გელით facebook–ზე

03.10.2014

სანელებლების მაღაზია აიშვარიას გარეშე

რა არის ინდოეთი სურნელის გარეშე, ზოგჯერ თავბრუდამხვევი, თითქოს არაამქვეყნიური, სხვა განზომილების სამყაროდან გადმოსული, ათასფერადი და ათასგვარი, ხშირად ენით აუწერელი და რთულად დასამახსოვრებელი სახელებით, სურნელები, რომლებიც სურნელოვან ჩხირებში, საკმეველებში და სანელებლებში გამოისახება.  ამჯერად მხოლოდ სასიამოვნო სურნელებზე გვაქვს საუბარი და ასევე სასიამოვნო სიახლე მაქვს თქვენთვის.

ვიცი, ბევრია ბლოგის მკითხველებს შორის ისეთი, რომელიც ინდურ სამზარეულოსაც აფასებს და თვითონაც აქვთ მცდელობები რაიმე საინტერესო შექმნან. სწორედ ასეთებს მინდა გახაროთ, რომ საბურთალოზე, სავაჭრო ცენტრ „მორკინალის ტერიტორიაზე (სპორტის სასახლესთან) მუშაობს მარკეტი, სადაც ინდური სანელებლების საკმაოდ დიდი განყოფილებაა და არჩევანიც დიდია. იმის გამო, რომ ამ სანელებლებში თვითონ ვერ ვერკვევი კარგად და სრულყოფილად, ამიტომ ჩემთვის რთულია იმის თქმა, კონკრეტულად რისი შეძენა შეგიძლიათ, მაგრამ დაინტერესებული ადამიანები სათავისოს აუცილებლად იპოვიან.

15.09.2014

ინდური ქსოვილების მაღაზია საბურთალოზე

საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე ინდური ქსოვილების მაღაზია გაიხსნა, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს ინდოეთში წარმოებული ქსოვილების შეძენა შეუძლიათ. ქსოვილების უმეტესობა აბრეშუმია, თუმცა სხვა ქსოვილების ნახვაც შეიძლება. ქსოვილების გარდა არის სხვადასხვა სახის მოქარგული ლენტები და მაქმანები. დოლიძის მაღაზიაში მომუშავე ინდოელმა ახალგაზრდამ, რომელსაც, როგორც თვითონ მითხრა, ილია ჰქვია, მომცა სავიზიტო ბარათი, სადაც სამი მაღაზიაა აღნიშნული შემდეგ მისამართებზე: 1) საბურთალო, დოლიძის №5, 2) გლდანი, ხიზანიშვილის 15, 3) სავაჭრო ცენტრი ევრაზია, 3 სართული, მაღაზია №53. ქსოვილების ფასები 8–15 ლარია. სურათებზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ დოლიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის ასორტიმენტი. ეს პოსტი არ არის კომერციული სარეკლამო ხასიათის და არც მაღაზიის მეპატრონეს უთხოვია ჩემთვის რეკლამირება. უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს ვაწვდი ინფორმაციას, რომელთაგანაც ხშირად ვიღებ შეკითხვებს მსგავსი ობიექტების შესახებ.

16.07.2014

საქართველოში მორიგ ერთობლივ ქართულ-ინდურ ფილმს იღებენ

ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ, როდესაც ამ ბლოგზე წერა დავიწყე, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ბოლივუდურ ფილმში, თუნდაც ძალიან მცირე ეპიზოდური როლის შესრულება მომიწევდა, მით უმეტეს, რომ არასდროს მინატრია მსახიობობაზე, მაგრამ ცხოვრება ზოგჯერ სიურპრიზებს გთავაზობს და ამაში უკვე მრავალჯერ დავრწუმნდი. მით უმეტეს ვერ ვიფიქრებდი ამაზე გასული საუკუნის შუა 80-იან წლებში, როცა მორიგ ინდურ სასიყვარულო ისტორიაზე სოფლის კლუბში სხვა ბავშვებთან ერთად მივრბოდი, რომ სახელგანთქმული „დისკოს მოცეკვავის“ გვერდით მომიწევდა რამის გაკეთება, რომელიც თავისთვის ივლიდა კადრსგარეთ შეუმჩნევლად, როცა კამერები ჩემზე იქნებოდა მომართული და მეც გაჯგიმული ვცდილობდი რაღაც ფრაზის ინგლისურად წარმოთქმას. გადაღებებზე საკუთარ შთაბეჭდილებებს სხვა დროს გაგიზიარებთ, ამჯერად კი შემოგთავაზებთ ეკონომიკის სამინისტროს მოწოდებულ ინფორმაციას ამ ქართულ-ინდური ერთობლივი პროექტის შესახებ, რომელსაც ჩემს მიერ გადაღებულ რამდენიმე ფოტოსაც დავურთავ: (პირველ ორ სურათზე მუთჰუნ ჩაკრაბორტის უფროსი ვაჟი მიმოჰ ჩაკრაბორტი, ახალი ფილმის მთავარი გმირი. მესამე სურათზე ქართულ-ინდური გადამღები ჯგუფის წევრები).

04.05.2014

ქართველი ფოტოგრაფის მიერ დანახული ვაისახი ნიუ–იორკში

ვაისახი ანუ სხვანაირად ბაისახი ახალი წლის და მოსავლის აღების დღესასწაულია, რომელიც პენჯაბში აღინიშნება. ვაისახი სიქჰებისთვის რელიგიური ფესტივალიცაა და მათ კალენდარში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ვაისახი აღინიშნება „ნანაკშაჰის“ მზის კალენდრის მიხედვით ვაისახის თვის პირველ დღეს, რაც გრიგორიანული კალენდრით აპრილის თვეში უწევს.

ამ დღეს ახალი წლის დადგომას ასევე აღნიშნავენ ნეპალშიც და ინდოეთის სხვა რეგიონებშიც, კერალაში, ორისაში, დასავლეთ ბენგალიაში და თამილ–ნადუში. ამ დღეს ინდოეთის ჩრდილოეთის შტატებშიც ეგებებიან, როგორც მოსავლის ფესტივალს.

ბოლო დროს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრები სიქჰებიც აღნიშნავენ ამ დღესასწაულს, განსაკუთრებით ბრიტანეთში, აშშ–ში და კანადაში.

ფოტოგრაფი გურამ მურადოვი, ინტერნეტ–ჟურნალ „ფოტოესეს“ მთავარი რედაქტორი, ახლახან დაბრუნდა აშშ–დან, სადაც ნიუ–იორკში ყოფნისას სწორედ სიქჰების დღესასწაულსაც დაესწრო. გთავაზობთ მისი თვალით დანახულ ვაისახის ნიუ–იორკის ქუჩებში, ქალაქში, რომელიც ჭეშმარიტად იმსახურებს მსოფლიო დედაქალაქის წოდებას და განთქმულია თავისი ტოლერანტობით სხვადასხვა ხალხების კულტურის მიმართ. ასევე გაგიზიარებთ გურამ მურადოვის შთაბეჭდილებებს მის მიერ დანახულთან დაკავშირებით:

ოქროს ტაძარი ჰარიმანდირ საჰიბი

ჰარიმანდირ საჰიბი – სიქჰების მთავარი ტაძარია, რომელიც ინდოეთის პენჯაბის შტატში, ქალაქ ამრიტსარში მდებარეობს. ოქროს ფირფიტებით მოპირკეთებულმა ამ ტაძარმა „ოქროს ტაძრის“ სახელიც შეიძინა.

ეს ტაძარი ერთერთ უძველეს და უწმინდეს ტაძრად ითვლება ინდოეთში. მისი მშენებლობა 1588 წელს დაიწყო და 1604 წელს დასრულდა. ტაძარი სიქჰების უზარმაზარი რელიგიური კომპლექსის გულში მდებარეობს. ოქროს ფირფიტების უმეტესობით, რომლებითაც არის მოპირკეთებული ტაძარი და რომელთა გამოც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ტაძარი ოქროს მთლიანი ზოდისგანაა გამოჭრილი, პირველად ის მოაპირკეთეს 19–ე საუკუნის პირველ ნახევარში.

12.04.2014

მოგზაურობა აირწინაღებით

ინდოეთზე საუბარი, ვინც მიცნობს, იცის, რომ არასდროს მომბეზრდება. არა იმიტომ, რომ ბევრი ვიცი ან ყველაფერში ვერკვევი, რაც ამ ქვეყანას ეხება, პირიქით, ალბათ იმ სურვილის გამო, რომ მინდა მეტი ვიცოდე და ბევრ რამეში ვერკვეოდე და უფრო მეტი შეხება მქონდეს, ვიდრე აქამდე მქონია. „რუსთავი–2“–ზე გასულ გადაცემაში „მოგზაურობა გიო გაბუნიასთან ერთად“ ისეთები მოვისმინე, მომინდა პასუხი გამეცა, მეყვირა, გამეჩერებინა, შემეხსენებინა, შემესწორებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩაწერილ გადაცემას ვერაფერს დავაკლებდი.

როცა ისეთ ქვეყანაში აპირებ მოგზაურობას, როგორიც ინდოეთია, აირწინაღებით კი არ უნდა შეიარაღდე, პირველ რიგში, სურვილი უნდა გქონდეს ამ ქვეყნის ნახვის, გაცნობის, მიღების, გაზიარების, შერწყმის და გათავისუფლების. თუ ასეთი სურვილი არ გაქვს, წასვლასაც აზრი არ აქვს. არაფერი სასარგებლო, არაფერი საინტერესო მთელი გადაცემიდან, თუ არ ჩავთვლით გადაცემის ბოლოს ექსპერტად მიწვეული ჟორჟიკას მცდელობას, ცოტა სხვამხრივ ეჩვენებინა ინდოეთი და ის "მუღამი", რაც ამ ქვეყანაში გამგზავრებას აქვს.

08.04.2014

საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს ინდოეთში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებებს ოთხი ახალი ელჩის დანიშვნის თაობზე, მათ შორის ინდოეთშიც.

საქართველოს ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთში საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ლევან ნიჟარაძე გახდა.

ლევან ნიჟარაძემ ამ თანამდებობაზე ზურაბ კაჭკაჭიშვილი შეცვალა.

17.03.2014

ინდური ფილმების დღეები კინოთეატრ "რუსთაველში

ინდოეთის საელჩო საქართველოში,საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა ასოციაცია "ბჰარატი" 21 დან 24 მარტის ჩათვლით კინოთეატრ "რუსთაველში"გამართავს "ბოლივუდის"100 წლისთავისადმი მიძღვნილ "ინდური ფილმების დღეებს" 4 დღის განმავლობაში ნაჩვენები იქნება ბოლო წლების საუკეთესო ჰიტები.

მსურველთა დასწრება ფილმებზე უფასოა






ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმები და მათი გასვლის დრო შეგიძლიათ იხილოთ ფოტოებზე ქვემოთ: