გელით facebook–ზე

30.12.2011

რუსეთში „ბჰაგავად–გიტას“ ექსტრემისტულ წიგნად აღიარება გადაიფიქრეს


თითქმის ორი კვირის მანძილზე უსიამოვნო სიტუაცია სუფევდა ინდოეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, რომლებსაც სტაბილური თბილი და პარტნიორული ხასიათი აქვს ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული და დღემდეც თითქმის არ ჩრდილი არ მისდგომია, თუ არ ჩავთვლით ალკოჰოლით გაჟღენთილი თავზეხელაღებული ტუსი ტურისტების უმსგავსო საქციელით შეწუხებულ ადგილობრივ მოსახლეობას ზღვისპირა საკურორტო ქალაქ გოაში. ეს ბოლო სერიოზული უსიამოვნება კი, რომლის გამოც ორივე ქვეყნის საგარეო უწყებებიც კი იძულებული გახდნენ სპეციალური განცხადებები ეკეთებინათ, გამოწვეული იყო იმით, რომ რუსეთის ქალაქ ტომსკის პროკურატურამ მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ ძველინდური წმინდა წიგნი „ბჰაგავად–გიტა“ ექსტრემისტული წიგნია და სასამართლოს მისი აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.

ადვილი წარმოსადგენია, რა რეაქცია შეიძლება მოჰყოლოდა ასეთ უგუნურ გადაწყვეტილებას თვითონ ინდოეთში და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის მხრიდან, როდესაც 21–ე საუკუნეში მილიარდობით ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს სასულიერო სიწმინდეს „ექსტრემისტულად“ მოიხსენიებენ და მის გასამართლებასაც აპირებენ.  მთელი კვირის განმავლობაში, ვიდრე ტომსკის სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყებოდა, დელიში, რუსეთის საელჩოსთან ხალხმრავალი საპროტესტო აქციები ტარდებოდა, რომლის მონაწილენიც აღშფოთებას გამოხატავდნენ რუსეთში წამოწყებულ საქმესთან დაკავშირებით და აცხადებდნენ, რომ ეს პროცესი ინდოეთის ეროვნულ სიწმინდეს შეურაცხყოფს. უმოქმედოდ არც ინდოეთის ხელისუფლება დარჩენილა და დიპლომატიური გზებით შეეცადა პროტესტის გამოხატვას.


რუსეთის ხელისუფლება საგარეო საქმეთა სამინისტროს სახით შეეცადა განემარტა ტომსკში მიმდინარე მოვლენები და განაცხადა, რომ პროკურატურას პრეტენზიები აქვს წიგნთან „ბჰაგავად–გიტა ისეთი როგორიც არის“ და რომ ეს პრეტენზიები შეეხება არა წმინდა წიგნის ტექსტს, არამედ კომენტარებს, რომელიც ამ წიგნის რუსულ თარგმანს ახლავს თან.

„ბჰაგავად–გიტა“ (უფლის საგალობელი) დაწერა კრიშნას ცნობიერების საერთშორისო საზოგადოების დამაარსებელმა სვამი პრაბჰუპადამ. 1968 წელს წიგნი ინგლისურ ენაზე ითარგმნა და იმავე 60–იან წლებში რუსულ ენაზეც გამოიცა. წიგნი კრიშნაიტების წმინდა წიგნს წარმოადგენს მთელს მსოფლიოში და ამავე დროს ეს რელიგიური პოემა დიდი ინდური ეპოსის „მაჰაბჰარატას“ შემადგენელი ნაწილიცაა.

ტომსკში სასამართლო პროცესის დაწყებამდე მოსკოვში მცხოვრები ინდოელებმა და ასევე ადგილობრივმა კრიშნაიტებმა ინდოეთის პრემიერ–მინისტრს თხოვნით მიმართეს არ დაეშვა რუსეთში „ბჰაგავად–გიტას“ აკრძალვა. საბოლოო ჯამში, ორი დღის წინ ციმბირის დედაქალაქად აღიარებული ტომსკის სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და უარი განაცხადა, რომ ინდუსებისა და კრიშნაიტების სიწმინდე „ექსტრემისტულ“ წიგნად გამოეცხადებინა.

სიმართლე გითხრათ, რუსეთში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ფონზე, არ მეგონა, რომ სასამართლო რაიმე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებდა იმ დროს, როცა რეგიონების დონეზე საკანონმდებლო ორგანოები ქსენოფობური კანონების დამტკიცებით არიან დაკავებულნი და იმ დროს, როდესაც რუსეთის ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიის სრული უგულვებელყოფით სხვა ქვეყნებში ცდილობს ადამიანის უფლებების დარღვევების დაფიქსირებას. რუსეთი და ინდოეთი დღემდე არა უბრალოდ მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ, არამედ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებიც არიან. ინდოეთი რუსული წარმოების იარაღის გასაღების უდიდეს ბაზრად ითვლება და რუსეთიც დიდ მოგებას ნახულობს ინდოეთიდან შემოსული მილიარდებით. გამორიცხული არ არის, რომ სულელური სასამართლო პროცესიც იმიტომ დასრულდა ასეთი ვითომ „სამართლიანი“ გადაწყვეტილებით, რომ რუსეთ–ინდოეთის დიდი ხნის პარტნიორობას წიგნის „გამამტყუნებელი“ განაჩენი უზარმაზარ ზიანს მიაყენებდა.

სხვა სტატიები ამ თემაზე:
გაუდია–ვაიშნავიზმი (კრიშნაიზმი)

1 комментарий:

Toma комментирует...

zalian saintereso cigni kofila.
me tavad ar wamikitxavs, magram ramodenime dokumentur films vuyure sadac saubroden am wignze da iqidan gaomdinare ambob.

aucileblad cavikitxav rogoc ki mocrchebi scavlas.