გელით facebook–ზე

29.11.2012

ხელშეწყობა ინვესტორებს თუ დავაი დასვიდანია?...


გუშინ დიდი ამბით გაცნობეთ სპორტის სასახლეში ინდური ნაწარმის გამოფენა–გაყიდვის გახსნის შესახებ. დილით გამოფენა ქალაქის მერმა გახსნა, სიუჟეტები თითქმის ყველა ტელევიზიაში გავიდა, და უკვე მეორე დღეა გამოფენა დამთვალიერებლების და მყიდველების რაოდენობას ნამდვილად არ უჩივის. ნებისმიერი ასაკის და სქესის მოქალაქეს შეუძლია თავისთვის საინტერესო ნივთები ნახოს და შეიძინოს კიდეც, თან კიდევ რთულია უარის თქმა ეგზოტიკაზე, რომელიც აგერ უკვე მერამდენე წელია თავისი ფეხით ჩამოდის შენთან.

გუშინვე დავწერე, რომ გამოფენის პარალელურად იქვე ფუნქციონირებს თბილისის ერთერთი ინდური რესტორნის წარმომადგენლობა, სადაც ინდური კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ. დღეს პირველი დღე იყო, როდესაც ინდური კერძები, მათ შორის უგემრიელესი სანელებლებიანი ჩაიც ჰქონდათ გაყიდვაში. მეგობართან ერთად ამ სასუსნავების დაგემოვნება გადავწყვიტე, და ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ის ფუსფუსი, რომელიც კაფეს დახლთან შეინიშნებოდა და რის გამოც ჩემმა შეკვეთამ 15 წუთი დააგვიანა. ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი კაფეს მესვეურებს რაღაც ქაღალდებზე ხელის მოწერას აიძულებდნენ...

28.11.2012

ინდური ნაწარმის მორიგი გამოფენა–გაყიდვა თბილისში (სპორტის სასახლე)


ბევრი ადამიანი ელოდა, დიდი ხანია თბილისში ინდური ნაწარმის გამოფენა–გაყიდვა აღარ ჩატარებულა და მინდა გაგახაროთ ინდოეთის მოყვარულნი, რომ თქვენი ოცნება ასრულდა. 28 ნოემბერ სპორტის სასახლეში უკვე გაიხსნა ეს გამოფენა–გაყიდვა და შეგიძლიათ ეწვიოთ დილის 10 საათიდან საღამოს 8–ის ნახევრამდე ერთი თვის განმავლობაში, ანუ 28 დეკემბრამდე. წინა გამოფენები, როგორც გახსოვთ, წერეთლის გამზირზე მდებარე საგამოფენო ცენტრში იმართებოდა, ამჯერად კი ეს ბედნიერება საბურთალოს ხვდა წილად.

წინა გამოფენებისგან განსხვავებით, ამჟამინდელ გამოფენაზე ცოტა განსხვავებული საქონელიც შეგიძლიათ ნახოთ. მათ შორის მამაკაცის ზედა ტანსაცმელი, ზამთრისთვის თბილი ტანისამოსი და წინდები, დანარჩენი კი ფაქტიურად იგივე სახის საქონელია, რაც წინა გამოფენებზე გინახავთ, მათ შორის შარფები, ქალის სამოსი, საოჯახო ნივთები, პირსახოცები, ფარდაგები, ხალიჩები და ასე შემდეგ, ფარდები და ფერადი თეთრეული, ასევე ბიჟუტერია, მარგალიტის მძივები, სხვადასხვა ქვებისგან დამზადებული საოჯახო ნივთები – ჭიქები, სადგამები და ასე შემდეგ, ერთი სიტყვით დასათვალიერებელიც ბევრია და ბევრი რამის ყიდვის სურვილიც გაგიჩნდებათ.

გამოფენის მსვლელობისას დამთვალიერებელებს და მყიდველებს ინდური სიმღერების ცოცხლად შესრულებითაც გაართობენ და იქვე ინდური სამზარეულოს დაგემოვნებასაც შეძლებთ, რადგან ლესელიძეზე მდებარე რესტორანმა „ტაჯ–მაჰალმა“ თავისი კერძების შემოთავაზება გადაწყვიტა. ვისაც სამზარეულო აინტერესებს, ალბათ ხვალიდან ან მოგვიანებით უფრო იქნება, დღეს მხოლოდ ცივი გამაგრილებელი სასმელებია.

სურათებზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ, დაახლოებით რა სახის ნაწარმის შეძენაა შესაძლებელი გამოფენაზე. სარფიან და სასიამოვნო ვაჭრობას გისურვებთ.


27.11.2012

ზაფრანა – ქაშმირის საგანძური (ფოტოგალერეა)

ქაშმირული ზაფრანა დიდად ფასობს მთელ მსოფლიოში. მისი მოყვანა ჯერ კიდევ 16–ე საუკუნეში დაიწყეს და დღემდე ქაშმირელები მთელი სამუშაოების ძირითად ნაწილს ხელით ასრულებენ. საკმარისი რაოდენობით ქაშმირული ზაფრანას მოყვანა და მოსავლის აღება არც ისე მარტივი საქმეა. ამ სათუთ მცენარეს თიხის შემცველი მიწები უყვარს, რომლებიც დრენაჟებით უნდა იყოს აღჭურვილი და ეს ყვავილი მაისიდან ნოემბრის ჩათვლით იზრდება, ხოლო ნოემბერში იღებენ პირველ მოსავალსაც. ამასთან ფასეულია მხოლოდ ყვავილის უმცირესი ზომის დინგები, რომლებსაც შემდეგ მზეზე აშრობენ.

ერთი კილოგრამი მზა პროდუქტის მისაღებად აუცილებელია დაახლოებით 170 ათასი მცენარის მოყვანა. სწორედ ამიტომაც ქაშმირული ზაფრანა მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ძვირფას სანელებლად ითვლება. იმ ერთ კილოგრამს მწარმოებლები 3500 აშშ დოლარად ჰყიდიან. ქაშმირის მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ზაფრანას და ნუშისგან დამზადებული ტრადიციული ტკბილი ჩაი, რომელსაც ქაჰვა ჰქვია. ეს ჩაი აუცილებლად უნდა გასინჯოთ, თუკი ქაშმირში მოგიწევთ გასეირნება.



პლასტიკური შესაფუთი მასალის შენახვისთვის – ციხე


The Daily Telegraph–ის ცნობით ინდოეთში აიკრძალა ნებისმიერი სახის პლასტიკური შეფუთვის გამოყენება, შენახვა, გაყიდვა და წარმოება. თუმცა ამ აკრძალვას კანონის სახე ჯერჯერობით მხოლოდ ინდოეთის ერთერთი მეგაპოლისის – დელის ტერიტორიაზე აქვს. ადგილობრივი ადმინისტრაციის ერთერთი წარმომადგენლის თქმით, ხელისუფლება დათმობაზე წასვლას და გამონაკლისების დაშვებას არ აპირებს.

პლასტიკატი მსოფლიო საზოგადოებამ უკვე შერაცხა ეკოლოგიურ კატასტროფად. ამ სინთეტიკური მასალების გამო ხდება საქალაქო კანალიზაციის დაბინძურება და ყველაფერთა ერთად ეს მასალა ბიოლოგიურ ხრწნას არ ექვემდებარება, რაც ეკოლოგიურ მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს. სასჯელის სახით დაწესებულია ჯარიმა 100 ათას რუპიამდე (დაახლოებით 2000 აშშ დოლარი) ან თავისუფლების აღკვეთა ციხეში 5 წლამდე ვადით.

აღსანიშნავია, რომ დელიში ჯერ კიდევ 2009 წელს აკრძალეს ტელი პლასტიკური პარკების გამოყენება. დღევანდელ ინიციატივას კი გაცილებით ფართო გამოყენება აქვს და იგი კრძალავს ყველანაირი პლასტიკური შეფუთვის გამოყენებას, მათ შორის ისეთი პლასტიკური შესაფუთი მასალებისაც, რომლითაც მისალოც ბარათებს და ჟურნალებს ფუთავენ. აღსანიშნავია, რომ დელიში, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც 17 მილიონს აღწევს, ყოველდღიურად 574 ტონის ოდენობით პლასტიკატის ნარჩენებს აგროვებენ.


ეს სურათი 2007 წლის ნოემბერშია გადაღებული დელიდან აგრასკენ მიმავალ გზაზე, როცა იმ მანქანას, რომელშიც მე ვიჯექი, გვერდით ჩაუქროლა მცირეგაბარიტიანმა სატვირთო მანქანამ, რომელსაც თავის ზომაზე 5–ჯერ მეტი ზომის პლასტიკის ნარჩენების გროვა გადაჰქონდა.

24.11.2012

კანის კინოფესტივალის საპატიო სტუმარი ინდოეთი იქნება


კანის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექციამ განაცხადა, რომ 2013 წლის ფესტივალის მორიგი საპატიო სტუმარი ინდოეთი იქნება. 2012 წელს მისი წინამორბედი ბრაზილია იყო, ხოლო 2011–ში – ეგვიპტე.

ეს ინფორმაცია კანის კინოფესტივალის გენერალური დელეგატის მოადგილემ კრისტიან ჟანმა გაახმოვანა ამ დღეებში გოაში მიმდინარე კინობაზარზე. გოას კინოფესტივალი ინდოეთის ეროვნული კინოს განვითარების კორპორაციის მიერაა ორგანიზებული.

კანის ფესტივალის სტუმარი ქვეყანა ნიშნავს, რომ ფესტივალი ამ ქვეყნის კინემატოგრაფს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს, ხოლო თავის კინოდარბაზებს ეროვნული კინოს გაფართოებული პროგრამისთვის გამოუყოფს. კანი მზად არის ბოლივუდის კინემატოგრაფისტების წარმომადგენლობითი დელეგაციის მისაღებად, რომ მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მსხვილი და ძლიერი კინოინდუსტრიის 100 წლისთავი ღირსეულად აღინიშნოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავარი საკონკურსო ფილმების შერჩევის სისტემაში რაიმე შეღავათები იქნება დაწესებული სტუმარი ქვეყნისთვის – ინდური ფილმები ისეთივე მკაცრ სელექციას გაივლიან, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ფილმები. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ინდური კინოინდუსტრიის რომელიმე წარმომადგენელი ჟიურის შემადგენლობაში დაპატიჟონ.

06.11.2012

ცნობილი დინასტიის წარმომადგენელმა რაჰულ განდიმ თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ განაცხადა


სონია განდის უფროსი შვილი რაჰულ განდი ბოლო წლების განმავლობაში პირველად გამოჩნდა ათეულობით ათასი მომხრის წინაშე ნიუ–დელიში გამართულ მიტინგზე. მის ამ საჯარო გამოჩენას ექსპერტები მის შესაძლო სურვილს უკავშირებენ, რომ 2014 წლის არჩევნებამდე ქვეყნის პრემიერ–მინისტრის პოსტი დაიკავოს.

42 წლის რაჰულ განდი ამჟამად ინდოეთის მმართველი პარტიის „ინდოეთის ნაციონალური კონგრესის“ გენერალური მდივანია. ცნობილი პოლიტიკური დინასტიის წარმომადგენელმა მიტინგზე პირობა დადო, რომ მომწიფებულ ეკონომიკურ რეფორფმებს გაატარებს, რათა მილიონობით ინდოელის სიღატაკეში ცხოვრებას ბოლო მოეღოს.

მოქმედ პრემიერ–მინისტრს მანმოჰან სინგს, რომელსაც ახლახანს 80 წელი შეუსრულდა, ოპოზიცია გამუდმებით ადანაშაულებს კორუფციასა და ეკონომიკის დაცემაში. ოქტომბრის ბოლოს მანმოჰან სინგჰმა მთავრობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა და განაცხადა, რომ განახლებულ მთავრობაში პოსტი შესთავაზა რაჰულ განდის, მაგრამ მან უარი განაცხადა.

სხვა სტატიები ამ თემაზე:
ქალი, რომელიც ინდოეთის სიმბოლო გახდა

ინდოეთის ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა საზოგადოებრივი საპირფარეშოებით სარგებლობას მიაჩვიოს


ინდოეთის ერთერთი უმსხვილესი შტატის რაჯასტანის ხელისუფლებამ ახალი კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის განმავლობაშიც შეეცდებიან მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტუალეტებით, იმის მაგივრად, რომ ქუჩაში დაიკმაყოფილონ თავიანთი ფიზიოლოგიური მოთხოვნები.

ამისათვის 30–მდე სოფელში მოხალისეები შეარჩიეს, რომლებიც ქუჩებში პატრულის როლს შეასრულებენ. როგორც კი ვინმე შეეცდება, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოშარდოს, მოხალისეები სტვენას. ყვირილს და დასარტყამ ინსტრუმენტებს ბრახუნს დაიწყებენ და მის მიმართ ყურადღების მიპყრობას ეცდებიან.

ბოლო დროს ინდოეთის ხელისუფლება საკმაოდ დიდ თანხებს უთმობს საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობას, რომ ქუჩები სუნისა და სიბინძურისგან დაიცვას.

01.11.2012

ინდოეთში ხეების დარგვის მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

ინდოეთის მოქალაქეებმა და ქვეყნის სტუმრებმა 100 ათასამდე ხე დარგეს ერთი საათის განმავლობაში ჰემის–გომპას ბუდისტურ მონასტერთან ინდოეთის ჩრდილოეთით, ლადაკჰის ოლქში, ჯამუსა და ქაშმირის შტატში. ეკოლოგიური აქციის ჩატარებას თვალს ადევნებდა გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენელი კიმბერლი დენისი, რომელმაც ქაშმირელი მოხალისეების მიერ მსოფლიო რეკორდის დამყარება დააფიქსირა, – იტყობინება გაზეთი Times of India.

ხეების დარგვაში 10 ათასამდე მოხალისე მონაწილეობდა. „მოვლენა ძალიან აღმაფრთოვანებელი იყო“ – ამბობდ კიმბერლი დენისი, – „ათასობით ადამიანი ცუდი ამინდის მიუხედავად ერთმანეთის გვერდით მუშაობდა მიზნის მისაღწევად. ეს ყველაფერი ისე მომაჯადოებელი იყო, რომ მეც დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ მათ მივერთებოდი“.