გელით facebook–ზე

10.06.2009

პირველად ქართული ფილმის ისტორიაში – გადაღებები გოაში

როგორც ეტყობა ქართული კინოს მაყურებლებს შემოდგომისთვის სიურპრიზი გველოდება, რომელიც იმ ადამიანებსაც გაახარებს, ვისაც ინდოეთი უყვარს და აინტერესებს. ბოლო დროს ტელევიზიებმაც გააშუქეს და პრესაშიც დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ რეჟისორ ავთო ვარიმაშვილის ახალი ფილმის „ყველაფერი კარგად იქნება“, რომელიც „იდიოტოკრატის“ სიქველი იქნება, გადაღებების ნაწილი ინდოეთის წარმტაც ადგილში – გოაში გაიმართა. ფილმზე მუშაობა გრძელდება, და ამიტომ, ჯერ–ჯერობით ცნობილი არაა, ფილმში ქართველებთან ერთად ინდოელი მსახიობებიც მონაწილეობენ თუ არა. როგორც ფილმის პროდიუსერმა დავით ბეჟიტაშვილმა მითხრა, ინდურ მხარესთან მოლაპარაკებები გრძელდება და დეტალები მოგვიანებით გაირკვევა.

მანამდე კი გთავაზობთ თეო ტაბატაძის სტატიას, რომელიც გაზეთ „საქართველო XXI საუკუნეში“ დაიბეჭდა:

ეს იქნება ფილმი, რომელიც საქართველოში არსებულ ყველა რეკორდს მოხსნის...

ქართულ-ბოლივუდური ერთობლივი ნამუშევარი მალე ეკრანებზე გამოვა

თეო ტაბატაძე

ქართულ კინოში, „მკვდარი პერიოდის“ შემდეგ, გამოცოცხლება შეიმჩნევა. როგორც „საქართველო XXI“–მ გაარკვია, მთავრდება მუშაობა კიდევ ერთ ქართულ ფილმზე, რომელიც ინდოეთში, ქალაქ გოაში გადაიღეს და მალე დიდ ეკრანებზეც გამოვა.
ქართველ მაყურებელს, კიდევ ერთი ახალი ფილმი “ყველაფერი კარგად იქნება” ელოდება, რომელიც ავთო ვარსიმაშვილის “იდიოტოკრატიის” მეორე ნაწილი, გაგრძელება იქნება. მოლოდინს ისიც ზრდის, რომ ფილმი ინდოეთში, გოაშია გადაღებული. როგორ გაჩნდა იდეა, რა შინარსისაა ფილმი, სად და როდის მიმდინარებოდა გადაღებები ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხებს ფილმის პროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი და მსახიობი კახა მიქიაშვილი გაგვცემენ.


„საქართველო XXI“: ვის ეკუთვნის ახალი ფილმის იდეა? სად და როდის დაიწყო გადაღებები?

დავით ბეჟიტაშვილი: ფილმის იდეა დაიბადა შემთხვევით, ინდოეთში, კერძოდ, გოაში. 2008 წლის ნოემბერში მე, ბატონი ავთო ვარსიმაშვილი და კიდევ ჩვენი ორი კოლეგა ბომბეიში, ეგრეთ წოდებულ “ბოლივუდში” ვიმყოფებოდით. გვქონდა რამდენიმე საქმიანი შეხვედრა. მასპინძლობას ჩვენი მეგობარი, საკამოდ გავლენიანი ადამიანი “ბოლივუდში”, რავინ კუპტა გვიწევდა, რომელიც შარშან, მაისში გვყავდა სტუმრად თბილისში. ბატონმა რავინ კუპტამ შემოგვთავაზა, დარჩენილი რამდენიმე დღე, რომელიც ინდოეთში უნდა გაგვეტარებინა, გამოგვეყენებინა და მის აგარაკზე, გოაში დაგვესვენა. რა თქმა უნდა, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვით, მივიღეთ მისი შემოთავაზება და გოაში გავემგზავრეთ. გოა ულამაზესი ადგილია, მართლაც „ამქვეყნიური სამოთხე“. სწორედ იქაური ბუნების სილამაზით მოჯადოებულებს, დაგვებადა ფილმის გადაღების იდეა. თბილისში ჩამოსვლიდან, ძალიან მალე, ავთო ვარსიმაშვილს სცენარი უკვე მზად ჰქონდა. მოკლე ვადებში, მიზანმიმართულად შევუდექით საქმეს. ძალიან დაგვეხმარა ჩვენი გენერალური პროდიუსერი, ირაკლი ჩიკვაიძე, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის ჩვენი იდეის, ოცნების განხორციელებაში. პრაქტიკულად ორ თვეში ისევ დავბრუნდით გოაში, ოღონდ ამჯერად, გადამღებ ჯგუფთან და მსახიობებთან ერთად. გადაღებები მიმდინარეობდა ორი კვირის განამვლობაში. ეს იყო 2009 წლის მარტში. ფილმის 90 პროცენტი გადაღებულია გოაში, ახლა მიმდინარეობს დარჩენილ კადრებზე მუშაობა და ფილმი სადღაც ორ კვირაში მზად იქნება.

– რა შინაარსის ფილმია და გარდა ინდოეთისა, სად მიმდინარეობდა გადაღებები?

– ფილმი, შეიძლება ითქვას, რომ „იდიოკრატიის“ გაგრძელებაა –მეორე ნაწილი. აქედან გამომდინარე, ესეც კომედიაა. ყველაზე „იდიოტი“ მინისტრი და მისი მოადგილე მიემგზავრებიან ინდოეთში, საიდუმლო მისიის შესასრულებლად. ამავე მისიის შესასრულებლად, ინდოეთში ჩადიან სომეხი ქურუმები და რუსეთის FSB-ს აგენტები. ქართველ მინისტრსა და მის მოადგილეს დაედევნებიან ეჭვიანი ცოლები, ინდოეთში მათ ემატებიან ტერორისტები და ყველა ერთად უამრავ ფათერაკს გადაეყრებიან, მაგრამ ფილმის სათაურიდან გამომდინარე „ყველაფერი კარგად იქნება“.
როგორც გითხარით, ფილმის ძირითადი ნაწილი გადაღებულია გოაში, რამდენიმე სცენა გადავიღეთ პარიზში, დანარჩენი კი თბილისში. ფილმს ამშვენებს არაჩვეულებრივი მუსიკა, რომელიც ზუმბამ (ზაზა კორინთელმა) დაწერა.

– რას იტყვით მსახიობებზე, ვინ მონაწილეობს ამ ფილმში?

– ფილმში ძალიან ბევრი, პოპულარული, ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობი მონაწილეობს, როგორებიც არიან: ნიკო გომელაური, ჯაბა კილაძე, გოგა ბარბაქაძე, სანდრო მარგარიტაშვილი, აპოლონ კუბლაშვილი, შორენა ბეგაშვილი, ქეთა ლორთქიფანიძე, ყველასთვის საყვარელი «დები ღლონტები» თათული ედიშერაშვილი და თამუნა ნიკოლაძე, რამაზ ჩხიკვაძე და სხვები...


– როგორ მიმდინარეობდა გადაღებები?

– ყველაფერი მიდიოდა იმ გეგმით, რაც რეჟისორთან, ავთო ვარსიმაშვილთან ერთად გავაკეთეთ. არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ავთოს შრომისმოყვარეობა, დილიდან დაღამებამდე მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რაც თბილისში ხდებოდა, გადაღების არც ერთი დღე არ გაცდენილა. ყველაფერი დაგეგმილად გაკეთდა, ამ დღეს იქნება ეს სცენა და გახმოვანება, დამონტაჟებაც და ასე შემდეგ... ვფიქრობ, მსახიობებს, რეჟისორს და მთელ გუნდს დაუფასდება ეს შრომა და ფილმი საზოგადოების მოწონებას დაიმსახურებს.

– ქართული ფილმის გადაღება საზღვარგარეთ ძვირადღირებული სიამოვნებაა, რამდენად ელოდებით ფილმის წარმატებას?

– ქართული კინოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მხატვრული ფილმი გადაღებულია ინდოეთში. სხვათა შორის, ყოველთვის მქონდა ოცნება ქართული ფილმი გადაეღოთ ინდოეთში ან პირიქით, და ეს ოცნება ახლა ამიხდა...
რაც შეეხება ფილმის წარმატებას, შეხება მქონდა «იდიოტოკრატიასთან», მისი რეჟისორიც, როგორც ამ ფილმის, არის ავთო ვარსიმაშვილი, მსახიობებიც თითქმის ერთი და იგივეა, „იდიოტოკრატია“ საკმაოდ პოპულარული გახდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ფილმი უფრო წარმატებული იქნება. ამისთვის მსახიობებმა და რეჟისორმა ყველაფერი გააკეთეს, ამას ემატება ინდოეთის, გოას არაჩვეულებრივი სილამაზე. ფილმი არც ერთ კატეგორიის მაყურებელს გულგრილს და უკმაყოფილოს არ დატოვებს. ეს იქნება ფილმი, რომელიც ჩვენი პროგნოზით, (და ჩვენ კინოსთან ასე თუ ისე შეხებაც გვაქვს და გამოცდილებაც) საქართველოში შემოსავლის მხრივ ყველა რეკორდს მოხსნის.

– როდის გაიმართება ფილმის პრემიერა?

– ქალაქში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით და იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხული კინოთეატრებისთვის მკვდარი სეზონია, ამ ფილმით მოხდება ახალი სეზონის გახსნა. კინოგაქირავებაში ეს ფილმი ზუსტად 1 ოქტომბერს გამოვა, მაგრამ პრემიერა იქნება განსხვავებული. ზაფხულში, ივლისში ან აგვისტოში, მოეწყობა ერთჯერადი პომპეზური ჩვენება ბათუმში. ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ყველა მნიშვნელოვანი კინოპრემიერა თბილისში ტარდებოდა, დაირღვევა. ეს იქნება არაჩვეულებრივი საღამო, მსახიობებთან შეხვედრით და შესანიშნავი ღონისძიებით. ვფიქრობთ, ეს ერთჯრადი ჩვენება კიდევ უფრო გაზრდის მოლოდინს პირველი ოქტომბრისათვის, მოლოდინი და გამოხმაურება კი, როგორც ვიცით, ძალიან დიდია.

– ხომ არ უნდა ველოდოთ ამ გუნდისგან ახალ სიურპრიზებს, ახალ ფილმს?

– მინდა გითხრათ, რომ გვაქვს კიდევ 3 ფილმის პროექტი, როგორც კი ამ ფილმის გადაღებას მოვრჩებით, ერთ-ერთ პროექტზე დავიწყებთ მუშაობას. გაგიმხელთ ერთ ფილმის პროექტს, ეს იქნება, «თავისუფალი თეატრის» ერთ-ერთი სპექტაკლის კერძოდ, „კომედიანტების“ ეკრანიზაცია. ვფიქრობ, ესეც საკმაოდ საინტერესო გამოვა.

„საქართველო XXI“: ბატონო კახა, როგორ მოხვდით ამ ფილმის გადაღებაზე?

კახა მიქიაშვილი: ალბათ, იცით, ეს ფილმი ავთო ვარსიმაშვილის რეჟისორობით გადაღებული „იდიოტოკრატიის“ გაგრძელებაა, ანუ მეორე ნაწილია. აქედან გამომდინარე, თითქმის ყველა მსახიობი ვინც «იდიოტოკრატიაშია», აქ არის. თუმცა დამატებულია რამდენიმე ახალი გმირი, რომელიც უფრო მრავალფეროვანს ხდის ფილმს. ინდოეთში კი დავით ბეჟიტაშვილის წყალობით მოვხვდით. მას აქვს საკმაოდ კარგი კავშირები „ბოლივუდთან“...

– რა როლს ასრულებთ ფილმში?

– მე ისევ „გიგა“ ვარ, როგორც წინა ნაწილში. ეჭვიანი ქმარი, ცოლს რომ ყველგან დასდევს. ეჭვიანობოთ გაგიჟებული მივდივარ გოაში, რადგან მგონია, ჩემი ცოლი იქაა და მღალატობს. იქ მიდის დიდი ჩხუბი და დავიდარაბა, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ჩემი ცოლი სულაც არაა გოაში და ტყუილად „გამლახეს“.

– რამდენად საინტერესო იყო „ეჭვიანი ქმრის“ როლის განსახიერება, თანაც ინდოეთში?

– ეჭვიანი ქმრისთვის – „მცემეს“, მაგრამ მსახიობი კახა მიქიაშვილისთვის ძალიან საინტერესო იყო. საერთოდ გადაღებები ყოველთვის საინტერესოა, მით უმეტეს, თუ ის საზღვარგარეთ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივ კურორტზე ვიყავით, დასვენებისთვის დრო არ გვრჩებოდა. ორი კვირის განმავლობაში, დილიდან დაღამებამდე ვმუშაობდით, მხოლოდ ერთხელ ვიყავი ზღვაზე. წამიც არ გვქონდა თავისუფალი. ცოტა დავიღალეთ, მაგრამ ეს სასიამოვნოც კი იყო. ვიყავით ულამაზეს ადგილას, ძალიან თბილ ხალხში, ინდოელებში. დაუვიწყარია ჩემთვის იქ გატარებული დრო.

– როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ინდოეთმა?

– უზარმაზარი... ნებისმიერ ადამიანს ვურჩევდი ინდოეთში წასვლას. ესა ქვეყანა, სადაც ყველა კეთილია, ყველა გიღიმის, უაღრესად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. გოას სილამაზეზე საუბარს არ დავიწყებ, ფილმში ისეთი კადრებია, ვინც ნახავს, თავად დარწმუნდება, რომ ტყუილად არ ეძახიან მას «ამქვეყნიურ სამოთხეს».

– რა ხდებოდა გადაღებეზე, დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანი და სახალისო ბევრი რამ იქნებოდა...

– ყოველი დღე თავისებურად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. 15 კაცი დავდიოდით ჩვენი კამერებით, ვიღებდით და ვაკვირვებდით ინდოელებს. სხვადასხვა ადგილებში გვქონდა გადაღებები და დათვალიერებაც მოვახერხეთ. განსაკუთრებული რა გითხრათ, ჩვენ შორენაზე (იგულისხმება მსახიობი შორენა ბეგაშვილი ავტ.) მთელი ინდოეთი გადაირია. მოგეხსენებათ, შორენა ძალიან მომხიბვლელი გოგონაა და პლაჟის სცენების გადაღებისას მთელი ამალა დაჰყვებოდა, ვის სურათის გადაღება სურდა, ვის ავტოგრაფი, ჩვენ კი ამ ყველაფერზე მაგრად ვხალისობდით... ძალიან ცხელოდა, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვგრილდებოდით. ხან ქოქოსი გვეცემოდა თავზე, ხან ანანასის წვენს გვიწურავდენ. ერთი სიტყვით, შევიფერეთ «ამქვეყნიური სამოთხე».

– მოლოდინი დიდია და ფილმიც ალბათ წარმატებული იქნება...

– აუცილებლად იქნება, ამის რამდენიმე ფაქტორი არსებობს, ჯერ ერთი, პირველი ნაწილი წარმატებული იყო, მეორე – ინდოეთში პირველად გადაიღეს ქართული ფილმი, მესამეც მსახიობებმა, რეჟისორმა და მთელმა გადამღებმა ჟგუფმა თავდაუზოგავდ ვიმუშავეთ, რომ ფილმი კარგი გამოსულიყო. ყველანაირად ვეცადეთ საინტერესო გმირები შეგვექმნა, ისეთი მაყურებელი რომ დააინტერესოს, მოვიდეს, განიტვირთოს, გაერთოს... ეს ყველაფერი, ალბათ, ფილმს წარმატებას მოუტანს.

– გავიგეთ, რომ ეს გუნდი, კიდევ აპირებს სხვა ფილმების გადაღებას, ერთ-ერთი, როგორც ვიცით «კომედიანტები» იქნება, იქნებით თუ არა თქვენ ამ ფილმშიც?

– შედგება თუ არა ფილმი და ვიქნები თუ არა მე, ეს უკვე რეჟისორს და პროდიუსერებს უნდა ჰკითხოთ. ნებისმიერ შემთხვევაში გამიხარდება თუ ფილმი გამოვა. ჩვენ ერთი გუნდი, ერთი თეატრის მსახიობები ვართ, თუ მეც მათთან ერთად ვიქნები, ეს ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო იქნება. დავით ბეჟიტაშვილს, ირაკლი ჩიკვაიძეს, ჩვენს რეჟისორს, ავთო ვარსიმაშვილს, ამ გუნდს კიდევ აქვს რამდენიმე პროექტი, მთავარია, მშვიდობა იყოს ქვეყანაში, რომ ფილმის გადაღების სურვილი ჰქონდეთ. ჩვენ, მსახიობები კი დაუღალავად, თავდაუზოგავად ვიმუშავებთ, ჩვენი საქმეც ხომ ეგაა.

ავთო ვარსიმაშვილი: ეს იქნება მოულოდნელი ფილმი ქართული საზოგადოებისათვის, თავის ჟანრით, გამომსახველობითი ფორმებით, აქ არის ძალიან საინტერესო აქტიორული ანსამბლი. ფილმი კომედიური ჟანრისაა და აქედან გამომდინარე, იქნება ბევრი იუმორი, რაც ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად აკლია და სჭირდება კიდეც. რაც მთავარია, გაჩერებას არ ვაპირებთ. გპირდებით, რომ მომავალშიც შემოგთავაზებთ სიურპრიზებსა და ახალ ფილმებს.

ზუმბა, ზაზა კორინთელი: მე მგონი, საკმაოდ წარმატებული და საინტერესო ფილმი იქნება. თანაც დიდ ხანია კარგი, ქართული, კომედია არ გადაღებულა, ეს ფილმი ამაღლებულ განწყობას შეუქმნის მაყურებელს, რაღაც განსხვავებული, სხვანაირი ფილმია, თავისი აბსურდული გადახრებით... რაც შეეხება მუსიკას, სპეციალურად ამ ფილმისთვის დავწერე, ჯერ ისევ მიმდინარეობს მუშაობა, რამდენიმე ვარიანტი გვაქვს გაკეთებული, როცა ფილმი მზად იქნება, ყველა ერთად ვნახავთ, როგორი გამოვა, ვფიქრობ მოწონებას ნამდვილად დაიმსახურებს.


თეო ტაბატაძე
საქართველო XXI საუკუნე

1 комментарий:

natalia комментирует...

ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ამ ფილმს. ძაან დამაინტერესდა