვნა

აღსანისნავია, რომ საქართველოსადმი ინდური მხარის ინტერესი მეტად მაღალია და პირველი ფილმის წარმატებით გადაღების შემდეგ პროდიუსერთა ნაწილმა გამოთქვა სურვილი მოინახულოს ქვეყანა და შეარჩიოს ფილმისათვის შესაფერისი ადგილები. ზაფხულში დაგეგმილია კიდევ სამი ინდური ფილმის გადაღება, რის შედეგადაც მოხდება დასაქმება და სოლიდური თანხა დაიხარჯება ქართული ეკონომიკის სასარგებლოდ.“










სხვა სტატიები ამ თემაზე:
შეცდომა თუ ტყუილი?!

Комментариев нет: