გელით facebook–ზე

25.09.2009

გამოფენა The Best of India გაიხსნა

დღეს 25 სექტემბერია და მართალია თავიდან გამოცხადებულ ვადაზე დაგვიანებით, მაგრამ ინდური ნაწარმის გამოფენა–გაყიდვა თბილისში უკვე გაიხსნა. დილის 10 საათიდან გახსნას ველოდებოდი, მაგრამ გახსნის ოფიციალური ცერემონია არ გამართულა. შეიძლება მოგვიანებით გაკეთდეს ეს ცერემონია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გამოფენა გაიხსნა და შეგიძლიათ ეწვიოთ.

ექსპო–ჯორჯიას საგამოფენო ცენტრი მდებარეობს წერეთლის გამზირზე N 118. ინდური გამოფენა მე–11 პავილიონშია, მარჯვენა მხარეს, პოპულის მაღაზიის უკან.

ამჯერად გამოფენასთან მუსიკოსები არ შემინიშნავს. შესაძლოა ისინიც გამოჩნდნენ მოგვიანებით. გაზაფხულისგან განსხვავებით წელს უამრავი ბანერია გამოფენილი, სანამ პავილიონამდე მიხვალთ და ამ ბანერებზე ზოგან მსახიობები და ზოგგანაც ინდოეთის ხედებია გამოსახული.

პავილიონის შესასვლელშივე ინდური აარტის მსგავსია მოწყობილი, სადაც სურნელოვან სანთლებს წვავენ და მთელი დარბაზი ამ სურნელითაა გაჟღენთილი. გაზაფხულის მსგავსად, ერთერთ კუთხეში სამზარეულოს ნივთები იყიდება, სადაც გამყიდველი ბიჭი ხახვსა და სხვა ბოსტნეულს ჭრის, ასე რომ ამ ბოსტნეულის სუნი ისე ერევა სურნელოვანი სანთლების სუნს, რომ თავი შუა დელიში ბაზრობაზე გეგონება :)

მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი დიდი მქონდა, რომ ამჯერად განსხვავებულ საქონელს ჩამოიტანდნენ, ჩემდა სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად იგივე სახის ნაწარმია, რაც გაზაფხულზე იყო – შარფები (აბა როგორ ამ შარფების გარეშე, რაც გაზაფხულზე დაგვაკლდა, ახლა ავხვეტავთ), ქალის ტანისამოსი, მაისურები და ქვედაბოლოები (კაცის ტანისამოსიდან ისევ არაფერი ჩამოიტანეს), უამრავი ბიჟუტერია – იაფფასიანი და ძვირიც, ვერცხლის ნაწარმი, სუვენირები, ისევ იგივე სახის ავეჯი, საწოლის გადასაფარებლები და ფერადი თეთრეული. ერთი სიტყვით, თუ ვინმემ გაზაფხულზე რამე ნახა და ვერ შეიძინა, შეუძლია ეს თავისუფლად გააკეთოს ამჯერად. 10 დღე კიდევ აქ იქნებიან.

დღეს დილით კალენდრები და საწერი კალმები დაარიგეს უფასოდ გამოფენის და ინდოეთის ემბლემებით, მე მარტო კალენდარი შემხვდა ტაჯ–მაჰალის გამოსახულებით და ამითაც კმაყოფილი ვარ. გამოფენის განმავლობაში რამდენჯერმე აუცილებლად მომიწევს გასვლა – საკუთარი სურვილით თუ მეგობრების გიდად, ასე რომ რაღაცეებს აუცილებლად შევიძენ.

ჩემი მოლოდინის მიუხედავად არ ჩამოუტანიათ არც სანელებლები და არც რამე ინდური კერძების დასამზადებლად. მხოლოდ ერთ ადგილზე იყიდება შავი და მწვანე ჩაი და მხოლოდ ერთი სახეობის. აშკარად ჩემი ხელი აკლია ამ გამოფენის ორგანიზებას, მაგრამ სამწუხაროდ მე არავინ მეპატიჟება ორგანიზატორებში და არც რჩევებს მეკითხებიან. ცივი პერიოდი მოდის ჩვენთან და შარფების გარდა ვერაფერს თბილს ვერ ნახავ. აშკარად უნდა გაეთვალისწინებინათ ეს გარემოება, ჩვენთანაც ხომ ინდოეთი არ არის, რომ მთელი წლის განმავლობაში საზაფხულო საქონელი საღდებოდეს.

მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც უმეტესობა საქონლის გაიყიდება. 1 საათში უკვე თითქმის გაივსო დამთვალიერებლებით პავილიონი და წარმომიდგენია, როცა სიუჟეტები გავა საინფორმაციო გამოშვებებში, იქ რა ამბავი ხალხი მივა.

დღეს დილით სურათების გადაღებაც მოვასწარი და შეგიძლიათ წინასწარ დაათვალიეროთ, რის შეძენას შეძლებთ გამოფენაზე. და დავამატებ, რომ ეს სტატიაც, ეს სურათებიც და ყველაფერი, რაც ჩემს ბლოგზეა, კეთდება აბსოლუტურად უფასოდ, მხოლოდ და მხოლოდ ინდოეთის სიყვარულით და ინტერესით, რეკლამაში მე არავინ არაფერს მიხდის :)


სხვა სტატიები ამ თემაზე:
*
ინდური გამოფენის გახსნა 1 კვირით გადაიდო
*
სექტემბერში კიდევ ერთი ინდური გამოფენა გველის
* ინდური გამოფენა თბილისში
* ჩემი ინდოელები „ჯანდაბაში“ წავიდნენ

4 комментария:

კოსმოსურ სივრცეებში.. комментирует...

ვიყავით დღეს , სამწუხაროდ 1ლარი მქონდა მარტო და პატარა გიტარის ბრელოკი ვიყიდე ხის :D
ამ დღეებში ვაპირებ გასვლას და 2ვე ჩაის ყიდვას ,მაინტერესებს ინდური ჩაი :)
მე რო ვიყავი იმ ბიჭს კომბოსტოს იმხელა გროვა ქონდა უკვე მაგიდაზე რო გამეცინა :D
ძალიან კარგი იყო

Katiée.Ge комментирует...

როდემდეა გამოფენა? ნეტა შაბათ–კვირას თუ იქნება რამე დარჩენილი :(

rumirumi71 комментирует...

ეკატერინე, გამოფენა 4 ოქტომბრამდეა, 4 მემგონი კვირაა, მაგრამ მინდა წინასწარ გაგაფრთხილო, რომ ბოლო დღეს თითქმის აღარაფერი იქნება ასარჩევი, რადგან რაც მეტნაკლებად ხარისხიანია, მანამდე გაიყიდება, იმიტომ რომ ბოლო დღეებში ფასებს ძალიან აკლებენ :):):)

Katiée.Ge комментирует...

ეჰ, აბა სხვა გზა მე არ მაქვს, სამსახურის მერე იქ ის ნაკლებხარისხიანებიც არ დამხვდება, რომ მივიდე :D