გელით facebook–ზე

29.11.2012

ხელშეწყობა ინვესტორებს თუ დავაი დასვიდანია?...


გუშინ დიდი ამბით გაცნობეთ სპორტის სასახლეში ინდური ნაწარმის გამოფენა–გაყიდვის გახსნის შესახებ. დილით გამოფენა ქალაქის მერმა გახსნა, სიუჟეტები თითქმის ყველა ტელევიზიაში გავიდა, და უკვე მეორე დღეა გამოფენა დამთვალიერებლების და მყიდველების რაოდენობას ნამდვილად არ უჩივის. ნებისმიერი ასაკის და სქესის მოქალაქეს შეუძლია თავისთვის საინტერესო ნივთები ნახოს და შეიძინოს კიდეც, თან კიდევ რთულია უარის თქმა ეგზოტიკაზე, რომელიც აგერ უკვე მერამდენე წელია თავისი ფეხით ჩამოდის შენთან.

გუშინვე დავწერე, რომ გამოფენის პარალელურად იქვე ფუნქციონირებს თბილისის ერთერთი ინდური რესტორნის წარმომადგენლობა, სადაც ინდური კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ. დღეს პირველი დღე იყო, როდესაც ინდური კერძები, მათ შორის უგემრიელესი სანელებლებიანი ჩაიც ჰქონდათ გაყიდვაში. მეგობართან ერთად ამ სასუსნავების დაგემოვნება გადავწყვიტე, და ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ის ფუსფუსი, რომელიც კაფეს დახლთან შეინიშნებოდა და რის გამოც ჩემმა შეკვეთამ 15 წუთი დააგვიანა. ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი კაფეს მესვეურებს რაღაც ქაღალდებზე ხელის მოწერას აიძულებდნენ...

როგორც აღმოჩნდა, ნახევარი საათის წინ კაფის სალარო აპარატი გაფუჭდა და მეპატრონემ შესაკეთებლად წაიღო. ამ დროს კი თავზე დაადგა საგადასახადო სამსახური, რომელმაც არ დააყოვნა 500 ლარიანი ჯარიმის გამოწერა. როგორც გავიგე, საგადასახადოს თანამშრომელს ცხელი ჩაი უყიდია და როცა ჩეკი არ გამოუწერეს, ოპერატიულად გამოიძახა თავისი კოლეგა და ჯარიმაც მომენტალურად გამოწერეს...

სასუსნავებით პირის ჩატკბარუნება ჩამმწარდა, იმის შემხედვარე, რა დღეში იყო ინდოელი მეპატრონე იმ 500–ლარიანი ჯარიმის გამო. რამდენი უნდა ივაჭროს ამ გამოფენის მსვლელობისას, რომ ეს ჯარიმა ამოიღოს. ამ დროს გამახსენდა, რომ ახალმა ხელისუფლებამ დიდი ზარზეიმით გვამცნო, რომ ჩეკების გათამაშება გაუქმებულია მისი უაზრობის გამო. ვერც საიტზე ნახავთ ჩეკების გათამაშებას, იმიტომ რომ გათიშულია. არც მე და ვისაც ვიცნობ, არავინ მემგონი ჩეკებს საერთოდ აღარ ითხოვს სავაჭრო ობიექტებში.

ახალ ხელისუფლებას მხოლოდ ერთ კითხვას დავუსვამ ამჯერად. ამ სახით აპირებთ ინვესტიციების და ინვესტორების მოზიდვას? ნახევარი საათის განმავლობაში გათიშული სალარო აპარატის გამო, რომლიდანაც ამორტყმული ჩეკი საქართველოს არცერთ მოქალაქეს აღარ აინტერესებს? ღმერთმა გაგიმარჯოთ!

3 комментария:

rumirumi71 комментирует...

დღეს 5 დეკემბერია და მინდა სინანული გამოვხატო, რომ ინდური კაფე გამოფენაზე აღარ არის. ეტყობა კარგად იმუშავა საგადასახადომ!....

Unknown комментирует...

სამწუხაროა,რომ ქვეყნის ინტერესები არაა გათვალისწინებული მსგავსი შემთხვევების დროს! ინვესტორები უნდა მოვიზიდოთ! საქმის ვითარებაში გაურკვევლად არ უნდა ვიმოქმედოთ, საკუთარი თავიდან გამომდინარე არ უნდა ვიფიქროთ სხვაზე!

rumirumi71 комментирует...

სოფო ეს პოსტი რომ დავწერე, მას მერე წელიწადზე მეტი გავიდა და უფრო მეტი ნეგატიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამ მიმართულებით...