გელით facebook–ზე

28.12.2012

ქართული „ტოლერანტობა“ და სამართალდამცავების პასუხი

ერთი კონკრეტული ამბის გამო ზოგადი მსჯელობა შეიძლება მთლად მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ როგორ უნდა მოიქცე იმ შემთხვევაში, როცა მსგავსი ამბების შესახებ არაერთხელ გსმენია ან წაგიკითხავს თუნდაც სოციალურ მედიაში...

ინდოეთში მცხოვრებ ჩემს ქართველ მეგობარ გოგონასთან ინტერნეტით საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვლაპარაკობდით.  საუბრის თემა ამნისტიის კანონი იყო და ჩემს მეგობარს დეტალები აინტერესებდა. როგორც აღმოჩნდა, არც თუ უმიზეზოდ. მას ინდოელი მეუღლე ჰყავს და შემოდგომით ორივენი თბილისში იყვნენ. აღმაშენებლის გამზირზე ჩემი მეგობრის მეუღლეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ეცა და ეგრევე დახრჩობა დაუწყო, ყვირილით „შენ ვინ ხარო....“. რის ვაივაგლახით ქალმა პატრულში დარეკა და პოლიციაც მივიდა შემთხვევის ადგილზე.

როდესაც ქალმა პოლიციას აუხსნა, რომ მის მეუღლეს ეს ნასვამი კაცი ახრჩობდა, პოლიციამ მას განუცხადა, რომ სამწუხაროდ ამ მამაკაცს ვერ დაიჭერდა, რადგან ეს პატრულის კომპეტენციაში არ შედიოდა.

ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ქართველი მეგობარი და მისი ინდოელი მეუღლე ინდოეთში გაემგზავრნენ და ახლა იქიდან ადევნებენ მოვლენებს თვალყურს. მამაკაცს საქართველოში ჩამოსვლის უკვე ეშინია, ხოლო მისი ქართველი მეუღლე მეუბნება, რომ ამ ახალ კანონზე ქმარს ვერაფერს ეტყვის, რადგან ისედაც დაშინებულია იმ ამბის შემდეგ...

სასწაული ტოლერანტები ვართ ქართველები და სამართალდამცავებიც რარიგ სრულყოფილად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, გაოცებული ვარ. ვის აქვს გარანტია, რომ ის თავდამსხმელი კვლავ არ გამოტყვრება და ამ საახალწლოდ თბილისს მოძალებულ უცხოელ სტუმრებს დასახრჩობად (როგორც მინიმუმ) არ გაეკიდება?...

18.12.2012

რუშდის „შუაღამის შვილების“ ეკრანიზაცია ინდოეთში ცენზურის გარეშე გამოვა


სალმან რუშდის რომანის „შუაღამის შვილების“ ეკრანიზაცია, რომელშიც ინდირა განდის პოლიტიკაა გაკრიტიკებული, ინდოელ ცენზორებს არ შეუკვეციათ და მწერლის სამშობლოში 2013 წლის დასაწყისში გამოვა ეკრანებზე, – ამის შესახებ ორშაბათს განაცხადა The Hollywood reporter–მა ფილმის რეჟისორის დიპა მეჰტას სიტყვებზე დაყრდნობით.



რეჟისორმა სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ ფილმმა ინდოელი ცენზორები გაიარა და მათ სურათიდან არცერთი კადრი არ ამოჭრეს. „სალმან რუშდი და მე აღფრთოვანებულები ვართ“ – დაწერა რეჟისორმა ტვიტერში საკუთარ გვერდზე.

ინდოეთში სიქჰების კულტურის მამაკაცური კონკურსი ჩატარდა

საერთაშორისო კონკურსის მისტერ სინგჰი „თურბანის სიამაყე“ ფინალისტებმა საკუთარი შესაძლებლობები აჩვენეს მაყურებელს ყოველწლიური კონკურსის გრანდიოზულ ფინალზე. წელს სიქჰების კულტურული ელჩის წოდებისთვის გამართულ კონკურსზე გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა მონაწილეებს შორის. ამ წოდებისთვის სულ 26 ფინალისტი იბრძოდა სიქჰების წმინდა ქალაქ ამრისტასრში, ინდოეთი.

კონკურსს საფუძველი 2006 წელს ჩაეყარა და მისი მიზანია სტერეოტიპების წინაარმდეგ ბრძოლა და სიქჰების კულტურისა და ტრადიციების განვითარება. წელს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდა სიქჰები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, მავრიკიდან და ავსტრალიიდან. ფინალი ოთხ რაუნდად ჩატარდა და თითოეულ რაუნდში მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხეულის აგებულებაში, ტრადიციული სამოსით გამოსვლაში, სამეფო ტანისამოსის მოხდენაში და ნიჭიერებაში.



12.12.2012

რავი შანკარი გარდაიცვალა


კალიფორნიის ქალაქ სან–დიეგოში სახელოვანი და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ინდოელი მუსიკოსი რავი შანკარი გარდაიცვალა. სიტარისტი მაესტრო 92 წლის იყო...

მუსიკოსი სან–დიეგოს საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც მისთვის ახალი ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ. თუმცა სააგენტოები იტყობინებიან, რომ 6 დეკემბერს მას უკვე ერთი ოპერაცია გაუკეთეს.  გარდაცვალების მიზეზები არ სახელდება, მაგრამ როგორც ნათესავები ამბობენ, ბოლო წლებში რავი შანკარს „ჯანმრთელობა დაუსუსტდა“.

რავი შაკარი დაიბადა 1920 წელს ინდოეთის ქალაქ ვარანასიში. 1950–იან წლებში მან ინდოეთის ფარგლებს გარეთაც დაიწყო გამოსვლები, 1969 წელს კი ვუდსტოკშიც უკრავდა. მუსიკოსი სამჯერ გახდა „გრემის“ პრემიის მფლობელი.

შანკარმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დასავლელ მუსიკოსებზე, მათ შორის The Beatles–ზეც. სწორედ მან შეასწავლა ჯორჯ ჰარისონს სიტარაზე დაკვრა. გარდა ამისა, შანკარი ასევე გამოდიოდა კონცერტებზე ამერიკელ მევიოლინესთან იეჰუდა მენუხინთან ერთად.

რავი შანკარის ორი ქალიშვილი – ანუშკა შანკარი და ნორა ჯონსი ასევე მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები არიან.

05.12.2012

ინდოეთმა ვიზებს შორის ორთვიანი ვადის გასვლის აუცილებლობა გააუქმა


ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ შეცვალა ინდოეთმა საკუთარი სავიზო წესები. წლის დასაწყისში შემოღებული იქნა შეზღუდვები ტურისტული ვიზების აღების თარიღებს შორის 60–დღიანი პერიოდის აუცილებელი გასვლის შესახებ. ეს წესები ამჯერად გააუქმეს.

წინა წესების თანახმად ორჯერადი ან მრავალჯერადი ტურისტული ვიზის  აღების შემთხვევაში ქვეყანაში ყოველი შესვლა უნდა მომხდარიყო წინა შესვლიდან არანაკლებ 2 თვის გასვლის შემდეგ. ერთი მოგზაურობის დროს მეზობელ ქვეყნებში გადასვლის შემთხვევაში, უკან ინდოეთში დასაბრუნებლად საჭირო იყო დამატებითი საკონსულო ნებართვის აღება – ამ შემთხვევაში ვიზაზე წითელი ბეჭედი ისმებოდა „2 months gap not required“. ამასთან აუცილებელი იყო მეზობელ სახელმწიფოში სამოგზაურო ბილეთების და ინდოეთში დასაბრუნებელი ბილეთების წარმოდგენა და ინდოეთში ყოფნის მარშრუტის აღნიშვნა.

ამჯერად კი, ინდოეთის სავიზო ცენტრის ინფორმაციით, ვიზებს შორის ორთვიანი პერიოდის გასვლის წესი გაუქმდა. ინდოეთის ხელისუფლება თვლის, რომ სავიზო წესების გამარტივება ხელს შეუწყობს ტურისტების უფრო მეტი რაოდენობის მოზიდვას და შესაბამისად, ქვეყნის ტურისტული სფეროს განვითარებას.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ინდოეთს დროებით წევრობა შეუჩერა


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ინდოეთს დროებით შეუჩერა ამ ორგანიზაციაში წევრობა. ამის შესახებ იტყობინება Associated Press. ამ ქვეყნის სპორტსმენები აკრძალვის მოქმედების პერიოდში ვეღარ შეძლებენ სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებშიც.

ინდოეთი დასაჯეს იმის გამო, რომ ინდოეთის ხელისუფლება შეეცადა გავლენა მოეხდინა არჩევნებზე, რომელიც ინდოეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ჩატარდება 5 დეკემბერს. არჩევნები ჯერ კიდევ 25 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გადაიდო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის გამო, რომელმაც ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების გადამეტებული ზეწოლით ახსნა.

29.11.2012

ხელშეწყობა ინვესტორებს თუ დავაი დასვიდანია?...


გუშინ დიდი ამბით გაცნობეთ სპორტის სასახლეში ინდური ნაწარმის გამოფენა–გაყიდვის გახსნის შესახებ. დილით გამოფენა ქალაქის მერმა გახსნა, სიუჟეტები თითქმის ყველა ტელევიზიაში გავიდა, და უკვე მეორე დღეა გამოფენა დამთვალიერებლების და მყიდველების რაოდენობას ნამდვილად არ უჩივის. ნებისმიერი ასაკის და სქესის მოქალაქეს შეუძლია თავისთვის საინტერესო ნივთები ნახოს და შეიძინოს კიდეც, თან კიდევ რთულია უარის თქმა ეგზოტიკაზე, რომელიც აგერ უკვე მერამდენე წელია თავისი ფეხით ჩამოდის შენთან.

გუშინვე დავწერე, რომ გამოფენის პარალელურად იქვე ფუნქციონირებს თბილისის ერთერთი ინდური რესტორნის წარმომადგენლობა, სადაც ინდური კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ. დღეს პირველი დღე იყო, როდესაც ინდური კერძები, მათ შორის უგემრიელესი სანელებლებიანი ჩაიც ჰქონდათ გაყიდვაში. მეგობართან ერთად ამ სასუსნავების დაგემოვნება გადავწყვიტე, და ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ის ფუსფუსი, რომელიც კაფეს დახლთან შეინიშნებოდა და რის გამოც ჩემმა შეკვეთამ 15 წუთი დააგვიანა. ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი კაფეს მესვეურებს რაღაც ქაღალდებზე ხელის მოწერას აიძულებდნენ...

28.11.2012

ინდური ნაწარმის მორიგი გამოფენა–გაყიდვა თბილისში (სპორტის სასახლე)


ბევრი ადამიანი ელოდა, დიდი ხანია თბილისში ინდური ნაწარმის გამოფენა–გაყიდვა აღარ ჩატარებულა და მინდა გაგახაროთ ინდოეთის მოყვარულნი, რომ თქვენი ოცნება ასრულდა. 28 ნოემბერ სპორტის სასახლეში უკვე გაიხსნა ეს გამოფენა–გაყიდვა და შეგიძლიათ ეწვიოთ დილის 10 საათიდან საღამოს 8–ის ნახევრამდე ერთი თვის განმავლობაში, ანუ 28 დეკემბრამდე. წინა გამოფენები, როგორც გახსოვთ, წერეთლის გამზირზე მდებარე საგამოფენო ცენტრში იმართებოდა, ამჯერად კი ეს ბედნიერება საბურთალოს ხვდა წილად.

წინა გამოფენებისგან განსხვავებით, ამჟამინდელ გამოფენაზე ცოტა განსხვავებული საქონელიც შეგიძლიათ ნახოთ. მათ შორის მამაკაცის ზედა ტანსაცმელი, ზამთრისთვის თბილი ტანისამოსი და წინდები, დანარჩენი კი ფაქტიურად იგივე სახის საქონელია, რაც წინა გამოფენებზე გინახავთ, მათ შორის შარფები, ქალის სამოსი, საოჯახო ნივთები, პირსახოცები, ფარდაგები, ხალიჩები და ასე შემდეგ, ფარდები და ფერადი თეთრეული, ასევე ბიჟუტერია, მარგალიტის მძივები, სხვადასხვა ქვებისგან დამზადებული საოჯახო ნივთები – ჭიქები, სადგამები და ასე შემდეგ, ერთი სიტყვით დასათვალიერებელიც ბევრია და ბევრი რამის ყიდვის სურვილიც გაგიჩნდებათ.

გამოფენის მსვლელობისას დამთვალიერებელებს და მყიდველებს ინდური სიმღერების ცოცხლად შესრულებითაც გაართობენ და იქვე ინდური სამზარეულოს დაგემოვნებასაც შეძლებთ, რადგან ლესელიძეზე მდებარე რესტორანმა „ტაჯ–მაჰალმა“ თავისი კერძების შემოთავაზება გადაწყვიტა. ვისაც სამზარეულო აინტერესებს, ალბათ ხვალიდან ან მოგვიანებით უფრო იქნება, დღეს მხოლოდ ცივი გამაგრილებელი სასმელებია.

სურათებზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ, დაახლოებით რა სახის ნაწარმის შეძენაა შესაძლებელი გამოფენაზე. სარფიან და სასიამოვნო ვაჭრობას გისურვებთ.


27.11.2012

ზაფრანა – ქაშმირის საგანძური (ფოტოგალერეა)

ქაშმირული ზაფრანა დიდად ფასობს მთელ მსოფლიოში. მისი მოყვანა ჯერ კიდევ 16–ე საუკუნეში დაიწყეს და დღემდე ქაშმირელები მთელი სამუშაოების ძირითად ნაწილს ხელით ასრულებენ. საკმარისი რაოდენობით ქაშმირული ზაფრანას მოყვანა და მოსავლის აღება არც ისე მარტივი საქმეა. ამ სათუთ მცენარეს თიხის შემცველი მიწები უყვარს, რომლებიც დრენაჟებით უნდა იყოს აღჭურვილი და ეს ყვავილი მაისიდან ნოემბრის ჩათვლით იზრდება, ხოლო ნოემბერში იღებენ პირველ მოსავალსაც. ამასთან ფასეულია მხოლოდ ყვავილის უმცირესი ზომის დინგები, რომლებსაც შემდეგ მზეზე აშრობენ.

ერთი კილოგრამი მზა პროდუქტის მისაღებად აუცილებელია დაახლოებით 170 ათასი მცენარის მოყვანა. სწორედ ამიტომაც ქაშმირული ზაფრანა მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ძვირფას სანელებლად ითვლება. იმ ერთ კილოგრამს მწარმოებლები 3500 აშშ დოლარად ჰყიდიან. ქაშმირის მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ზაფრანას და ნუშისგან დამზადებული ტრადიციული ტკბილი ჩაი, რომელსაც ქაჰვა ჰქვია. ეს ჩაი აუცილებლად უნდა გასინჯოთ, თუკი ქაშმირში მოგიწევთ გასეირნება.



პლასტიკური შესაფუთი მასალის შენახვისთვის – ციხე


The Daily Telegraph–ის ცნობით ინდოეთში აიკრძალა ნებისმიერი სახის პლასტიკური შეფუთვის გამოყენება, შენახვა, გაყიდვა და წარმოება. თუმცა ამ აკრძალვას კანონის სახე ჯერჯერობით მხოლოდ ინდოეთის ერთერთი მეგაპოლისის – დელის ტერიტორიაზე აქვს. ადგილობრივი ადმინისტრაციის ერთერთი წარმომადგენლის თქმით, ხელისუფლება დათმობაზე წასვლას და გამონაკლისების დაშვებას არ აპირებს.

პლასტიკატი მსოფლიო საზოგადოებამ უკვე შერაცხა ეკოლოგიურ კატასტროფად. ამ სინთეტიკური მასალების გამო ხდება საქალაქო კანალიზაციის დაბინძურება და ყველაფერთა ერთად ეს მასალა ბიოლოგიურ ხრწნას არ ექვემდებარება, რაც ეკოლოგიურ მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს. სასჯელის სახით დაწესებულია ჯარიმა 100 ათას რუპიამდე (დაახლოებით 2000 აშშ დოლარი) ან თავისუფლების აღკვეთა ციხეში 5 წლამდე ვადით.

აღსანიშნავია, რომ დელიში ჯერ კიდევ 2009 წელს აკრძალეს ტელი პლასტიკური პარკების გამოყენება. დღევანდელ ინიციატივას კი გაცილებით ფართო გამოყენება აქვს და იგი კრძალავს ყველანაირი პლასტიკური შეფუთვის გამოყენებას, მათ შორის ისეთი პლასტიკური შესაფუთი მასალებისაც, რომლითაც მისალოც ბარათებს და ჟურნალებს ფუთავენ. აღსანიშნავია, რომ დელიში, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც 17 მილიონს აღწევს, ყოველდღიურად 574 ტონის ოდენობით პლასტიკატის ნარჩენებს აგროვებენ.


ეს სურათი 2007 წლის ნოემბერშია გადაღებული დელიდან აგრასკენ მიმავალ გზაზე, როცა იმ მანქანას, რომელშიც მე ვიჯექი, გვერდით ჩაუქროლა მცირეგაბარიტიანმა სატვირთო მანქანამ, რომელსაც თავის ზომაზე 5–ჯერ მეტი ზომის პლასტიკის ნარჩენების გროვა გადაჰქონდა.

24.11.2012

კანის კინოფესტივალის საპატიო სტუმარი ინდოეთი იქნება


კანის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექციამ განაცხადა, რომ 2013 წლის ფესტივალის მორიგი საპატიო სტუმარი ინდოეთი იქნება. 2012 წელს მისი წინამორბედი ბრაზილია იყო, ხოლო 2011–ში – ეგვიპტე.

ეს ინფორმაცია კანის კინოფესტივალის გენერალური დელეგატის მოადგილემ კრისტიან ჟანმა გაახმოვანა ამ დღეებში გოაში მიმდინარე კინობაზარზე. გოას კინოფესტივალი ინდოეთის ეროვნული კინოს განვითარების კორპორაციის მიერაა ორგანიზებული.

კანის ფესტივალის სტუმარი ქვეყანა ნიშნავს, რომ ფესტივალი ამ ქვეყნის კინემატოგრაფს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს, ხოლო თავის კინოდარბაზებს ეროვნული კინოს გაფართოებული პროგრამისთვის გამოუყოფს. კანი მზად არის ბოლივუდის კინემატოგრაფისტების წარმომადგენლობითი დელეგაციის მისაღებად, რომ მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მსხვილი და ძლიერი კინოინდუსტრიის 100 წლისთავი ღირსეულად აღინიშნოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავარი საკონკურსო ფილმების შერჩევის სისტემაში რაიმე შეღავათები იქნება დაწესებული სტუმარი ქვეყნისთვის – ინდური ფილმები ისეთივე მკაცრ სელექციას გაივლიან, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ფილმები. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ინდური კინოინდუსტრიის რომელიმე წარმომადგენელი ჟიურის შემადგენლობაში დაპატიჟონ.

06.11.2012

ცნობილი დინასტიის წარმომადგენელმა რაჰულ განდიმ თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ განაცხადა


სონია განდის უფროსი შვილი რაჰულ განდი ბოლო წლების განმავლობაში პირველად გამოჩნდა ათეულობით ათასი მომხრის წინაშე ნიუ–დელიში გამართულ მიტინგზე. მის ამ საჯარო გამოჩენას ექსპერტები მის შესაძლო სურვილს უკავშირებენ, რომ 2014 წლის არჩევნებამდე ქვეყნის პრემიერ–მინისტრის პოსტი დაიკავოს.

42 წლის რაჰულ განდი ამჟამად ინდოეთის მმართველი პარტიის „ინდოეთის ნაციონალური კონგრესის“ გენერალური მდივანია. ცნობილი პოლიტიკური დინასტიის წარმომადგენელმა მიტინგზე პირობა დადო, რომ მომწიფებულ ეკონომიკურ რეფორფმებს გაატარებს, რათა მილიონობით ინდოელის სიღატაკეში ცხოვრებას ბოლო მოეღოს.

მოქმედ პრემიერ–მინისტრს მანმოჰან სინგს, რომელსაც ახლახანს 80 წელი შეუსრულდა, ოპოზიცია გამუდმებით ადანაშაულებს კორუფციასა და ეკონომიკის დაცემაში. ოქტომბრის ბოლოს მანმოჰან სინგჰმა მთავრობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა და განაცხადა, რომ განახლებულ მთავრობაში პოსტი შესთავაზა რაჰულ განდის, მაგრამ მან უარი განაცხადა.

სხვა სტატიები ამ თემაზე:
ქალი, რომელიც ინდოეთის სიმბოლო გახდა

ინდოეთის ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა საზოგადოებრივი საპირფარეშოებით სარგებლობას მიაჩვიოს


ინდოეთის ერთერთი უმსხვილესი შტატის რაჯასტანის ხელისუფლებამ ახალი კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის განმავლობაშიც შეეცდებიან მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტუალეტებით, იმის მაგივრად, რომ ქუჩაში დაიკმაყოფილონ თავიანთი ფიზიოლოგიური მოთხოვნები.

ამისათვის 30–მდე სოფელში მოხალისეები შეარჩიეს, რომლებიც ქუჩებში პატრულის როლს შეასრულებენ. როგორც კი ვინმე შეეცდება, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოშარდოს, მოხალისეები სტვენას. ყვირილს და დასარტყამ ინსტრუმენტებს ბრახუნს დაიწყებენ და მის მიმართ ყურადღების მიპყრობას ეცდებიან.

ბოლო დროს ინდოეთის ხელისუფლება საკმაოდ დიდ თანხებს უთმობს საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობას, რომ ქუჩები სუნისა და სიბინძურისგან დაიცვას.

01.11.2012

ინდოეთში ხეების დარგვის მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

ინდოეთის მოქალაქეებმა და ქვეყნის სტუმრებმა 100 ათასამდე ხე დარგეს ერთი საათის განმავლობაში ჰემის–გომპას ბუდისტურ მონასტერთან ინდოეთის ჩრდილოეთით, ლადაკჰის ოლქში, ჯამუსა და ქაშმირის შტატში. ეკოლოგიური აქციის ჩატარებას თვალს ადევნებდა გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენელი კიმბერლი დენისი, რომელმაც ქაშმირელი მოხალისეების მიერ მსოფლიო რეკორდის დამყარება დააფიქსირა, – იტყობინება გაზეთი Times of India.

ხეების დარგვაში 10 ათასამდე მოხალისე მონაწილეობდა. „მოვლენა ძალიან აღმაფრთოვანებელი იყო“ – ამბობდ კიმბერლი დენისი, – „ათასობით ადამიანი ცუდი ამინდის მიუხედავად ერთმანეთის გვერდით მუშაობდა მიზნის მისაღწევად. ეს ყველაფერი ისე მომაჯადოებელი იყო, რომ მეც დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ მათ მივერთებოდი“.

10.10.2012

ქალი, რომელიც ინდოეთის სიმბოლო გახდა


პოლიტიკური წარმატება ინდირა განდის სიცოცხლის ფასად დაუჯდა

ძლიერი ნებისყოფის მქონე ამ ქალბატონმა ძალაუფლების და წარმატების ფასი ნამდვილად იცოდა ისე, როგორც სხვამ არავინ. ინდირა განდიმ არა მარტო ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია, როგორც პოლიტიკოსმა, არამედ სამუდამოდ შეინარჩუნა თავისი ხალხის გულებში „სრულიად ინდოეთის დედის“ სახელი, ღვთაებასთან მიახლოებული სიმბოლო. თუმცა, იყო თუ არა ეს ძლიერი ქალი ბედნიერი, რომელსაც თითქმის ერთმანეთის მიყოლებით მოუწია ყველა მისი ახლობელი ადამიანის დაკრძალვა?

ინდირა განდი 1917 წელს დაიბადა ცნობილი ადვოკატის ჯავაჰარლალ ნერუს ოჯახში, რომელიც 30 წლის შემდეგ ინდოეთის პირველი პრემიერ–მინისტრი გახდა. ნერუს ოჯახი ინდური საზოგადოების ყველაზე მაღალ და მდიდარ კასტას მიეკუთვნებოდა, ამიტომ გოგონას ბავშვობა სიღატაკეს და შიმშილს ნამდვილად არ დაუმძიმებია. თუმცა, რელიგიურმა მშობლებმა ინდირას ასწავლეს, რომ სიმდიდრე ცხოვრებაში ყველაზე მთავარი არ არის. როცა გოგონა 4 წლის იყო, ჯერ კიდევ კოლონიალურ ინდოეთში ბრიტანელებთან შეტაკებები გამწვავდა. იმპერიის მხრიდან შევიწროების საპასუხოდ ინდოელთა დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა შემოტანილი საქონლის ყიდვაზე. ამ პოზიციას ნერუს ოჯახმაც დაუჭირა მხარი: მათ თავიანთი სასახლის ეზოში დიდი კოცონი გააჩაღეს, რომელშიც შემოტანილი ქსოვილებისგან დამზადებული ტანისამოსი და ძვირადღირებული სათამაშოები დაწვეს. პატარა ინდირას ძალიან გაუჭირდა თავის საყვარელ ფრანგულ თოჯინასთან განშორება. მაგრამ მშობლები ასწავლიდნენ, რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო და ყველა საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა – პატარა ინდირამ საკუთარი ხელით ჩააგდო ფრანგული თოჯინა კოცონში.

30.09.2012

დოლარებიანი მილიარდერები ღატაკ ქვეყნებში. ინდური „საქველმოქმედო კაპიტალიზმი“

სტატიის ორიგინალი:  Dollar Billionaires in Poor Countries: India’s "Philantrocapitalism"

გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, როცა უამრავი ადამიანი ფინანსური სირთულეების გამო იატნჯება, ქვეყნების დიდი ნაწილში დოლარებიანი მილიარდერების რაოდენობის ზრდა შეინიშნება. იმ პირების რაოდენობა, „ვისაც მნიშვნელოვანი საკუთარი კაპიტალი“ გააჩნია ინდოეთში, ბოლო წლების განმავლობაში თითქმის გაორმაგდა. ამის შესახებ საუბარია Capgemini and Merrill Lynch Wealth Management–ის ანგარიშში. 2008–2009 წლების განმავლობაში ინდოეთში 84 ათასი ასეთი მესაკუთრე იყო. 2010 წელს მათი რაოდენობა 50%–ით გაიზარდა – ეს ყველაზე დიდი ზრდაა ყველა ქვეყნებთან შედარებით.

დოლარებიანი მილიარდერების 2010 წლის სიაში  ინდოეთს მესამე ადგილი ეკავა – 69 ადამიანი, ჩინეთის (128) და აშშ–ის (403) შემდეგ. მაგრამ Forbes აღნიშნავს, რომ ინდოეთის 100 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ერთიანობაში „ღირს“ 276 მილიარდი დოლარი, ხოლო ჩინეთის 100 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება – 170 მილიარდი დოლარი. ინდოეთის სამი ყველაზე მდიდარი ადამიანი ერთდროულად აღებული ჩინეთის 24 ყველაზე მდიდარ ადამიანზე მდიდარია.

არგუმენტების საძიებლად შორს სიარული საჭირო არ იქნება: მუმბაიში 30 მდიდრული ცათამბჯენი აშენდა. მათი მაცხოვრებლებისთვის რაც უფრო მაღალია, მით უკეთესი, რადგან ეს მათ რეალურ ინდოეთს აშორებს, რომელიც იქ, დაბლა მდებარეობს – სარკინიგზო ხაზები, დაბალი სახლები, ავტომანქანების მჭიდრო ნაკადი და ქალაქის მოსახლეობის 55%, რომელიც ჯურღმულებში ცხოვრობს დღესაც. ადამიანები 2 მილიონ დოლარს იხდიან დიზაინერულ ბინაში, საკუთარი კინოთეატრით, აუზით, პროჟექტორებით განათებული საჩოგბურთო კორტით და უმაღლესი დონის დაცვის სამსახურით. ქალაქის მშენებლები ამბობენ, რომ ყოველწლიურად ქალაქში 30–40 ათასი ახალი სახლი შენდება, რომელთა კატეგორია მილიონ დოლარს აღემატება.

27.08.2012

Indian cinema uses Georgia as shooting location


Indian producers have started to use Georgia as a shooting location.

Billa 2 and Irandam Ulagam have both recently shot in the former Soviet Union country.

"To attract foreign investment to the country, the government of Georgia, along with other initiatives, decided to cooperate with Indian filmmakers," journalist Soso Khachidze told Digital Spy.

"In 2010, the minister of economy Vera Kobalia visited Mumbai, where she met with Bollywood representatives, including Aamir Khan, to invite filmmakers to shoot in Georgia."

Tamil thriller Billa 2, which released in July, was shot in Tamil Nadu, Goa and Hyderabad as well as Georgia.

Upcoming romantic drama Irandam Ulagam has been filmed in Goa, Brazil and, in a two-month schedule, at a number of locations across Georgia.

The Tamil language release was originally planned as a Telugu project. Khachidze explained that the two south Indian films had earlier been incorrectly identified as Bollywood cinema.

23.07.2012

ინდოეთში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს


გუშინ ინდოეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნებზე მიცემული ხმების დათვლა. როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნებში მმართველი კოალიციის კანდიდატმა პრანაბ მუკერჯიმ გაიმარჯვა. პრეზიდენტის თანამდებობა ინდოეთში ცერემონიალურ თანამდებობად ითვლება, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყნის წამყვანი პარტიები გავლენას კარგავენ, პრეზიდენტის თანამდებობას ბოლო დროს გაცილებით მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ეს ადრე იყო ჩვეულებრივ სიტუაციაში. თუმცა, როგორც ექსპერტები ფიქრობენ, კონსტიტუცია პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილებების გადამეტების საშუალებას არ მისცემს.

მმართველი კოალიციის წამყვანი პარტია „ინდოეთის ნაცილონალური კონგრესი“–ს ვეტერანი, 76 წლის პოლიტიკოსი პრანაბ მუკერჯი უკვე მრავალი ათეული წლის განმავლობაში პოლიტიკური ბრძოლის ეპიცენტრში იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, კონგრესი იყო ხელისუფლების სათავეში თუ ოპოზიციაში. მუკერჯის სხვადასხვა დროს ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის, თავდაცვის მინისტრის და უშუალოდ არჩევნების წინ კი ფინანსთა მინისტრის პოსტები. ითვლება, რომ ამ უწყების ხელმძღვანელი სამთავრობო იერარქიაში მეორე ადგილზე დგას პრემიერ–მინისტრის შემდეგ.

12.07.2012

ინდოეთში საქართველოში გადაღებული პირველი ინდური ფილმის პრემიერა გაიმართება

უკვე თითქმის ორი წელია, რაც საქართველოს ინდური კინემატოგრაფის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ. გაიმართა ინდური ფილმის გადაღებებიც საქართველოს სხვადასხვა ადგილებში, მთიან რეგიონებსა თუ ქალაქებში. და როგორც ჩანს პირველი ასეთი ფილმის გადაღება უკვე დასრულდა და 13 ივლისს მისი პრემიერაც შედგება ინდოეთის ერთდროულად სამ დიდ ქალაქში: მუმბაიში (ბომბეი), ჩენაიში (ყოფილი მადრასი) და გოაში. ინფორმაცია პრემიერის შესახებ გაავრცელა საქართველოს საინვესტიციო სააგენტომ, რომელიც ინდურ მხარესთან თანამშრომლობს. სააგენტოს პრეს–რელიზს ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ, მანამდე კი მცირედი შენიშვნები ჩემი მხრიდან.

ძალიან კარგია, როცა უცხოურ კინოკომპანიასთან თანამშრომლობა შედგა და გარკვეული შედეგიც სახეზეა, იგივე ინვესტიციების საქართველოში დაბანდების თვალსაზრისით, მაგრამ ისევ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ინფორმაცია განგებ დამახინჯებული ფორმით გადმოიცემა, ხოლო ამ დამახინჯების მიზეზს ვერ ვხვდები. რაღაც ვარაუდები შეიძლება მქონდეს, მაგრამ კონკრეტულად რა შედეგის მომტანია, ჩემამდე არ დადის. ამ თემაზე ადრეც დავწერე და კიდევ გავიმეორებ, რომ მთელი ინდური კინოინდუსტრია ბოლივუდი არ არის მარტივი მიზეზის გამო, რომ ბოლივუდი ჰქვია მხოლოდ მუმბაიში (ყოფილი ბომბეი) განლაგებული სტუდიების ერთობლიობას და მათ მიერ შექმნილ პროდუქტს ბოლივუდური ჰქვია. ბოლივუდის გარდა არის კიდევ 8 დიდი, ხაზს გავუსვამ, უზარმაზარი (!) კინოცენტრი, რომლებიც თავის მხრივ სხვადასხვა კინოსტუდიებს აერთიანებენ.

10.07.2012

ინდოეთის ხელისუფლებამ მაჰათმა განდისთან დაკავშირებულ დოკუმენტებში 1 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა


ინდოეთის ხელისუფლებამ 60 მილიონი რუპია (1 მილიონ აშშ დოლარზე ოდნავ მეტი) გადაიხადა დოკუმენტების კოლექციაში, რომელიც რამდენიმე ათას წერილს, სხვადასხვა დოკუმენტებს და სურათებს შეიცავს, და რომელთაგან ყველა დაკავშირებულია ინდოეთის ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერთან მაჰათმა განდისთან.

არქივი გასაყიდად უნდა გაეტანათ Sotheby's აუქციონზე 10 ივლისს, მაგრამ ინდოეთის ხელისუფლება აუქციონს არ დაელოდა და ყველა დოკუმენტი იყიდა, რომლებიც ამიერიდან ინდოეთის ეროვნულ არქივში იქნება დაცული.

დოკუმენტები გერმანელი არქიტექტორის ერმან კალენბახის ოჯახს ეკუთვნოდა. კალებნახმა განდი 1904 წელს გაიცნო სამხრეთ აფრიკაში, იგი აღფრთოვანებული იყო განდის იდეებით და მას დახმარებასაც უწევდა. 1915 წელს განდი აფრიკიდან ინდოეთში დაბრუნდა, მაგრამ მეგობრები მიმმოწერას განაგრძობდნენ.

ინდოეთის ხელისუფლების აზრით, კალენბახის არქივი ექსპერტებს საშუალებას მისცემს ახალი ინფორმაცია შეიტყონ მაჰათმა განდის აფრიკაში ცხოვრების პერიოდზე.

09.06.2012

სიყვარულის ტაძარი დაბადების დღეს აღნიშნავს

ზუსტად 381 წლის წინ, 1631 წლის 7 ივნისს აგრაში – დიდი მოგოლების ინდური იმპერიის მაშინდელ დედაქალაქში ტაჯ–მაჰალის მავზოლეუმის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. მშენებლობა 22 წელს გრძელდებოდა და 1652 წელს დასრულდა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მსოფლიო არქიტექტურის ამ შედევრის პროექტის ავტორი თვით იმპერატორი შაჰ–ჯაჰანი იყო, რომელიც ყმაწვილობის ასაკიდან იყო გატაცებული არქიტექტურით და მშენებლობით.

მან  ბრძანება გასცა აეშენებინათ გრანდიოზული მავზოლეუმი, რომელიც თავის საყვარელ მეუღლეს მუმთაზ მაჰალს მიუძღვნა. მუმთაზი მშობიარობისას გარდაიცვალა.

ტაჯ–მაჰალის მშენებლობაში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ინდოელი ოსტატების გარდა მშენებლობაში მონაწილეობდნენ საუკეთესო ხუროთმოღვრები, რომლებიც სპარსეთიდან, თურქეთიდან, სამარყანდიდან და ვენეციიდან იყვნენ მიწვეულნი.

06.06.2012

ინდოეთში ადამიანებს უზარმაზარი ობობები დაესხნენ თავს, არის მსხვერპლიც


ინტერნეტში დიდი მითქმა–მოთქმაა ახლახანს ინდოეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მოვლენები რეალური ამბის ნაცვლად უფრო ფანტასტიკის ჟანრიდან ჰოლივუდის ფილმის სცენარის მიხედვით ვითარდებოდა. ასამის შტატის ქალაქ სადიაში გიგანტური ობობების ხროვა თავს დაესხა ადამიანებს, რის შედეგადაც ფეხსახსრიანთა შხამიანი ნაკბენებისგან ორი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაზარალებული საავადმყოფოებში მოათავსეს.

გაზეთ Times of India–ს ცნობით, ქალაქის ცენტრში დღესასწაულზე უამრავი ადამიანი იყო თავმოყრილი, როცა უეცრად მათ ობობების უზარმაზარი გუნდი შეესია. მოედანზე პანიკა დაიწყო და ადამიანები ერთმანეთს ჭყლეტდნენ. ორი ადამიანი შხამიანი ნაკბენებისგან გარდაიცვალა, ასეულობით ადამიანი კი დაზარალდა.

მომხდარის ადგილზე მეცნიერები გავიდნენ და რამდენიმე ობობა დაიჭირეს გამოკვლევის ჩასატარებლად. თუმცა მეცნიერებმა უკვე განაცხადეს, რომ ჯერჯერობით ვერ შეძლეს ობობების სახეობის განსაზღვრა. არახნოლოგები ასევე ვერაფერს ამბობენ იმის თაობაზე, თუ რატომ შექუჩდნენ ფეხსახსრიანები ერთად და რატომ დაესხნენ თავს ადამიანებს.

ნამდვილად რთული დასაჯერებელია, რომ ყველაფერი ასე მოხდა, მაგრამ შეგიძლიათ ინტერნეტში გადაამოწმოთ და მიხვდებით, რომ ამდენი საინფორმაციო საშუალება როცა წერს, ალბათ სიმართლეც უნდა იყოს...

30.04.2012

ინდოეთში ოქროს ფესტივალი დაიწყო


ინდოელებს, ისევე, როგორც აზიის ბევრ სხვა ხალხებს, ძალიან უყვართ ოქრო. ოქროს სიყვარულში კი ჩინელებს ნამდვილად სჯაბნიან. ხოლო ეს ორი ქვეყანა, თითოეული მილიარდზე მეტი მოსახლეობით თუ გააერთიანებს თავის ძალისხმევას, უამრავი ოქროს შესყიდვას შეძლებენ, რასაც მსოფლიო ბაზარზეც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.


საინტერესოა, რომ ორივე ქვეყანაში ძლიერია ხალხური ტრადიციები, უფრო სწორად ცრურწმენები, რომელთა გამოც ყვითელ მეტალზე მოთხოვნა წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირია. ჩინელები ოქროს შემოდგომაზე ყიდულობენ და სარვამარტოდაც იხარჯებიან.

23.04.2012

ბოლივუდის კოშმარი...


არა მარტო ინდოეთი, არამედ მთელი მსოფლიო შოკშია – ბოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი მინაკში თჰაპარი ჯერ გაიტაცეს შემდეგ კი მისი გვამი თავმოკვეთილი იპოვეს. გამტაცებლებმა მკვლელობა იმის გამო ჩაიდინეს, რომ გამოსასყიდის თანხა ეცოტავათ.

პოლიციამ მალე მიაკვლია ეჭვმიტანილებს, რომლებიც ასევე დამწყები მსახიობები აღმოჩნდნენ, რომლებიც გოგონასთან ერთად ერთ ფილმშიც კი მონაწილეობდნენ. დაკავებულებმა უკვე აღიარეს დანაშაული და სამართალდამცავებს დანაწევრებული გვამის ადგილსამყოფელიც შეატყობინეს.

05.04.2012

ინდოეთში ჩამსვლელი ტურისტებისთვის საბაჟო პროცედურები გამკაცრდა


ინდოეთის ხელისუფლება ამიერიდან უფრო მკაცრად გააკონტროლებს იმ ნივთებს, რომლებიც ტურისტებს შეაქვთ ქვეყანაში ჩასვლისას. დღეიდან ტურისტებს მოუწევთ დეკლარაციაში აღნიშნონ სატელიტური ტელეფონები, სურსათი და ფული, თუ ფულის რაოდენობა 5 ათას ამერიკულ დოლარს აღემატება.

ტურისტებს, რომლებსაც ბარგში აღმოუჩენენ ისეთ ნივთებს, როგორიცა მზესუმზირა, ძეხვი ან „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სხვა ფორმები“, შესაძლოა პატიმრობაც კი დაემუქროს. ინდოეთში ჩასვლისას ტურისტებს ჰკითხავენ მათ ბარგში ხომ არ არის მცენარეები, მცენარეთა თესლი, ხილი და ასე შემდეგ. აკრძალული ნივთების ჩამონათვალში შედის ასევე ობი და ნატურალურის ტყავისგან დამზადებული ქამრებიც კი. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სპირტიან სასმელს.

03.04.2012

ინდოეთში ორი ოჯახი ახალშობილი ბიჭუნას გამო დავობს

ინდოეთის ქალაქ ჯოხპურში ორი ადგილობრივი ოჯახი, რომლებსაც, სავარაუდოდ, სამშობიარო სახლში ახალშობილი ბიჭუნა და გოგონა აერიათ, ახლა ბიჭის გამო ერთმანეთს ედავებიან და არცერთ მათგანს არ სურს გოგონას აღიარება საკუთარ შვილად. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იტყობინება. ორივე ოჯახი სისხლის ანალიზების აღიარებაზე უარს აცხადებს და მოითხოვენ გენეტიკური ანალიზის ჩატარებას, რასაც დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.


ორივე ბავშვი 26 მარტს დაიბადა და სამშობიაროში დარჩებიან გენეტიკური ინფორმაციის დაზუსტებამდე. ინდოეთის პრესამ ოჯახებს შორის ამ ბრძოლას სახელმწიფოში გოგონების დაბალი სოციალური სტატუსის დამადასტურებელი „მწარე სიმართლე“ უკვე უწოდა...

21.03.2012

ალბინოსების ყველაზე მრავალრიცხოვანი ოჯახი


ალბინოსების ყველაზე მრავალრიცხოვანი ოჯახი ინდოეთში ცხოვრობს. ოჯახის უფროსი როზიტურაი პულანი, მისი მეუღლე მანი და ექვსივე შვილი ალბინოსები არიან. გარდა ამისა, მათი უფროსი ქალიშვილი რენუ ასევე ალბინოს სახელად როშიჰს გაჰყვა ცოლად და მათაც ალბინოსი ვაჟი ჯარამრაჯი შეეძინათ. ამგვარად სულ პულანების კლანში დღეისთვის 10 ალბინოსია.

მრავალი წლის განმავლობაში მათ დამცირებისა და დაცინვის ატანა უხდებოდათ საზოგადოებაში არსებული ცრურწმენების გამო. მაგრამ დღესდღეობით ისინი ამაყობენ თავიანთი უნიკალურობით. სულ მალე კი ოჯახი შესაძლოა გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანონ.

ინდოელი ალბინოსების ოჯახი დელის მჭიდროდდასახლებულ რაიონში ცხოვრობს ვიწრო ბინაში. ოჯახის ყოველ წევრს თეთრი თმა, ღია ფერის კანი და ცისფერი თვალები აქვს.

14.03.2012

ინდოეთში კამბოჯური ანგკორის ასლის აშენებას აპირებენ


ინდოეთში, ბიჰარის შტატში კამბოჯის ტაძრების კომპლექს ანგკორში მდებარე ერთერთი ტაძრის ასლის აგებას აპირებენ. ახალი ტაძრის სახელი იქნება Virat Angkor Wat Ram. პროექტის ავტორებმა მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღეს 16 ჰექტარის მიწის ფართობზე მდინარე განგის სანაპიროზე. ანგკორი–2–ის მშენებლობა 20 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება და მშენებლობის დასრულებას 10 წელი დასჭირდება. როგორც ვარაუდობენ, Virat Angkor Wat Ram მსოფლიოში ტაძრების კომპლექსებს შორის ერთერთი ყველაზე უმსხვილესი კომპლექსი იქნება. „ორეული“ ორიგინალზე ზომებითაც უფრო დიდი იქნება, მისი სიმაღლე 67,6 მეტრს მიაღწევს. რეგიონის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პროექტი ბიჰარის შტატში დიდი ოდენობით პილიგრიმებს და ჩვეულებრივ ტურისტებს მიიზიდავს.


22.02.2012

რუსების მიერ ოკუპირებული გოა

იმ დრომდე, ვიდრე მაისში ინდოეთში წვიმების სეზონი დაიწყება და ამ ქვეყანაში გამგზავრებას აზრი აღარ ექნება, გამალებით ვათვალიერებ, თუ რა გზებით შეიძლება უფრო მარტივად და იაფად მოხვდეს საქართველოდან ადამიანი ამ თბილ, თუ არა ცხელ გარემოში, სადაც 5–თვიანი სუსხიანი ზამთრით გაყინულ ძვლებს გავითბობდი. იმის გამო, რომ სიყვარულის უმთავრესი ტაძარი დედამიწაზე  (ტაჯ–მაჰალი) რამდენიმე წლის წინ უკვე მოვინახულე და არც მუმბაიში მაქვს რამე განსაკუთრებული საქმეები, ხოლო თოვლიანი მთების ყურება აქაც ყელში ამოვიდა, მთელი ჩემი ფიქრები გოასკენაა მიმართული, მით უმეტეს, რომ მეგობრებიც დიდი ხანია მელოდებიან და მეკითხებიან, მეღირსება თუ არა ოდესმე, რომ მათთან ჩავიდე.


რა ხდება ამ დროს გოაში? ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს რუსი ტურისტების ოკუპაციას გაუმკლავდეს. ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე ძალიან შეწუხდა ამ მდგომარეობით და თქვა, რომ გოას დაცვა სჭირდება რუსი და ისრაელელი ტურისტებისგან, რომლებმაც ამ შტატის „ოკუპაცია“ მოახდინეს, მთელი დასახლებები „დაიპყრეს“ და ყველაფერთან ერთად უკანონო სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევიან. ყველაფერში კი ზედმეტად აქტიური დასვენება იგულისხმება, რაც ალკოჰოლის გადამეტებულ მოხმარებაში და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიუღებელ სხვა სახის საქციელში გამოიხატება, მაგალითად ინდურ სალოცავებსა და ტაძრებში საცურაო კოსტუმში გამოწყობილი შესვლის სურვილში და ასე შემდეგ, მაშინ როცა ზოგ ტაძარში შესვლა არაინდოელებისთვის საერთოდ აკრძალულია.

16.02.2012

მუჯრა – ინდოელი კურტიზანი ქალების ცეკვა


მუჯრას ცეკვას ჩრდილოეთ ინდოეთის XVI – XIX საუკუნეების ძველი საზოგადოების კულტურაში გადავყავართ. ცეკვის ეს დახვეწილი სტილი იმ დროს წარმოიშვა, როდესაც ინდურმა კლასიკურმა ცეკვა კატჰაკმა მოგოლი მმართველების სასახლეებში შეაღწია და ახალი განვითარება ჰპოვა სასახლის კარზე გართობის მსურველთათვის.

მუჯრა საკვირველი ცეკვაა და დიდი მოგოლების კულტურის გამოძახილად გვევლინება. მისი ერთადერთი შინაარსი სიყვარულია, ხოლო მიზანი – ეშხიანი ცდუნება. ისტორიულად მუჯრა კურტიზანი ქალის მიერ ერთდროულად შესრულებული ვოკალური და საცეკვაო გამოსვლაა. შემსრულებლები პროფესიონალი მომღერლები იყვნენ, რომლებიც ჩრდილოეთ ინდოეთის კლასიკურ მუსიკას „ჰინდუსტანის“ ასრულებდნენ, თვითონვე იყვნენ პოეტები და თხზავდნენ ლექსებს (ურდუს ენაზე) და რა თქმა უნდა, ცეკვავდნენ კლასიკურ კატჰაკს. გოგონები საკმაოდ განათლებული და მომხიბვლელი უნდა ყოფილიყვნენ და ყველაფერი ეს ერთად აღებული ადვილად იწვევს ასოციაციას იაპონელ გეიშებთან, ბერძენ ჰეტერებთან და ინდოელ განიკებთან.

12.01.2012

ინდოელი მუსულმანები ითხოვენ, რომ სალმან რუშდი ქვეყანაში არ შეუშვან


ინდოეთის მუსულმანური თემების ლიდერებმა ქვეყნის ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს, რომ ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალს სალმან რუშდის ქვეყანაში შესვლა აუკრძალონ. ამის შესახებ BBC News იტყობინება. რუშდი ინდოეთში ჩასვლას აპირებს ლიტერატურულ ფესტივალზე, რომელიც ჯაიპურის შტატში გაიმართება.

ისლამური სემინარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მწერალს ვიზა უნდა გაუუქმოს, რადგან წარსულში „სატანური ლექსების“ ავტორმა მორწმუნეთა გრძნობები შეურაცხყო. რუშდის მეოთხე წიგნი 1988 წელს გამოიცა და ისლამური სამყარო მას მკვეთრი კრიტიკით შეხვდა. რამდენიმე ისლამურ ქვეყანაში წიგნი აკრძალეს. დიდი ბრიტანეთში წიგნის გამოცემიდან მეათე დღეს ამ წიგნის შეტანა ინდოეთშიც აკრძალეს.

07.01.2012

ლედი გაგას ინდურ ფილმში სურს მონაწილეობა


პოპ–მომღერალმა ლედი გაგამ ბოლივუდურ ფილმში გადაწყვიტა მონაწილეობა. მომღერალი ინდოეთში გასული წლის ოქტომბერში იმყოფებოდა, სადაც ამ ქვეყანაში თავისი პირველი კონცერტიც გამართა. ვიზიტის დროს ლედი გაგამ ცნობილი ინდოელი მსახიობები გაიცნო. მსახიობებმა მომღერალი დაარწმუნეს, რომ ბოლივუდის ერთერთ რომელიმე ფილმში მიიღოს მონაწილეობა.

„ახლახანს პარიზში ბოლივუდურ ფილმს ვუყურე“, – ამბობ მომღერალი – „და ჩემი ინტერესი ინდოეთის მიმართ უფრო გაიზარდა. ბოლივუდში როლის მიღება მინდა. მომწონს როგორ ცეკვავენ მსახიობები, მათი ჩაცმულობაც მომწონს“.