საქართველოსა და ინდოეთის ურთიერთობების ისტორიაში მალე ახალი ფურცელი გადაიშლება. ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები უკვე დიდი ხანია დამყარებულია, მაგრამ უშუალოდ დედაქალაქებში ელჩები აქამდე საქართველოს და ინდოეთს არასდროს ჰყოლიათ. მათ მოვალეობების, როგორც წესი, ასრულებდნენ სხვა ქვეყნებში დანიშნული დიპლომატები.
საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, საქართველოს ელჩი ინდოეთში ზურაბ კაჭკაჭიშვილი იქნება. პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტს ელჩის თანამდებობაზე ზურაბ კაჭკაჭიშვილის კანდიდატურა დღეს წარუდგინა.
კაჭკაჭიშვილი 2009 წლის იანვრიდან დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორია. მის კანდიდატურას ჯერ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განიხილავენ, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირასვე დაამტკიცებენ. გარკვეული დროის მანძილზე ზურაბ კაჭკაჭიშვილი ცესკო–ს პრეს–სპიკერის თანამდებობაზეც მუშაობდა, სანამ კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნდებოდა.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ასევე უახლოეს პერიოდში შესაძლოა დაინიშნოს ინდოეთის ელჩიც უშუალოდ საქართველოში, მანამდე კი საქართველოში ამ ქვეყნის ელჩის მოვალეობებს მეზობელ სომხეთში დანიშნული ინდოეთის ელჩი ითავსებდა.
როგორც ეტყობა, ბოლო დროს გააქტიურებულმა ეკონომიკურმა საქმიანობებმა და სხვა მიზეზებმა განაპირობეს ის, რომ საქართველომ და ინდოეთმა ელჩების გაცვლა გადაწყვიტეს. ეს გადაწყვეტილება, პირადად ჩემი აზრით, დიდი ხნის წინ უნდა მიეღოთ, და საჭიროა, რომ საქართველომ ინდოეთს უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს. თავი რომ დავანებოთ იმას, რამდენად ახლობელია ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის ინდური ფილმები, მუსიკა, კულტურა და ასე შემდეგ, დღესდღეობით ინდოეთი მყარად დგას განვითარების გზაზე და დიდ წარმატებებსაც აღწევს ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროებში. გარდა ამისა, საკუთარი თვალით ვიხილე, რომ ამ ქვეყანაში ღვინო საკმაოდ დაფასებული სასმელია და უთუოდ მოიძებნება რეგიონები, თუნდაც დიდი ქალაქები, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ქართული ღვინის გატანა. საკმაოდ პერსპექტიული იქნება ასევე ინდოეთში ქართული მინერალური წყლების გატანაც, თუკი საამისოდ მომზადებული იქნება ტრანსპორტირების ოპტიმალური მარშრუტები. გარდა ამისა, ჩვენც შეგვიძლია ინდოეთისთვის გავხდეთ სატრანზიტო ქვეყანა უამრავი სახეობის პროდუქციის ევროპის ქვეყნებში გასატანად. ამ ყველაფერს ეკონომიკური მიმართულებით საკმაოდ სერიოზული მუშაობა სჭირდება და იმედია ახლად შექმნილი საელჩო და ჩვენი წარმომადგენლები ამ ყველაფერს სათანადო ყურადღებას დაუთმობენ.
ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის საკითხიც, რომ ინდოეთთან პოლიტიკური მიმართულებითაც სერიოზული სამუშაოს ჩატარება გვმართებს. გაოგნებული ვრჩები ყოველთვის, როცა საქმე გაეროში გამართულ კენჭისყრებს ეხება ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. გასაგებია, რომ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ინდოეთმა და რუსეთმა კარგი და თბილი ურთიერთობები შეინარჩუნეს, მაგრამ რატომ უჭერს ინდოეთი გაერო რუსეთის სასარგებლოდ და საქართველოს საწინააღმდეგოდ საკითხებს, ჩემთვის გაუგებარი რჩება, თითქოს ინდოეთს სეპარატიზმის პრობლემა არ აწუხებდეს. აქ რა თქმა უნდა რუსული პოლიტიკის და დიპლომატიის გავლენა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, და სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ინდოეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები საკმაოდ ინტენსიური უნდა გახდეს.
ზაფხულში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ლევან ყუბანეიშვილის გადაგდომისთანავე გავრცელდა ხმები, რომ ყუბანეიშვილს ინდოეთში საქართველოს ელჩად უპირებდნენ დანიშვნას, მაგრამ როგორც ეტყობა ეს ხმები არ დადასტურდა.
სხვა სტატიები ამ თემაზე:
* საქართველო-ინდოეთის ურთიერთობის ისტორიიდან
* გრიგოლ ვაშაძემ ინდოეთის ელჩი მიიღო
* ინდური გამოფენის გახსნა 1 კვირით გადაიდო
* სექტემბერში კიდევ ერთი ინდური გამოფენა გველის
* ინდური გამოფენა თბილისში
* ჩემი ინდოელები „ჯანდაბაში“ წავიდნენ
Комментариев нет:
Отправить комментарий